GNFC
სიახლე

ქართული კინო კანის 67-ე ფესტივალზე (14-25 მაისი, 2014) - 02 05 2014
Slider Image

2014 წელს კანის 67-ე კინოფესტივალზე ქართულ კინოს განსაკუთრებული ადგილი აქვს.

ელდარ შენგელაიას უკვდავი „ცისფერი მთები" სექციაში Cannes Classics 2014 საგანგებოდ იქნება ნაჩვენები, როგორც ქართული კინემატოგრაფის შედევრი. ჩვენება კანში 18 მაისს გაიმართება. ამ სექციის საპატიო სტუმარი წელს კანში სოფი ლორენია.


„ცისფერი მთების" ორიგინალი ნეგატივიდან ექსკლუზიურად აღდგენილი - ციფრული ვერსია იქნება წარმოდგენილი. (ორიგინალი „გოსფილმფონდში" ინახება.)

რესტავრაცია საგანგებოდ საფესტივალო ჩვენებისთვის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.


მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები".10 წუთიანი ქართული ფილმი 128 ქვეყნის 3450 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრიდან შეირჩა და 9 საუკეთესოს შორის მოხვდა. გამარჯვებულს ჟიურის პრეზიდენტი, ირანელი რეჟისორი - აბას კიაროსტამი გამოავლენს. ფილმის ჩვენება გაიმართება 23 მაისს.


მიშელ ჰაზანავიჩუსის „ძებნა", რომლის უდიდესი ნაწილი საქართველოშია გადაღებული და ფრანგულ-ქართული კოპროდუქციაა, კანის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. ფილმის თემა ჩეჩნეთის ომია. (სტუდია „სარკე").


ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე წელს, (14-25 მაისი) უკვე მეშვიდედ იქნება წარმოდგენილი საქართველოს პავილიონით (#105, Village International Riviera).

პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე, პირველი მოადგილე - გიორგი ხაბაშვილი და ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი - თამარ ტატიშვილი. ასევე დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი - დავით ვაშაძე და პროექტების მენეჯერი - ნინო შერვაშიძე.


ბაზრობაზე კინოცენტრის შეხვედრები, ტრადიციულად, რამდენიმე მიმართულებით გაიმართება:


  • სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმარება და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება.
  • ევროპულ რეგიონალურ კინოფონდებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.
  • ახალი ქართული ფილმების ტრეილერების გავრცელება და შეთავაზება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებისათვის.
  • საქართველოს პოზიცირება, როგორც გადასაღებად მიმზიდველი ქვეყანა.


18 მაისს, 17 : 00 საათზე, საქართველოს პავილიონში გაიმართება მიღება (Happy Hour) უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს და ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით.


კანის კინობაზრობაზე სხვადასხვა მიზნით მიემგზავრებიან ასევე ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები: თინათინ ყაჯრიშილი, ლაშა ხალვაში, მარიამ ხაჭვანი, ვოვა კაჭარავა, ნოშრე ჩხაიძე, ეკა ჯოჯუა.


Producers on the Move


European Film Promotion-ის და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, წელს, კანის ფესტივალზე, პროდიუსერთა პროგრამაში PRODUCERS ON THE MOVE ნომინირებულია ქართველი პროდიუსერი - თინათინ ყაჯრიშვილი. რეჟისორი და პროდიუსერი სექციაში წარადგენს პროექტს: „ბილეთი ერთი მიმართულებით".

ბაზრობაზე ასევე გაიმართება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „პატარძლების" ოთხი ჩვენება. (Market Screenings).

კანის ფესტივალზე "მსოფლიო პავილიონში” (Cinema du Monde) მარიამ ხაჭვანი და ვოვა კაჭარავა მონაწილეობენ პროექტით „დედე".


Producers Network


პროდიუსერებისთვის განკუთვნილ სექციაში Producers Network წელს საქართველოდან მიემგზავრებიან თბილისში გამართული მინი იავეს ტრეინინგის მონაწილეები: ნოშრე ჩხაიძე, ეკა ჯოჯუა, ლაშა ხალვაში.

კანის კინობაზრობა არის მსოფლიო კინოს ეპიცენტრი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები - ეროვნული კინოცენტრები და სხვა კინოინსტიტუციები. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიული ქსელი, გააცნონ ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები და დასახონ სამომავლო გეგმები.








Facebook Share
უკან