წარმოების დასრულების ეტაპზე მყოფი სრულმეტრაჟიანი/მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების დაფინანსება

კონკურსის გამოცხადების თარიღი:

26/03/2024, 12:00  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

08/04/2024, 18:00  

კონკურსის დასრულების თარიღი:

 

ხარვეზების გამოსწორების ვადა:

 

კონკურსი

 

„წარმოების დასრულების ეტაპზე მყოფი სრულმეტრაჟიანი/მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების დაფინანსება“

საკონკურსო პირობები

 

 

 

 

  1. კონკურსის მიზანი

კონკურსის - „წარმოების დასრულების ეტაპზე მყოფი სრულმეტრაჟიანი/მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების დაფინანსება“ (შემდგომ - კონკურსი) მიზანია:

ა) დაუსრულებელი ფილმების ავტორთა ფინანსური ხელშეწყობა;

ბ) როგორც გადაღების, ისე წარმოების შემდგომ (ე. წ. პოსტპროდაქშენი) ეტაპზე ფინანსური დახმარების გაწევის გზით კინემატოგრაფიული ნაწარმოებების შექმნის მხარდაჭერა.

 

  1. კონკურსის პირობები
  1. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ფილმის წარმოების ან აუდიოვიზუალურ დარგში გამოცდილება ან/და მენეჯმენტის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება.
  1. კონკურსანტს ეროვნული კინოცენტრის წინაშე არ უნდა ჰქონდეს შეუსრულებელი მნიშვნელოვანი ვალდებულება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
  1. კონკურსანტს ამ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი ფილმის პროექტის წარმოდგენა.
  1. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
  1. საკონკურსო ფილმის პროექტი შესაძლებელია, იყოს როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ქართული პროდუქცია, ასევე, ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოება მნიშვნელოვანი ქართული შემოქმედებითი ჩართულობით.
  1. კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები იმ ფილმის წარმოების დასრულების დაფინანსების მიზნით, რომლის უმეტესი ნაწილიც გადაღებულია, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა მოცემული პროექტი წარსულში ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული.
  1. სრულმეტრაჟიანი/მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ორიგინალი მასალა გადაღებული უნდა იყოს შემდეგ ფორმატში:

ა) დოკუმენტური ფილმი - არანაკლებ Full HD ფორმატისა; ბ) მხატვრული ფილმი - არანაკლებ 2K ფორმატისა;

გ) ანიმაციური ფილმი - არანაკლებ 2K ფორმატისა.

  1. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომლის გადაღებების მინიმუმ

80% დასრულებულია.

  1. ფილმის პროექტს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია მიღებული ჰქონდეს კერძო ან სახელმწიფო დაფინანსება.
  1. ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს

800 000 ლარს.

  1. ამ კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა

300 000 ლარი.

  1. საკონკურსო პირობებით  განსაზღვრული  ბიუჯეტის  ფარგლებში,  ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მინიმუმ ორ და მაქსიმუმ რვა პროექტს.
  1. ფილმის პროექტების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ავლენენ საინტერესო მხატვრულ ხედვას, ორიგინალურობას და კულტურული გავლენის პოტენციალს.

 

  1. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
  1. კონკურსის ფარგლებში  წარსადგენი  საკონკურსო  განაცხადი  უნდა  შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას:

ა) ფილმის სინოფსისი;

ბ) ფილმის სცენარი;

გ) პროდიუსერის ხედვა, მათ შორის, ფილმის პროექტის დაფინანსების შესახებ;

დ) რეჟისორის ხედვა;

ე) რეჟისორის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები;

ვ) პროდიუსერის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები;

ზ) პროექტის ხარჯთაღრიცხვა;

თ) შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობა და მათთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები, მათ შორის, ფილმის პროექტის ავტორებთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები პროდიუსერის მიერ ფილმთან დაკავშირებული საავტორო უფლებების კანონიერი ფლობის დადასტურების შესახებ;

ი) სადისტრიბუციო სტრატეგია.

  1. კონკურსის ფარგლებში  წარსადგენ  საკონკურსო  განაცხადს  სასურველია  თან ახლდეს თიზერი ან მცირე სცენა.
  1. საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ფილმის ჩაბარების კონკრეტული ვადის თაობაზე.
  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

  1. საპროექტო განაცხადის განხილვის წესი
  1. კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ, ეროვნული კინოცენტრი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტს მიეცემა 3 (სამი) სამუშაო დღე ხარვეზების აღმოსაფხვრელად. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ დააკმაყოფილებს ამ საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
  1. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დაცვით მიღებული საკონკურსო განაცხადები განიხილება „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის

№05/36 ბრძანებით დამტკიცებული დებულებების შესაბამისად.

 

  1. შეფასების კრიტერიუმები

კონკურსის  ფარგლებში  წარდგენილი  განაცხადები  განიხილება  საექსპერტო კომისიაში გაერთიანებული ორი დამოუკიდებელი შემადგენლობის მიერ.

  1. პირველ ეტაპზე, საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება;

ბ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება;

გ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება;

დ) ფილმის პროექტის პროდიუსერის, ავტორებისა და მონაწილეების (შემოქმედებითი ჯგუფი) მიერ შექმნილი ფილმების მიერ მიღებული ჯილდოები.

 

  1. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა ფილმის პროექტებს იხილავს შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა; ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა;

გ) პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა;

დ) პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა;

ე) გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები);

ვ) პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა;

ზ) მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.).

თ) ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას.

 

 

  1. კონკურსის ვადები და შედეგების გამოქვეყნება
  1. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2024 წლის 26 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - documents@gnfc.ge.
  1. კონკურსის მონაწილეს კონკურსის შედეგების შესახებ ეცნობება ოფიციალურად, ელექტრონულად ან მატერიალური სახით, საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

  1. დაფინანსების გაცემის და ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები
  1. დაფინანსების მიღებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გამარჯვებული პროექტის პროდიუსერი ვალდებულია, კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, წარმოადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები, უცხო ენაზე არსებული დოკუმენტების შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანები), კო-პროდუქციის შემთხვევაში - „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპული კონვენციით“ ან ორმხრივი შეთანხმებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროექტი არ დაფინანსდება და გადაწყვეტილება დაფინანსების თაობაზე ძალას კარგავს.
  1. ხელშეკრულება ფორმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.
  1. დასრულებული ფილმის ეროვნული კინოცენტრისათვის ჩაბარება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2024 წლის 1 ნოემბრისა.

 

  1. აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება

პროდიუსერი ვალდებულია, ფილმის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში, წარმოადგინოს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, როგორც ეროვნული კინოცენტრისგან (ეტაპების მიხედვით), ისე სხვა წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებაზე.

კონკურსანტებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით, ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით:

 

მისამართი:

0105 თბილისი, სანაპიროს ქუჩა 4,

ტელეფონი: 2999 200; 2999 102;

 

 

საკონტაქტო პირები:

 

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები) ტელეფონი: 577 40 75 39;

ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

 

 

გიორგი ჯანყარაშვილი (წარმოება და ტექნიკური საკითხები) ტელეფონი: 511 137 251

ელ. ფოსტა: g.jankarashvili@gnfc.ge

 

 

 

 

დავით ყურაშიძე (ტექნიკური საკითხები) ტელეფონი: 599 07 56 60

ელ. ფოსტა: d.kurashidze@gnfc.ge

კონკურსის ეტაპები

1
პროექტების მიღება
2
კომისიის განხილვა
3
გასაუბრების პროცესი
4
კომისიის შეფასება
5
დასრულება

დოკუმენტები