სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსება

კონკურსის გამოცხადების თარიღი:

07/05/2024, 12:00  

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

 

კონკურსის დასრულების თარიღი:

21/05/2024, 18:00  

ხარვეზების გამოსწორების ვადა:

 

კონკურსი

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსება“

 

საკონკურსო პირობები

 

  1. კონკურსის მიზანი

კონკურსის - „სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსება“ (შემდგომ - კონკურსი) მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსება.

 

  1. კონკურსის პირობები
    1. სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (შემდგომ - ეროვნული კინოცენტრი) საკონკურსო განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ფილმის წარმოების ან აუდიოვიზუალურ დარგში გამოცდილება ან/და მენეჯმენტის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება.
    2. კონკურსანტს ეროვნული კინოცენტრის წინაშე არ უნდა ჰქონდეს შეუსრულებელი მნიშვნელოვანი ვალდებულება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
    3. კონკურსანტს ამ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი ფილმის პროექტის წარდგენა.
    4. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
    5. ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 1 000 000 ლარს.
    6. საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მაქსიმუმ 3 პროექტს.
    7. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული კინოცენტრი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსებისას არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75%-ს.
    8. კონკურსში მიიღება მხოლოდ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი, რომლის ქრონომეტრაჟი აღემატება 52 წუთს.
    9. ამ კონკურსში არ მიიღება რეჟისორის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სადებიუტო პროექტი.

 

  1. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი

    1. კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას:

          1.1. ელექტრონული განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);

          1.2. მიმდინარე წლის განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

          1.3. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;

          1.4. ლოგლაინი;

          1.5. ფილმის სინოფსისი;

          1.6. ფილმის სცენარი;

          1.7. პროდიუსერის ხედვა, მათ შორის, ფილმის პროექტის დაფინანსების შესახებ;

          1.8. რეჟისორის ხედვა;

          1.9. რეჟისორის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები (ბმულის სახით);

          1.10. პროდიუსერის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები (ბმულის სახით);

          1.11. პროექტის ხარჯთაღრიცხვა (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);

          1.12. პროექტის ფინანსური გეგმა;

          1.13. საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;

          1.14. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები, ბიოფილმოგრაფიები და საკონტაქტო ინფორმაცია;

          1.15. შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობა და მათთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები, მათ შორის, ფილმის პროექტის ავტორებთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები პროდიუსერის მიერ ფილმთან დაკავშირებული საავტორო უფლებების კანონიერი ფლობის დადასტურების შესახებ;

          1.16. სადისტრიბუციო სტრატეგია.

  1. ამ კონკურსის ფარგლებში წარსადგენ საკონკურსო განაცხადს სასურველია თან ახლდეს თიზერი ან მცირე სცენა.
  2. ამ კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ფილმის ჩაბარების კონკრეტული ვადის თაობაზე.
  3. ამ მუხლით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.
  4. ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი დოკუმენტაციის მეილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს კონკურსის სახელწოდება და პროექტის სათაური.

 

  1. საპროექტო განაცხადის განხილვის წესი
    1. კონკურსზე დარეგისტრირების შემდეგ, ეროვნული კინოცენტრი ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს და სისწორეს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტს მიეცემა 3 (სამი) სამუშაო დღე ხარვეზების აღმოსაფხვრელად. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ დააკმაყოფილებს ამ საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
    2. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დაცვით მიღებული საკონკურსო განაცხადები განიხილება „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებით დამტკიცებული დებულებების შესაბამისად.

 

  1. შეფასების კრიტერიუმები

კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადები განიხილება საექსპერტო კომისიაში გაერთიანებული ორი დამოუკიდებელი შემადგენლობის მიერ.

  1. პირველ ეტაპზე, საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება;

ბ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება;

გ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება;

დ) ფილმის პროექტის პროდიუსერის, ავტორებისა და მონაწილეების (შემოქმედებითი ჯგუფი) მიერ შექმნილი ფილმების მიერ მიღებული ჯილდოები.

  1. მეორე ეტაპზე, საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა ფილმის პროექტებს განიხილავს შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა;

ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა;

გ) პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა;

დ) პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა;

ე) გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები);

ვ) პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა;

ზ) მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.);

თ) ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას.

 

  1. კონკურსის ვადები და შედეგების გამოქვეყნება
    1. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2024 წლის 7 მაისიდან 21 მაისის 18:00 საათის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე -documents@gnfc.ge
    2. კონკურსის მონაწილეს კონკურსის შედეგების შესახებ ეცნობება ოფიციალურად, ელექტრონულად ან მატერიალური სახით, საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

  1. დაფინანსებისგაცემის და ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები
    1. დაფინანსების მიღებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გამარჯვებული პროექტის პროდიუსერი ვალდებულია, კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან 10 თვის ვადაში, წარმოადგინოს პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
    2. ფილმის პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროებია: ფილმის პროდიუსერის/დისტრიბუტორის შენატანი; ფილმის პროდიუსერის/დისტრიბუტორის ტექნიკური შენატანი; ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები ან სუბსიდიები; სატელევიზიო ან ინტერნეტპლატფორმების ინვესტიცია; ფიზიკური ან იურიდიული პირების ინვესტიცია; დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები (MG); ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს; დაფინანსების სხვა წყაროები.
    3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროექტი არ დაფინანსდება და გადაწყვეტილება დაფინანსების თაობაზე ძალას კარგავს.
    4. ხელშეკრულება ფორმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

 

  1. აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება

პროდიუსერი ვალდებულია, ფილმის დასრულების შემდეგ, წარმოადგინოს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, როგორც ეროვნული კინოცენტრისგან (ეტაპების მიხედვით), ისე სხვა წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებაზე.

 

 

 

კონკურსანტებმა შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია, რომელიც ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით, ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან სატელეფონო კონსულტაციის გზით:

 

 

მისამართი:

0105 თბილისი, სანაპიროს ქუჩა 4,

ტელეფონი: 2999 200; 2999 102;

 

 

საკონტაქტო პირები:

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: 577 40 75 39;

ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

 

გიორგი ჯანყარაშვილი (წარმოება და ტექნიკური საკითხები)

ტელეფონი: 511 137 251

ელ. ფოსტა: g.jankarashvili@gnfc.ge

 

დავით ყურაშიძე (ტექნიკური საკითხები)

ტელეფონი: 599 07 56 60

ელ. ფოსტა: d.kurashidze@gnfc.ge

კონკურსის ეტაპები

1
პროექტების მიღება
2
კომისიის განხილვა
3
გასაუბრების პროცესი
4
კომისიის შეფასება
5
დასრულება