სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსება

კონკურსის გამოცხადების თარიღი:

22/09/2025, 18:00  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

06/10/2025, 18:00  

კონკურსის დასრულების თარიღი:

 

ხარვეზების გამოსწორების ვადა:

 

კონკურსი

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) დაფინანსება“

 

საკონკურსო პირობები

კონკურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cinemacom.ge/

 

  1. კონკურსის მიზანი

კონკურსის - „სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) დაფინანსება“ (შემდგომ - კონკურსი) მიზანია:

ა) ქართველ და უცხოელ კინორეჟისორებს შორის კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ბ) რესურსების, გამოცდილებისა შემოქმედებითი იდეების გაცვლის ხელშეწყობა;

გ) კულტურული კავშირების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობა;

დ) ქართული კინოს პოპულარიზაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ.

 

  1. კონკურსის პირობები
    1. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ფილმის წარმოების ან აუდიოვიზუალურ დარგში გამოცდილება ან/და მენეჯმენტის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება.
    2. კონკურსანტს ეროვნული კინოცენტრის წინაშე არ უნდა ჰქონდეს შეუსრულებელი მნიშვნელოვანი ვალდებულება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
    3. კონკურსანტს ამ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი ფილმის პროექტის წარდგენა.
    4. კონკურსში არ მიიღება ის პროექტი, თუკი იგი უკვე წარდგენილია/წარდგენილი იყო იმავე წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსზე და თუ მის შესახებ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება დაფინანსებაზე უარის შესახებ.
    5. პროექტები, რომლებიც არის პორნოგრაფიული ხასიათის, შეიცავს ძალადობას, დისკრიმინაციის ან სიძულვილის პროპაგანდას ან ადამიანთა ღირსების შელახვას, ან სხვაგვარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არ განიხილება.
    6. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული.
    7. ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 2 168 135 (ორი მილიონ ასსამოცდარვა ათას ასოცდათხუთმეტი) ლარს.
    8. ამ კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა არის 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.
    9. საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მაქსიმუმ 2 (ორი) პროექტს.
    10. კონკურსის ფარგლებში გაცემული თანხა შესაძლებელია დაიხარჯოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების ჰონორარებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფილმის შექმნის პროცესში. ფილმის პროექტის დელეგატმა პროდიუსერმა უნდა დახარჯოს პროდიუსერის მიერ ეროვნული კინოცენტრიდან მიღებულ დაფინანსებაზე არანაკლებ 20%-ით მეტი თანხა საქართველოს ტერიტორიაზე, ან საქართველოს იმ მოქალაქეების ჰონორარებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფილმის შექმნის პროცესში.
    11. კონკურსში მიიღება მხოლოდ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი, რომლის ქრონომეტრაჟი აღემატება 70 წუთს.
    12. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტს, რომლის თითოეულ უცხოელ კოპროდიუსერს უკვე მოპოვებული აქვს დაფინანსება ფილმის საერთო ბიუჯეტში საკუთარი შენატანის 50%-ის ოდენობით, რაც დასტურდება საკონკურსო პირობების მე-3 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციით.
    13. კოპროდუქციის საწყისი/საბოლოო სტატუსის მინიჭების პროცედურები რეგულირდება კონვენციით და თითოეული კოპროდიუსერის მხატვრული და ტექნიკური წილის ნუსხა უნდა აკმაყოფილებდეს კონვენციით გათვალისწინებულ პირობებს.
    14. თუ ფილმის (ძირითადი) ენა არ არის ქართული, უნდა შეიქმნას მისი ქართული ვერსია დუბლიაჟის, სუბტიტრების ან სხვა ფორმით.

 

  1. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
    1. კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას:
            1.1 განაცხადი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
            1.2 განაცხადების მიღების ეტაპზე განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
            1.3 ინფორმაცია იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ;

                  1.4. ლოგლაინი;

                  1.5. ფილმის სინოფსისი;

                  1.6. პროფესიონალურად და ტექნიკურად დასრულებული ფილმის სცენარი (სცენარის ფორმატში);

                  1.7. პროდიუსერის მოტივაცია;

                  1.8. პროდიუსერის ხედვა, მათ შორის, ფილმის პროექტის დაფინანსების შესახებ;

                  1.9. რეჟისორის ხედვა;

                  1.10. რეჟისორის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები (ბმულის სახით);

                  1.11. პროდიუსერის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები (ბმულის სახით);

                  1.12. პროექტის ხარჯთაღრიცხვა (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);

                  1.13. პროექტის ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი-ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით); ;

                  1.14. საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;

                  1.15. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები, ბიოფილმოგრაფიები და საკონტაქტო ინფორმაცია;

                  1.16. შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობა და მათთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები, მათ შორის, ფილმის პროექტის ავტორებთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები პროდიუსერის მიერ ფილმთან დაკავშირებული საავტორო უფლებების კანონიერი ფლობის დადასტურების შესახებ;

                  1.17. სადისტრიბუციო სტრატეგია;

                  1.18. ტექნიკური და მხატვრული წილის ნუსხა ყველა მონაწილე ქვეყნიდან;

                  1.19. კოპროდიუსერებს შორის დადებული კოპროდუქციის კონტრაქტი (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული). ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს:

                  ა) დებულებებს კოპროდიუსერებს შორის შემოსავლებისა და ტერიტორიების განაწილების შესახებ;

                  ბ) დებულებებს, რომლის მიხედვითაც მხარეები წინასწარ ათანხმებენ ნეგატივების ან/და ციფრული ვერსიის ორიგინალის შენახვის ადგილს და გარანტიებს მის თავისუფალ ხელმისაწვდომობაზე;

                  გ) დებულებებს თითოეული კოპროდიუსერისათვის ფილმის ორიგინალისა ან/და ციფრული ვერსიის ერთობლივ მფლობელობაზე;

                  დ) დებულებებს თითოეული კოპროდიუსერისათვის კინოსურათის ორიგინალი ფირისა და სხვა მასალების ხელმისაწვდომობისა და მათი ასლების დამზადების გარანტირებული უფლების შესახებ.

  1. ამ კონკურსის ფარგლებში პროდიუსერი ვალდებულია, წარმოადგინოს ალტერნატიული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაფინანსების წყაროს მიხედვით, შემდეგი სახით:

                  ა) სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდებთან (ორგანიზაციებთან) მიმართებით – მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდის (ორგანიზაციის) წერილი, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა;

                  ბ) ტელევიზიიდან მიღებულ ინვესტიციასთან (როგორც წინასწარი გაყიდვა, ასევე ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილეობა) მიმართებით – მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან წერილი ტელევიზიიდან, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა;

                  გ) დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული ფილმის წინასწარი შესყიდვა (MG – მინიმალური გარანტია) როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო გაყიდვებისთვის – შეთანხმება ან მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა;

                  დ) პროდიუსერის შენატანთან მიმართებით – საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა;

                  ე) საპროდიუსერო კომპანიის შენატანთან მიმართებით – საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა;

                  ვ) არაფულად ინვესტიციასთან მიმართებით – იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც განხორციელდება არაფულადი ინვესტიციის სახით; განფასების ჩამონათვალი (ე.წ. price list);

                  ზ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ინვესტიციასთან მიმართებით – ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და განაღდების შესაძლებლობა.

  1. უცხოელი კოპროდიუსერის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სახელმწიფო, საერთაშორისო ფონდი (ორგანიზაცია), ტელევიზია, დისტრიბუტორი ან სხვა იურიდიული პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი ვერ მიიღებს ეროვნული კინოცენტრისაგან დაფინანსებას.
  2. იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში მონაწილე მხარე ასევე წარმოადგენს დისტრიბუტორს ან გაყიდვების აგენტს, ან იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორის ან გაყიდვების აგენტის ფუნქციას ახორციელებს ის კომპანია, რომელიც ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილე კომპანიის შვილობილი კომპანიაა, დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული წინასწარი შესყიდვა (მინიმალური გარანტია – MG) დადასტურებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საბანკო გარანტიის სახით.
  3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული, ალტერნატიული დაფინანსების თაობაზე მხარეებს შორის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი წესით გაფორმებული უნდა იყოს ეროვნულ კინოცენტრში პროექტის კონკურსში წარდგენამდე 6 თვის განმავლობაში.
  4. ამ მუხლით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს კოპროდიუსერის ხელმოწერით.
  5. საკონკურსო განაცხადი და დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონული პროგრამის cinemacom.ge საშუალებით.

 

  1. საპროექტო განაცხადის განხილვის წესი
    1. კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ, ეროვნული კინოცენტრი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტს მიეცემა 3 (სამი) სამუშაო დღე ხარვეზების აღმოსაფხვრელად. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ დააკმაყოფილებს ამ საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
    2. საკონკურსო განაცხადების მიღებისა და კომისიის მიერ განაცხადების განხილვის ეტაპზე ვრცელდება „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (განახლებული) როტერდამი, 30.I.2017“ (შემდგომ - კონვენცია), ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი და „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებით დამტკიცებული დებულებები.

 

  1. შეფასების კრიტერიუმები
    1. კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადები განიხილება საექსპერტო კომისიაში გაერთიანებული ორი დამოუკიდებელი შემადგენლობის მიერ.
    2. პირველ ეტაპზე, საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

          ა) ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება;

          ბ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება;

          გ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება;

          დ) ფილმის პროექტის პროდიუსერის, ავტორებისა და მონაწილეების (შემოქმედებითი ჯგუფი) მიერ შექმნილი ფილმების მიერ მიღებული ჯილდოები.

  1. მეორე ეტაპზე, საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა ფილმის პროექტებს განიხილავს შემდეგი კრიტერიუმებით:

          ა) ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა;

          ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა;

          გ) პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა;

          დ) პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა;

          ე) გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები);

          ვ) პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა;

          ზ) მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.).

          თ) ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას.

 

  1. კონკურსის ვადები და შედეგების გამოქვეყნება
    1. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2025 წლის 22 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონული პროგრამის cinemacom.ge საშუალებით.
    2. კონკურსის მონაწილეს კონკურსის შედეგების შესახებ ეცნობება ოფიციალურად, ელექტრონულად ან მატერიალური სახით, საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

  1. დაფინანსებისგაცემის და ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები
    1. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის წარმოება უნდა დაიწყოს პროექტის დაფინანსების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში.
    2. გამონაკლისის სახით, ფილმის წარმოების დაწყების ვადის გახანგრძლივება დასაშვებია არაუმეტეს 4 თვის ვადით, თუ პროდიუსერი ვადის გახანგრძლივების თაობაზე ეროვნულ კინოცენტრს მიმართავს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე 10 სამუშაო დღით ადრე. ფილმის წარმოების ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია, თუ არ არსებობს „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.
    3. დაფინანსების მიღებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გამარჯვებული ფილმის პროექტის პროდიუსერი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა წარმოადგინოს ფილმის პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, უცხო ენაზე არსებული დოკუმენტების შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანებიც).
    4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროექტი არ დაფინანსდება და გადაწყვეტილება დაფინანსების თაობაზე ძალას კარგავს.
    5. ხელშეკრულება ფორმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

 

  1. აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება

ფილმის დასრულების შემდეგ, ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილე თითოეულ უცხოელ კოპროდიუსერს ეკისრება ვალდებულება, ქართველ პროდიუსერს წარუდგინოს ფილმის ბიუჯეტში საკუთარ შენატანთან დაკავშირებით ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, რომელიც ქართველმა პროდიუსერმა უნდა წარადგინოს ეროვნულ კინოცენტრში, საკუთარ შენატანთან დაკავშირებით შედგენილ ლიცენზირებული აუდიტის დასკვნასთან ერთად. ფილმის ბიუჯეტში უცხოელი კოპროდიუსერის შენატანთან დაკავშირებით ლიცენზირებული აუდიტის დასკვნის წარდგენაზე ეროვნული კინოცენტრის წინაშე ქართველი პროდიუსერი პასუხისმგებელია იმავე ხარისხით, როგორც საკუთარ შენატანთან დაკავშირებით შედგენილი ლიცენზირებული აუდიტის დასკვნის წარდგენაზე.

კონკურსანტებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით, ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით:

 

მისამართი:

0105 თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №164,

ტელეფონი: 2999 200; 2999 102;

საკონტაქტო პირები:

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: 577 40 75 39;

ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

 

გიორგი ჯანყარაშვილი (წარმოება და ტექნიკური საკითხები)

ტელეფონი: 511 137 251

ელ. ფოსტა: g.jankarashvili@gnfc.ge

 

ნინო ბიგვავა (წარმოება და ტექნიკური საკითხები)

ტელეფონი: +995 551 007 504;

ელ. ფოსტა: n.bigvava@gnfc.ge

 

დავით ყურაშიძე (ტექნიკური საკითხები)

ტელეფონი: 599 07 56 60

ელ. ფოსტა: d.kurashidze@gnfc.ge

კონკურსის ეტაპები

1
პროექტების მიღება
2
კომისიის განხილვა
3
გასაუბრების პროცესი
4
კომისიის შეფასება
5
დასრულება