“საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა” საკონკურსო დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული კინოცენტრი) კონკურსის “საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა” (შემდგომში - კონკურსი) საკონკურსო დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს. საკონკურსო დებულებასა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული „კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი და პირობები“-ს (შემდგომში - კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი და პირობები) შორის იურიდიული კოლიზიის წინააღმდეგობისა ან შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში უპირატესი იურიდიული ძალა ენიჭება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებულ „კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი და პირობები“-ს (გარდა დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა).
მუხლი 2. კონკურსის მიზნები და პრიორიტეტები
- კონკურსის მთავარი პრიორიტეტია კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს რეგიონებში და ქართული კინოს პოპულარიზაცია.
- კონკურსზე ვრცელდება „კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესისა და პირობების“ მოთხოვნები. ამ პირობებით გათვალისწინებული პროექტები უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
მუხლი 3. კონკურსის ბიუჯეტი და დაფინანსების ლიმიტები
- კონკურსის საერთო ბიუჯეტი განისაზღვრება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
- თითოეული პროექტის განხორციელებისთვის ეროვნული კინოცენტრისგან მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა იურიდიული პირის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში 8000 (რვა ათასი) ლარს.
- ეროვნული კინოცენტრის მხრიდან დაფინანსება წარმოადგენს თანადაფინანსებას, რაც გულისხმობს პროექტის ავტორის მიერ სხვა წყაროებიდან (საკუთარი ან/და პარტნიორი ორგანიზაციის სახსრებით) პროექტის ფინანსური ან/და მატერიალურ-ტექნიკური (მათ შორის, სივრცითი) უზრუნველყოფის ვალდებულებას.
მუხლი 4. მონაწილეობის უფლება (საკვალიფიკაციო მოთხოვნები)
- კონკურსში მონაწილეობის მიზნით საკონკურსო განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) წარმოდგენის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებს;
ბ) ფიზიკურ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან როგორც „გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი“, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი არ აღემატება 8 000 (რვა ათასი) ლარს.
- კონკურსანტს (პროექტის ავტორს) ეროვნული კინოცენტრის წინაშე არ უნდა ჰქონდეს შეუსრულებელი ვალდებულება, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში ან/და მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს სსიპ „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“.
- თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.
მუხლი 5. პროექტისადმი წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები
წარმოდგენილი პროექტი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პროექტი უნდა ითვალისწინებდეს წინასწარ შერჩეული ფილმების ჩვენებების გამართვას საქართველოს რეგიონ(ებ)ში, ჯამში მინიმუმ 8 (რვა) ჩვენების ორგანიზებით;
ბ) კინოჩვენებების პროგრამა უნდა შედგებოდეს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმებისგან;
გ) პროექტი უნდა მოიცავდეს ფილმის წარდგენას აუდიტორიისთვის და კინოჩვენების შემდგომ მოდერირებულ დისკუსიას ან/და შეხვედრას შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან;
დ) პროექტი უნდა ითვალისწინებდეს აუდიტორიის უკუკავშირის მექანიზმს (სპეციალური კითხვარის საშუალებით კინოჩვენებების შეფასებას).
მუხლი 6. განაცხადის წარდგენის წესი და დოკუმენტაცია
- განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში: 2026 წლის 01 სექტემბრიდან 2026 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი საერთო დოკუმენტაცია:
ა) განცხადების ფორმა (წინამდებარე დებულების დანართი №1);
ბ) შევსებული და ხელმოწერილი საკონკურსო განაცხადი (ეროვნული კინოცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული „კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი და პირობები“ - ის დანართი №2-ის შესაბამისად) და ამ განაცხადში არსებული პროექტის ბიუჯეტის/ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსია (Excel-ის ფორმატში);
გ) უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
დ) ინფორმაცია ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შესახებ და თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კინოჩვენებების პროგრამა.
- კონკურსის ფარგლებში კონკურსანტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე წარმოადგინოს დაზუსტებული განაცხადი ან და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
- საკონკურსო განაცხადები მიიღება ელექტრონულად, სსიპ საქრთველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ელ. ფოსტაზე - info@gnfc.ge.
- წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარმოდგენისას წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
- თუ განმცხადებელი იურიდიული პირია, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერი უნდა იყოს ბოლო 3 თვის მანძილზე განახლებული);
ბ) უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
დ) სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში).
- თუ განმცხადებელიფიზიკური პირია, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან „გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად“ რეგისტრაციის შესახებ;
გ) პროფესიული რეზიუმე (CV), მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების მითითებით;
დ) ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
ე) სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში).
- კონკურსანტი უფლებამოსილია შეცვალოს ან დაამატოს დოკუმენტაცია მხოლოდ განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე.
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენისას, ხარვეზის აღმოსაფხვრელად კონკურსანტს განესაზღვრება 2 სამუშაო დღე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია რჩება განუხილველი. ხარვეზის შესახებ მხარეს შეტყობინება უნდა გაეგზავნოს მის მიერ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც კი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება.
მუხლი 7. საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი
- რეგისტრირებული განაცხადების განხილვისა და შეფასების მიზნით, შესაბამისი კონკურსის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისია.
- ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია კომპლექტდება 5 წევრით, მათ შორის განისაზღვრება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (მისი არყოფნის შემთხვევაში).
- საკონკურსო კომისია კომპლექტდება ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებით. საკონკურსო კომისიაში, კონკურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, წევრის სტატუსით შესაძლებელია მონაწილეობდეს მოწვეული სპეციალისტი.
- საკონკურსო კომისიის მდივნის ფუნქციას ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
- საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის სხდომებს და მონაწილეობს კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების განხილვასა და შეფასებაში.
- საკონკურსო კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისიის მდივანი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის სხდომებისთვის საკონკურსო დოკუმენტაციისა და მასალების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის სხდომების ჩატარებას, უწევს დახმარებას კომისიის თავმჯდომარეს საქმიანობის განხორციელებისას, ატყობინებს კომისიის წევრებს სხდომების ჩატარების დროსა და ადგილს, ქმნის კომისიის წევრებისათვის შესაბამის სამუშაო პირობებს და უზრუნველყოფს მათ საჭირო მასალებითა და დოკუმენტებით;
გ) კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში საკონკურსო კომისიის წევრებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის რეგისტრირებულ საკონკურსო განაცხადებსა და შესაბამის დოკუმენტაციას;
დ) უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის სხდომების ოქმების შედგენას.
- კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებული განაცხადების განხილვასა და შეფასებას საკონკურსო კომისია ასრულებს საკონკურსო განაცხადების გადაცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 8. კომისიის წევრთა უფლებამოსილებები
- კომისიის წევრი ვალდებულია, საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული თვითაცილების საფუძვლები, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს რომელიმე განაცხადის ობიექტურად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში.
- იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრს განაცხადის განხილვისას წარმოეშობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული თვითაცილების საფუძვლები, იგი ვალდებულია ამ გარემოების შესახებ აცნობოს კომისიის წევრებს და განაცხადოს თვითაცილების თაობაზე. ამის შემდეგ პროექტი განიხილება იმ კომისიის წევრის გარეშე, რომელმაც განაცხადა თვითაცილების თაობაზე და აცილებული წევრის ნაცვლად კომისიას დაემატება ახალი წევრი.
- თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს თვითაცილების შესახებ და ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გახდება ცნობილი, მისი შეფასება მოცემული განაცხადების შესახებ არ იქნება გათვალისწინებული.
- საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
- საკონკურსო კომისიის სხდომა არის დახურული. კენჭისყრა ღიაა. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად.
მუხლი 9. ვადების ადმინისტრირება, შეფასების კრიტერიუმები, გადაწყვეტილების მიღება და კონკურსის სხვა პირობები.
- ეროვნული კინოცენტრის მიერ განაცხადების მიღების, განხილვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეს.
- საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების საფუძველზე:
ა) პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და ეროვნული კინოცენტრის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან;
ბ) პროექტის განხორციელების ფორმატი, პროექტის ინოვაციურობა;
გ) პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა);
დ) ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებით;
ე) შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება.
- ძირითად კრიტერიუმებთან ერთად, დამატებით პრიორიტეტად ჩაითვლება მსგავსი (საგანმანათლებლო/კინოჩვენებების) აქტივობების გამართვის გამოცდილება და უშუალოდ საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების/დაწესებულებების ჩართულობა.
- პროექტების შეფასების შედეგად, საკონკურსო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
ბ) პროექტის ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხით ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ;
გ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) პროექტის კორექტირების შესახებ.
- საკონკურსო კომისია დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას.
- პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისა და პროექტის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კონკურსანტს მოსთხოვოს პროექტის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული „კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი და პირობები“-ის №3 დანართით დამტკიცებული ფორმით, საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში (ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში), რაც კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის დაუცველობის ან ამ ვადაში დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი კონკურსიდან მოხსნილად ითვლება.
- საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო კომისიის ყველა წევრი.
- საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა და კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
- საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას პროექტების დაფინანსების შესახებ.
- ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამარჯვებული პროექტების ავტორებს ეცნობებათ ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით.
- კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ მანანა სურაძეს (ტელეფონის ნომერი: +995 577 55 37 02, ელ. ფოსტა: suradze@gnfc.ge).
მუხლი 10. სახელშეკრულებო ურთიერთობები და ფინანსური კონტროლი
- პროექტის დაფინანსების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, პროექტის განმახორციელებელ პირთან ფორმდება ხელშეკრულება.
- გარდა შრომის ანაზღაურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლებში თანხების ცვლილებისა, ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვაში პუნქტთაშორისი ცვლილებები დასაშვებია ხარჯთაღრიცხვის 10%-ის ფარგლებში და საჭიროებს ეროვნული კინოცენტრის ინფორმირებას ცვლილების განხორციელებამდე 2 სამუშაო დღით ადრე. ხარჯთაღრიცხვაში სხვა ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს ეროვნული კინოცენტრისგან წინასწარ წერილობითი შეთანხმების მოპოვებას შესაბამისი დასაბუთების წარდგენით. ამასთან, ეს ცვლილებები არ უნდა იწვევდეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების ზრდას. მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიწვევს მხარისათვის ფინანსური სანქციის დაკისრებას, რომლის ოდენობა შეადგენს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 2%-ს.
- იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ მოთხოვნილი ცვლილებები ითვალისწინებს ხელშეკრულებით დაფინანსებული პროექტის ფორმატის ან/და შინაარსის იმგვარ ცვლილებას, რაც არსობრივად ეწინააღმდეგება ან/და არ არის თავსებადი თავდაპირველ საკონკურსო პირობებთან, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე.
- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მხარე მეორე მხარეს მიმართავს წერილობით, რაზეც შესაბამისი პასუხი უნდა გაიცეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
- პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიში წარმოადგინოს ეროვნულ კინოცენტრში პროექტის დასრულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული „კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი და პირობები“-ის №4 დანართის შესაბამისად.
- პროექტის განმახორციელებელი პირი სრულად არის პასუხისმგებელი საჩვენებელი ფილმების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებისგან საჯარო ჩვენების ნებართვის კანონიერად მოპოვებაზე და ამ უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ანაზღაურების, ჰონორარის ან/და მოსაკრებლის გადახდაზე. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სრული მატერიალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურსანტს და ეროვნული კინოცენტრი თავისუფლდება ნებისმიერი სახის პრეტენზიისა თუ დავისგან.
- პროექტის განმახორციელებელი სრულად არის პასუხისმგებელი საავტორო უფლებების ირგვლივ ეროვნულ კინოცენტრში წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტის, წერილისა თუ თანხმობის ნამდვილობასა და უტყუარობაზე.
- პროექტის განმახორციელებელს მოთხოვნილი თანხა შესაძლებელია დაერიცხოს სრულად ან ნაწილობრივ.
- პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ადგილზე განახორციელოს პროექტის მონიტორინგი.
- პროექტის განმახორციელებელს უფლება არ აქვს, ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე, განახორციელოს პროექტის თემატური ან/და შინაარსობრივი ცვლილება, მათ შორის, იმ მოტივით, რომ მოცემული ცვლილება არ არის დაკავშირებული ხელშეკრულების თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების განხორციელებასთან. ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების განხორციელებასთან მიმართებით გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი.
- ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, პროექტის მიმდინარეობისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში (მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის ფარგლებში), მოითხოვოს ეროვნული კინოცენტრის მიერ მითითებულ ვადებში, პროექტის განმახორციელებლის მიერ, თავისი ხარჯებით, ღონისძიებების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
- ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს უკვე გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება, ან ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს უკვე გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება ისე, რომ არ გამოიყენოს მისთვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით მინიჭებული უფლება.
- მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება ამ საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე დამატებითი პირობები, ასევე სხვა ტექნიკური, პროცედურული და სამართლებრივი საკითხები, რომლებიც არ არის დეტალურად დარეგულირებული წინამდებარე დოკუმენტით.
ბრძანება
საკონკურსო დებულება
დანართი N1 - განცხადება
დანართი N2 - კინოპროექტების (წარმოების გარდა) დაფინანსების განაცხადის ფორმა
დანართი N3 - დაზუსტების ფორმა
დანართი N4 - ანგარიშის ფორმა