GNFC
სიახლე

ქართული პროექტი "ცარიელი სახლი" ბერლინალეს Talent Project Market-ზე მოხვდა - 15 01 2018
Slider Image

17-21 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი კოპროდუქციის ბაზრობას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც Talent Project Market 10 რჩეულ პროექტს წარადგენს.

რჩეულ პროექტებს შორის მოხვდა რატი წითელაძის და ნინო ვარსიმაშვილის ქართული პროექტი "ცარიელი სახლი".
სიუჟეტი თბილისში, 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი, 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას წარმოედგინა, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.

ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება და რომელსაც მთელი მსოფლიოდან კინოინდუსტრიის 550-ამდე წარმომადგენელი ესწრება.
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პროექტები პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს წარუდგინონ და პოტენციური პარტნიორები მოიძიონ.

"ცარიელი სახლი" ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ევრიმაჟის" პროექტის განვითარების მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა, ლოკარნოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Open Doors სპეციალური აღნიშვნის პრიზით დააჯილდოვეს, რეჟისორი რატი წითელაძე კი ამავე პროექტით კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში Cinéfondation's The Residence 2017 6 საუკეთესო რეჟისორს შორის შეარჩიეს. პროექტის სცენარი ასევე მოხვდა Sundance Screenwriters Lab-ის შორტლისტში.

ამჟამად "ცარიელი სახლი" ScripTeast-ის სცენარის განვითარების პროგრამაში მონაწილეობს.
ეროვნული კინოცენტრი პროექტის სცენარის განვითარების ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერია.
Facebook Share
უკან