სასიყვარულო წერილი ქართულ კინოს

"სასიყვარულო წერილი ქართულ კინოს" - ალექსანდრე კობერიძის კურატორობით Lago Film Fest ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს


22-30 ივლისს, იტალიაში გაიმართება Lago Film Fest. შარშან, 2021 წელს კინოფესტივალზე შედგა რეტროსპექტივა, რომელიც ალექსანდრე კობერიძის შემოქმედებას მიეძღვნა, წელს კი რეჟისორი იტალიაში ქართული კინომემკვიდრეობის გამორჩეული ნამუშევრებით ბრუნდება, რომელიც თავად შეარჩია. პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული კინოცენტრი და ეროვნული არქივი.

რეტროსპექტივა აერთიანებს 1927-1980 წლებში გადაღებულ შემდეგ ქართულ ფილმებს:
  • "გოგი რატიანი" - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
  • "კოლხიდა" - რეჟისორი სოსო ჩხაიძე
  • "ხაბაზები" - რეჟისორი ბიძინა რაჭველიშვილი
  • "ფეოლა" - რეჟისორი ბაადურ წულაძე
  • "მეკვლე" - რეჟისორი გოდერძი ჩოხელი
აღსანიშნავია, რომ რეჟისორის ძმა - გიორგი კობერიძე, რომელმაც შექმნა მუსიკა არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?", ფესტივალს ჟიურის წევრის სტატუსით დაესწრება. მან კოლეგებთან ერთად ფესტივალზე საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის ჯილდოს მფლობელი უნდა გამოავლინოს. ამას გარდა, გიორგი კობერიძე მასტერკლასებსაც ჩაატარებს.