GNFC
სიახლე

”პრეზიდენტის” მიმოხილვა: სატირა, სასპენსი და გუსტო – ვენეციის კინოფესტივალი - 03 09 2014
Slider Image

The President review: satire, suspense and gusto - Venice film festival
მოჰსენ მაჰმალბაფის სატირა გაქცეული დესპოტი მმართველის შესახებ ეხმიანება როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე არაბული გაზაფხულის მოვლენებს. პიტერ ბრედშოუს თქმით, ესაა თამამი და ლაღი იგავი.

შესაძლოა მოჰსენ მაჰმალბაფის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებისთვისაც კი მოულოდნელი იყო რეჟისორის ბოლო ფილმი, რომელიც "ჰორიზონტის” სექციაში აჩვენეს. თუმცა, სწორედ ასე მოხდა და რეჟისორმა მოულოდნელი საჩუქარი გაგვიკეთა, რომელიც აერთიანებს სატირას, სასპენსსა და თხრობის ძველმოდურ სტილს – გუსტოს. სცენარის ავტორებმა - მაჰმალბაფმა და უკვე შემდგარმა კინემატოგრაფისტმა მარჟიე მეშკინმა - შექმნეს თამამი დრამა და ლაღი იგავი. ასეთი ფილმი შეეძლო გადაეღო მილოშ ფორმანს ორმოცი წლის წინ, თუმცა დღეს ის თანამედროვედ და მწვავედ აღიქმება. ეს ძალიან კარგი ფილმია და, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაჰმალბაფის ფილმს შეიძლება კომერციული წარმატებაც კი ხვდეს წილად.

ფილმი მოგვითხრობს უსახელო ქვეყნის ასაკოვანი დიქტატორის ისტორიას, რომელიც უბრალოდ "პრეზიდენტად” მოიხსენიება და რომელსაც ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი თამაშობს. მისი რეჟიმის სადიზმი, ცინიზმი და სისასტიკე გადატრიალების მიზეზი ხდება. მისი გროტესკულად გამოსახული ცოლი და ქალიშვილები ქვეყანას ტოვებენ, პრეზიდენტი კი მის საყვარელ შვილიშვილთან (დაჩი ორველაშვილი) ერთად რჩება. ბავშვის მშობლები რევოლუციის დროს მოკლეს. პრეზიდენტი ათამამებდა ბიჭს, რომელიც იყო მისი ინფანტილიზებული სტატუსისა და პრივილეგიებით ნებივრობის პროექცია. ისინი იპარავენ ძველ ტანსაცმელსა და გიტარას, მოხუცი და ბავშვი ინიღბებიან, როგორც ქუჩის მუსიკოსი და მოცეკვავე ბიჭი. ისინი ცხოვრობენ იმ ხალხის გვერდით, რომლებსაც ადრე ჩაგრავდნენ. მათი მპოვნელისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო იზრდება და მათ ეშინიათ, რომ აღმოაჩენენ და სასტიკად მოკლავენ ორგული სამხედროები, რომლებიც პრეზიდენტმა (აშკარად ყოფილმა არმიის ოფიცერმა) ველურებად აქცია.

მაჰმალბაფის სატირა ეხმიანება როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე არაბული გაზაფხულის მოვლენებს. მისი პრეზიდენტი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ცუდი რეპუტაციის მქონე ლიდერი, რომელსაც აშშ და დასავლეთი იყენებდნენ კომუნიზმისა და ისლამიზმის წინააღმდეგ, აშინებდნენ რა ხალხს საკუთარ ქვეყნებში და ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს. როგორც ჩანს, ფილმის ბრუტალური დასასრული შთაგონებულია სადამ ჰუსეინის დამხობით. თუმცაღა, პრეზიდენტში ვლადიმერ პუტინის ნეოსაბჭოთა თვითკმაყოფილებაც იგრძნობა. ის სამხედრო ფიტულია და კრემლის მედროვე, რომელიც შეიძლება დამკვიდრდეს აღმოსავლეთ უკრაინაში და რომლის ქედმაღლობა და არაკომპეტენტურობა სასოწარკვეთილებას იწვევს ოცდამეერთე საუკუნეშიც კი.

ცხადია, ფილმის მოქმედება არ ეხება არაბული გაზაფხულის რთულ ვითარებას. ეს არ არის მხოლოდ ძველისა და ახლის, მჩაგვრელისა და ჩაგრულის, კეთილისა და ბოროტის კონფლიქტი. აქ არის ინტერესების, სქიზმებისა და იდეოლოგიების ჭიდილი. როგორც ჩანს, ფილმი ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ ერაყსა და სირიაში განვითარებულ მოვლენებამდე. ამდენად, პრეზიდენტი ცოტა არ იყოს სქემატურია. მაგრამ ფილმში იგრძნობა ძალა, მახვილგონიერება და იმედი. პირველი სცენები, სადაც პრეზიდენტის "ზილის” სტილის ლიმუზინი ხალხითაა გარშემორტყმული, ამაღელვებელია. ვინ წარმოიდგენდა, რომ მაჰმალბაფი ასე ოსტატურად და გემოვნებიანად გადაიღებდა სათავგადასავლო ტრილერს? ვფიქრობ, პოლ გრინგრასს მოეწონებოდა ეს სცენები.

კიდევ ერთი განსხვავებული რეზონანსი იგრძნობა, როდესაც პრეზიდენტი და მისი შვილიშვილი მოგზაურობას შეუდგებიან. აქ ჩანს მეფე ლირისა და მასხარას გავლენაც, გრძელთმიანი პრეზიდენტი გარკვეულწილად ქრისტეს და ტოლსტოისეული სალოსის პაროდიაცაა. როდესაც მთავარი პერსონაჟები ინიღბებიან როგორც საფრთხობელები და მოკეცილები წვანან მუყაოს ყუთებში, ისინი ბეკეტის გმირებსაც გვანან.
კიდევ ერთი პარალელი შეიძლება გავავლოთ საშა ბარონ კოენის "დიქტატორთან”. შესაძლებელია, როგორც კოენის, ასევე მაჰმალბაფის სატირაში მარკ ტვენის "უფლისწულისა და მათხოვარის” გავლენაც იყოს.

"პრეზიდენტი” შთამბეჭდავი ფილმია და მოჰსენ მაჰმალბაფის ახლებური სტილი ერთგვარი გამოწვევაა მაყურებლის მიმართ.





Facebook Share
უკან