GNFC
სიახლე

ეროვნული კინოცენტრი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად განაცხადების მიღებას იწყებს! - 24 07 2018
Slider Image

ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნული კინოცენტრი კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს. ფილმების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აგვისტო.

შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის - ზურაბ მაღალაშვილის გადაწყვეტილებით, წელს, ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევისას, კომისია ასევე განიხილავს იმ ფილმების განაცხადების მიღების შესაძლებლობას, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ არც ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.


უცვლელი რჩება დანარჩენი მოთხოვნები:

  • 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, 7 დღის ვადაში უწყვეტად უნდა იდგეს საქართველოს კინოთეატრში;
  • უნდა ჰქონდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
  • მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში (ან მიწვეული უნდა იყოს ასეთზე და მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის 30 სექტემბრამდე);
  • კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
  • შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;

პირობები

  • განაცხადში ფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება და სურვილი წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;
  • განაცხადს მწარმოებელმა უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;
  • წარმოდგენილი ფილმის ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ასევე კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;
  • განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ასევე საყურადღებოა:

  • იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7 დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2018 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე;
  • იმ შემთხვევაში, თუ ფილმს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში, მაგრამ ფილმი მიწვეულია 2018 წლის 30 სექტემბრამდე რომელიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ოფიციალური მოწვევის წერილი;
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს - დავით ვაშაძეს. (D.Vashadze@gnfc.ge)

ეროვნული კინოცენტრი გისურვებთ წარმატებებს.

Facebook Share
უკან