GNFC
სიახლე

„დედეს“ პრემიერამდე 2 დღით ადრე, ფილმის გადამღები ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება - 19 02 2018
Slider Image

მარიამ ხაჭვანის „დედე" 22 თებერვლიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის, მანამდე კი ფილმის გადამღები ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

პრესკონფერენცია 20 თებერვალს, კინოთეატრ „ამირანში", 12:30 საათზე გაიმართება და მას „დედეს" რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, 11:00 საათზე, ჟურნალისტებისთვის „დედეს" დახურული ჩვენება გაიმართება და მათ შესაძლებლობა ექნებათ პრემიერამდე 2 დღით ადრე შეაფასონ ფილმი.

„დედეს" მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა. მოგვიანებით კი ფილმს ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გამართულ Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების" ჯილდო გადასცეს და საფრანგეთში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში აჩვენეს.

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „დედე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს და მომავალი ქორწინების ჩაშლას ცდილობს. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე.

„დედე" 4 ქვეყნის კოპროდუქციაა - საქართველო, ირლანდია, ყატარი, ჰოლანდია. აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე ისიც, რომ სვანია ყველა მსახიობი.


Facebook Share
უკან