GNFC
სიახლეები

ქართული კინოს დიდი გამარჯვება - ანა ურუშაძე ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოვეს - 12 08 2017
Slider Image

ანა ურუშაძე ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის" მფლობელი გახდა.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი "საშიში დედა" ფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი გახდა.

„ოქროს ლეოპარდი" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ბოლო დროს ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუპოვებიათ.

აღსანიშნავია, რომ ანას ფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც გადაეცა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში რამდენიმე დღის წინ დიდი წარმატებით გაიმართა საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente და მსოფლიო პრესაში დადებითი შეფასებები დაიმსახურა. გამარჯვებულები კი დღეს კინოფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდებიან.

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი" და „ჯემინი") და ესტონეთის (სტუდია „Allfilms") კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.

ლოკარნოში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, რატი წითელაძეც დააჯილდოვეს. რატიმ სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტით "ცარიელი სახლი" ლოკარნოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Open Doors სპეციალური აღნიშვნის პრიზი მოიპოვა.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. იგი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების A - კლასის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან არაერთი ცნობილი და წარმატებული კინემატოგრაფისტი და ვარსკვლავი იყრის თავს.
Facebook Share
უკან