საქართველო კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (Marche du Film) საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მეთექვსმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც კინოცენტრის გუნდი ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს. კინოცენტრი ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, მათ შორის, შეხვედრებს გაყიდვების აგენტებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და მსოფლიოში წამყვანი კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.

პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული“ შედგება ელენე ნავერიანის ფილმის - „შაშვი შაშვი მაყვალი“ მსოფლიო პრემიერა. ფილმი თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე და ეკა ჩავლეიშვილი. „რეჟისორთა ორკვირეული“ კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელი სელექციაა, რომელიც 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიის მიერ დაარსდა. პროგრამაში ქართული ფილმის შერჩევა უდიდესი წარმატებაა ქართული კინემატოგრაფიისთვის.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, Market Screening-ზე სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლები და დისტრიბუტორები ნახავენ 2 ქართულ ფილმს: ნანა ჯანელიძის „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“. ორივე ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ინდუსტრიულ პლატფორმაზე Cannes Docs მაკა გოგალაძე წარადგენს ფილმის პროექტს „რაც თავი მახსოვს“. კიდევ ერთი ქართული პროექტი, რომელიც ამავე სექციაში მონაწილეობს არის ქეთევან ვაშაგაშვილის „ცხრათვიანი კონტრაქტი“, რომელიც დედა-შვილის ურთიერთობის განსხვავებულ პორტრეტს გვაჩვენებს. ორივე პროექტს უკვე მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება.

21 მაისს, კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება მიღება საქართველოს სახელით.