ნანა მჭედლიძის პირველი მერცხალი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხალი“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. კინოჩვენება 24 სექტემბერს შედგება სექციაში Klasikoak და მას რეჟისორის შვილი - მაგდა მჭედლიძე დაესწრება.

„პირველი მერცხალი“ ერთ-ერთი გამორჩეული და მაყურებლისთვის საყვარელი ფილმია ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავების მონაწილეობით. იგი ნანა მჭედლიძემ ფოთში 1975 წელს გადაიღო ლევან ჭელიძის სცენარის მიხედვით, რომლის შექმნაშიც თავად რეჟისორიც მონაწილეობდა. „პირველი მერცხალის“ აღდგენის პროცესი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ფილმის აღდგენილი ვერსია ქართველმა მაყურებელმა ჯერ თბილისში შემდეგ კი ფოთში უკვე იხილა. 47 წლის შემდეგ „პირველი მერცხალის“ ახალმა სიცოცხლემ და დიდ ეკრანზე დაბრუნებამ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი ფესტივალების ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება და იგი ესპანეთში 1953 წლიდან ტარდება. ამ დროის მანძილზე, სან სებასტიანში არაერთი საეტაპო ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა.