GNFC
სიახლეები

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად სპეციალური კომისია შეიქმნა - 23 08 2017
Slider Image

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც კინოსექტორის ავტორიტეტული წევრებით არის დაკომპლექტებული. კომისიაში ასევე შედიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი.

კომისია სულ 9 წევრისგან შედგება:

1. კახი კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
2. ლანა ღოღობერიძე - რეჟისორი
3. კოტე ჯანდიერი - სცენარისტი
4. ოთარ შამათავა - რეჟისორი-პროდიუსერი
5. ია სუხიტაშვილი - მსახიობი
6. არჩილ ახვლედიანი - ოპერატორი
7. გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი
8. ქეთი ტრაპაიძე - კინომცოდნე
9. ზურაბ მაღალაშვილი - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი

რამდენიმე კვირის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:

  1. „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
  2. „მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)
  3. „საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე)
  4. „ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)
კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 29 და 30 აგვისტოს კინოს სახლის განახლებულ დარბაზში გაიმართება, 30 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება ოსკარზე.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.
Facebook Share
უკან