GNFC
სიახლეები

„დედე“ კარლოვი ვარის ფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა - 10 07 2017
Slider Image

„დედე" კარლოვი ვარის ფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა
მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი სიყვარულსა და მთის ტრადიციებზე „დედე" კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა.
ფილმი საკონკურსო სექციაში „დასავლეთის აღმოსავლეთი" (East of the West) მონაწილეობდა.
„დედეს" ფესტივალზე თავიდანვე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და პირველივე ჩვენებას დადებითი რეცენზიები მოჰყვა. ქართველ რეჟისორთან ინტერვიუ ჩაწერა გავლენიანმა გამოცემამ „The Variety" და ფილმს მიეძღვნა არაერთი სტატია სხვადასხვა საერთაშორისო კინოპორტალზე.
ფილმი აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას, კარლოვი ვარის შემდეგ „დედე" ხორვატიის ფესტივალის კონკურსშია.
დედე
რეჟისორის თქმით, ეს არის ფილმი სვან გოგონაზე, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. „დედე" მარიამის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას" სრული ვერსიაა.
„დედე", ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე. ასრულებენ. ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა (20 Steps Production), ოპერატორი - მინდია ესაძე.
დედე 4 ქვეყნის კოპროდუქციაა - საქართველო, ირლანდია, ყატარი, ჰოლანდია.
აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე ისიც, რომ სვანია ყველა მსახიობი.
მარიამ ხაჭვანს სვანეთთან მჭირდო კავშირი აქვს. რეჟისორი უშგულშია დაბადებული. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველივე სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „დინოლამ" მას წარმატება მოუტანა, „დედე" კი რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.
მარიამ ხაჭვანი: „სვანეთი დიდი კულტურის მატარებელია. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული ტრადიციებით, მაგრამ ეს ტრადიციები ხშირად არასწორი და უარყოფითი კუთხით არის ნაჩვენები. ამიტომ, გადავწყვიტე გადამეღო ფილმი, რომელიც ასახავს ნამდვილ სვანურ ყოფას, განსხვავებულს და საინტერესოს."
„დედე" სანდენსის და კანის კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის იყო.

Facebook Share
უკან