GNFC
სიახლე

ეროვნული კინოცენტრი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს - 29 02 2016
Slider Image

კინოცენტრისთვის ქართული დოკუმენტური კინოს განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:

  • 2014 წელს კინოცენტრის ინიციატივით პირველად ჩაერთო კერძო სექტორი - „თიბისი ბანკი" და „გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში" დოკუმენტური ფილმების წარმოებაში;
  • 2014 წელს პირველად გამოცხადდა დოკუმენტური ფილმების კოპროდუქციის კონკურსი;
  • 2015 წელს, კინოცენტრის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო მოხვდა ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფოკუსში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 21-ე საუკუნის ქართული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა ასე ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბით, გაიმართა (შედგა 15 თანამედროვე ფილმის ჩვენება და ჩატარდა 6 ქართული დოკუმენტური პროექტის წარდგენა);
  • დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე IDFA 2015 წელს, 2 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მთავარ კონკურსში მონაწილეობდა და 4 პროექტი იყო წარდგენილი, რომლებიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განვითარდა და შეიქმნა;
  • წელს პირველად ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით და ოპიოდოკთან თანამშრომლობით, EurasiaDoc კრეატიული დოკუმენტური ფილმების პროექტების მიღებას იწყებს;
  • კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით 2016 წელს:
    • დასრულდა 4 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
    • მონტაჟის პროცესშია 5 დოკუმენტური ფილმი;
    • გადაღების პროცესშია 4 დოკუმენტური ფილმი;
    • განვითარების ეტაპზეა 8 დოკუმენტური ფილმის პროექტი;
  • ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ქართველი კინოდოკუმენტალისტი ნინო კირთაძე და შტეფან ტოლცი ქართველ დოკუმენტალისტებთან ერთად პროექტების განვითარებაზე მუშაობენ;
  • ეროვნული კინოცენტრი უკვე მესამე წელია აფინანსებს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს CineDoc Tbilisi და დოკუმენტური პროექტების განვითარების პლატფორმას PitchDoc.

ეროვნული კინოცენტრი ყველა მიმართულებას განსაზღვრული სტრატეგიით უდგება. 2016 წელს კინოცენტრის ხელშეწყობით, სხვადასხვა პლატფორმაზე 12-მდე დოკუმენტური ფილმის პროექტი ვითარდება. მათ ეძლევათ ადგილობრივი და საერთაშორისო კოპროდიუსერების მოძიების საშუალება. შესაბამისად სექტემბრის თვეში გამოცხადდება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსი 2016-2017 წლებში წარმოების დასაფინანსებლად.

ეროვნული კინოცენტრი ასევე, გეგმავს 2017 წელს დოკუმენტური ფილმების დაფინანსების კონკურსის გამოცხადებას.

Facebook Share
უკან