ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალი

ადგილი: ბათუმი, აჭარა

დრო: სექტემბერი

ლინკი: http://www.biaff.org/

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი პირველად 2006 წელს ჩატარდა. მისი მთავარი საკონკურსო პროგრამა საავტორო, არტ ჰაუს კინოზეა ორიენტირებული და პირველივე გამოშვებაზე, ფესტივალი შთამბეჭდავი პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამებთან ერთად, ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სექციებს სთავაზობს. სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია” აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს ნახოს ცნობილ რეჟისორთა ბოლო პერიოდის ფილმები, ხოლო პროგრამაში „რეტროსპექტივა“, კინოფესტივალი საავტორო კინოს გამორჩეულ ფილმებს უჩვენებს. სხვადასხვა დროს, ამ სექციაში მაყურებელმა ნახა: ანჟეი ვაიდას, კშიშტოფ კიშლოვსკის, ერიკ რომერის, აბას კიაროსტამის, ზბიგჩევ რიბჩინსკის და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმები. სხვადასხვა დროს, ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იყვნენ: ბელა ტარი, კრისტოფ ზანუსი, პაველ პავლიკოვსკი, აბას კიაროსტამი, მიხეილ კობახიძე, ნინო კირთაძე და სხვა ცნობილი კინემატოგრაფისტები.

ბათუმის კინოფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს ინდუსტრიულ პლატფორმას და ამისათვის, ყოველწლიურად ატარებს „ალტერნატიულ ტალღას“. პლატფორმა ქართველ კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს პროფესიული მხარდაჭერა მიიღონ საერთაშორისო ექსპერტებისგან და საკუთარი პროექტები განავითარონ. სცენარის განვითარება, დაფინანსების სტრატეგია, საერთაშორისო ფონდები, გაყიდვები და კოპროდუქცია - ეს არის იმ მიმართულებების მოკლე ჩამონათვალი, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ორგანიზატორია “ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი”. ხოლო ინდუსტრიულ პლატფორმას “ალტერნატიული ტალღა“ კოორდინაციას უწევენ პროდიუსერი ლაშა ხალვაში და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი.