GNFC
სიახლეები

ოსკარის 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან - 02 08 2017
Slider Image


ამერიკის კინოაკადემიამ ეროვნულ კინოცენტრს მიმართა თხოვნით, შეირჩეს 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნულ კინოცენტრში კანდიდატი ფილმის შესარჩევად იწყება განაცხადების მიღება. ფილმების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 11 აგვისტო. შემოსული ფილმებიდან ერთს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისათვის გაიმართება აგვისტოში.


განიხილება ფილმები, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

o2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის ვადაში უწყვეტად უნდა იდგეს საქართველოს კინოთეატრში
oუნდა ჰქონდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი)
oმონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში (ან მიწვეული უნდა იყოს ასეთზე და მონაწილეობა მიიღოს 2017 წლის 30 სექტემბრამდე)
oკინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით
oშემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;

პირობები

განაცხადში ფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება და სურვილი წარმოადგინოს ფილმი განსახილველად.
განაცხადს მწარმოებელმა უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.
წარმოდგენილი ფილმის ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ასევე კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს.
განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმზე მომუშავე პირების სია (Credit List) ინგლისურ ენაზე, კინოცენტრის/კინოაკადემიის შემოთავაზებულ ფორმატში.
განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ასევე საყურადღებოა:

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე
იმ შემთხვევაში, თუ ფილმს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში, მაგრამ ფილმი მიწვეულია 30 სექტემბრამდე რომელიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ოფიციალური მოწვევის წერილი.

Facebook Share
უკან