საქართველო ბერლინის 72-ე კინოფესტივალზე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი წელს მეჩვიდმეტედ წარადგენს.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი წელს მეჩვიდმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით.

პანდემიის გამო ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. 10-17 თებერვალს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა – European Film Market, ხოლო 10-20 თებერვალს ბერლინის კინოთეატრებში გაიმართება ფესტივალის ყველა ტრადიციული სექციის, მათ შორის საერთაშორისო კონკურსის, პანორამის, ფორუმის, რეტროსპექტივის ფილმების ჩვენება.

ევროპულ კინობაზარზე ეროვნულ კინოცენტრი წარადგენს ოთხ ქართული სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს:

  1. “სამურაი დასვენების ჟამს” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო) 13 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 3;
  2. “მშვენიერი ელენე” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი) 14 თებერვალი, 15:00 საათი, Virtual Cinema 23;
  3. “ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში (საქართველო, ლიეტუვა) 15 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 6;
  4. “ოთარის სიკვდილი” – რეჟისორი იოსებ (სოსო) ბლიაძე (საქართველო, გერმანია, ლიეტუვა) 11 თებერვალი, 11:15 საათი, Virtual Cinema 17;

ფილმების ჩვენებების გარდა, საქართველოს ვირტუალურ პავილიონში ონლაინ გაიმართება შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და კანის, მონპელიეს, კარლოვი ვარის, კოტბუსის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.

ონლაინ შეხვედრებს კინოცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება 10 ქართველი პროდიუსერი, რომელიც ბერლინის კინოფესტივალზე მონაწილეობისთვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა: ქეთი კალანდარიშვილი, ქეთი დანელია, რატი ონელი, თიკო ნადირაშვილი, თეკლა მაჭავარიანი, ვლადიმერ კაჭარავა, ელია ფარსადანიშვილი, ელენე მარგველაშვილი, დათო ისაკაძე, გიორგი მუხაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში სახელწოდებით „წიგნები ბერლინალეზე“, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების სამომავლო ეკრანიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, 10 წიგნს შორის წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი „უკმარი სინათლე“.