თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

ადგილი: თბილისი

დრო: დეკემბერი

ბმული: https://www.tbilisifilmfestival.ge/

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, რომელსაც მისი ერთგული მაყურებელი, ყოველი წლის დეკემბერში ელის.

კინოფესტივალი პირველად 2000 წელს, ხელოვნების ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ჩატარდა. თუმცა, სულ რაღაც 2 წელიწადში, როდესაც “საჩუქარს” დახურვის საფრთხე დაემუქრა, რამდენიმე თანამოაზრემ (გაგა ჩხეიძე, ნინო ანჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, დავით ბუხრიკიძე, ბესიკ დანელია, გუგა კოტეტიშვილი, გაგა ლომიძე, გიორგი ყაჯრიშვილი) კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” დააარსა. ცენტრის ერთ-ერთი მიზანი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება და მისი განვითარება იყო. 2002 წელს, კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” კინოფესტივალი დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.

დროთა განმავლობაში “პრომეთემ” თავისი საქმიანობით სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაც შეძლო. 2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კერძო სპონსორებთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა და მომდევნო წლებში, კინოცენტრს თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.

კინოფესტივალის მთავარი მიზანია მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

პროფესიული შეხვედრები, უორქშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება ფესტივალის ფარგლებში, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს. ფესტივალის მესვეურები კი ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ფესტივალს სამხრეთ კავკასიაში რეჟისორების, პროდიუსერების, გაყიდვების აგენტებისა და დისტრიბუტორების თავშეყრის ცენტრალურ ადგილად აქცევს.

ფესტივალი, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც ევროპული კინოს ფესტივალი, ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა „ევროპული კინოს ფორუმი”, სადაც ბოლო ორი წლის საუკეთესო ევროპული ფილმებია წარმოდგენილი. აქვეა “ჰორიზონტები” - რომელშიც მაყურებელს ბოლო პერიოდის საუკეთესო აზიური, აფრიკული და ამერიკული ფილმების ნახვა შეუძლია.

რა თქმა უნდა, ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთავარი საკონკურსო პროგრამა, რომელშიც ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებია წარმოდგენილი.

“ქართული პანორამა” - ასევე გამორჩეული სექციაა. აქ ახალი ქართული მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებია წარმოდგენილი. ამ პროგრამამ, ბევრ ნიჭიერ ქართველ კინემატოგრაფისტს გაუხსნა გზა მსოფლიო ასპარეზისკენ.

„დამზადებულია გერმანიაში“ - ამ სექციას ფესტივალი 2005 წლიდან, თავის ერთგულ პარტნიორთან, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტთან ერთად წარადგენს, რომელშიც უახლესი გერმანული ფილმების ნახვა შეგიძლიათ.

ხოლო სექციაში “რეჟისორი ფოკუსში”, ფესტივალი მაყურებელს გამორჩეული რეჟისორების მცირე რეტროსპექტივას სთავაზობს ხოლმე. გასული წლების მანძილზე ამ სექციას სტუმრობდნენ: ლეოს კარაქსი, ჰიუ ჰადსონი, პიტერ გრინუეი, დენი კოტე, სერგეი ლოზნიცა, ულრიკე ოტინგერი, ბობ რაფელსონი, მაიკ ლი, ჯო რაიტი, პატრიკ კაზალსი, ჰარუტიუნ ხაჩატრიანი, მარგარეტ ფონ ტროტა, დენის კოტე, პიტერ გრინვეი, კარლოს რეიგადასი და სხვები.