საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში კინოსექტორის ხელშემწყობი ძირითადი ინსტიტუტია, რომელიც 2000 წლის 5 დეკემბერს  "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” კანონის  საფუძველზე შეიქმნა. კინოცენტრი თავისი საქმიანობით განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას კინოს სფეროში და ქართული კინემატოგრაფის განვითარებისათვის,  სახელმწიფო მხარდაჭერასა და მის სწორ კოორდინაციას უზრუნველყოფს.

ფილმწარმოება

2001 წლიდან მოყოლებული ეროვნული კინოცენტრი აქტიურად განაგრძობს დასახული მიზნების შესრულებას, პირველ რიგში კი ეროვნული ფილმების წარმოებას და ფინანსურად უდგას გვერდში ქართული ფილმწარმოების სექტორს.

ქართული კინოს პოპულარიზაცია საზღვრებს გარეთ

ქართული კინოს საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციის მიზნით, კინოცენტრი ყოველწლიურად წარადგენს საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებზე. საზღვარგარეთ გამართული რეტროსპექტივებისა და კვირეულებით, ქართულ კინოს აცნობს ფართო აუდიტორიას. კინოპროფესიონალებისთვის გასცემს სამგზავრო გრანტებს და ეხმარება მათ საერთაშორისო კავშირების დამყარებაში.

კინომემკვიდრეობა

ქართული კინომემკვიდრეობის დაცვა, კინოცენტრის კიდევ ერთი მნიშნელოვანი სამუშაოა. სწორედ ამიტომ, კინოცენტრის თაოსნობით ხდება ფილმების მოძიება და მათი ციფრულად აღდგენა. ამ პროექტის ფარგლებში, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი, დაკარგულად მიჩნეული ქართული კინოშედევრის მოძიება და აღდგება მოხერხდა.

კინოგანათლება

კინოგანათლების ხელის შესაწყობად კინოცენტრი ახორციელებს სასწავლო და შემეცნებით პროექტებს, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი. გამოსცემს კინოჟურნალსა და კინოლიტერატურას.

თავისუფალი კინოპროექტების ხელშეწყობა

ჩვენს ქვეყანაში კინოს პოპულარიზაციისთვის, კინოცენტრი პერმანენტულად აცხადებს კონკურსებს, რაც კინოსთან (ფილმწარმოების გარდა) დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობას გულისხმობს. მათ შორის, კინოცენტრის დაფინანსებით ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება 11 საერთაშორისო კინოფესტივალი.

2010 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი რამდენიმე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდა:  
Eurimages – ევრიმაჟი – კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ევროპის საბჭოს ფონდი;
EFP – European Film Promotion – კინოორგანიზაციათა საერთაშორისო ქსელი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ევროპულ კინოს;
FNE – Film New Europe – მედიაპორტალი, რომელიც ფარავს საერთაშორისო კინოინდუსტრიას.

2015 წელს, საქართველო გახდა Creative Europe-ის წევრი.