GNFC
სიახლეები

გავლენიანი გამოცემა The Variety: “ხიბულას“ შესახებ - 07 07 2017
Slider Image


კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტვალი - "ხიბულა” - ფილმის მიმოხილვა:


"სიმინდის კუნძულის” რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის, ახალი ფილმი; ეს იმპრესიონისტული ეპიზოდი საქართველოს ისტორიიდან, ერთდროულად შემეცნებით ხასიათს ატარებს და რთული და დაძაბული მომენტებით არის სავსე.
ფილმი მოგვითხრობს არა გრძელი დღის ან ღამის მოგზაურობაზე, რომელსაც ბოლო უჩანს, არამედ გასავლელ გზაზე, სადაც დრო უსასრულოდ გრძელდება და დანიშნულების ადგილი არ არსებობს. ფილმში "ხიბულა” უჩვეულო, თავისუფალი პოეტური ხერხითაა აღწერილი ისტორიული ფაქტი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელი თვეების შესახებ მოგვითხრობს. "ხიბულა” ქართველი რეჟისორის - გიორგი ოვაშვილის შთამბეჭდავი მესამე ფილმია, რომელშიც რეჟისორი გარემოსა და ფოლკლორული ელემენტების გამოყენებით აღწერს მთავარი გმირის ბიოგრაფიულ დეტალებს, ცდილობს რა გაურკვეველ გადასახლებაში მყოფი პრეზიდენტის სულიერი და ფსიქიკური მდგომარეობის ახსნას. აკვირდება რა მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ერთი დროებითი სადგომიდან მეორე დროებით სადგომამდე გადაადგილდებას, მაყურებელი ცხადად შეიგრძნობს იმ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაუძლურებას, რომელიც თან ახლავს მუდმივ გაურკვევლობაში ყოფნას, სადაც ნებისმიერი ემოციური მდგომარეობა ნელნელა ბუნდოვანი და უფერული ხდება.
ამ გარკვეულწილად არასწორხაზოვანი, განზრახ გამეორებადი მგზავრობის სცენების გამო, შესაძლებელია ფილმ „ხიბულას", გიორგი ოვაშვილის წინა ფილმთან - „სიმინდის კუნძული" - შედარებით, საერთაშორისო დისტრიბუციის ნაკლები პერსპექტივა ერგოს წილად. (ფილმმა „სიმინდის კუნძული" - მთავარი პრიზი დაიმსახურა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე და 2014 წელს ამერიკის კინოაკადემიის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციის შორტლისტში მოხვდა). თუმცა ამ მნიშვნელოვან, ერთდროულად მკაცრ და მშვენიერ ფილმს „ხიბულას", წარმატებული საფესტივალო ცხოვრება ექნება კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური კონკურსის ფარგლებში წარმოდგენის შემდეგ. (არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ ოსკარზე წარსადგენი კანდიდატი ფილმის შერჩევისას საკუთარი არჩევანი სწორედ გიორგი ოვაშვილის ფილმზე შეაჩეროს.)
მიუხედავად ფილმის შემდგომი ბედისა, „ხიბულა" საშუალებას აძლევს საერთაშორისო მაყურებელს გაეცნოს საქართველოს პირველი, დემოკრატიულად არჩეული პოსტსაბჭოთა პრეზიდენტის - მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ხვედრს, რომლის გარდაცვალებაც ბუნდოვანებით მოცული რჩება.

ფილმი "ხბულას" შესავალი ტიტრები უფრო მეტ ისტორიულ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე თავად ფილმი: ზვიად გამსახურდია - რომლის როლსაც ფილმში ვეტერანი ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი მწუხარე მოთმინებით ასრულებს - 1991 წლის მაისში, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არჩეული პირველი პრეზიდენტია. ის პრეზიდენტად არჩევიდან რამოდენიმე თვეში, საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად იძულებული შეიქნა დაეტოვებინა ქვეყანა, ვინაიდან გადატრიალებას სამოქალაქო ომი მოჰყვა. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, სცენარის თანაავტორთან - ჰოლანდიელ დრამატურგ როლოფ იან მინებოსთან ერთად, არ აღწერს დამატებით პოლიტიკურ კონტექსტს და ნიუანსებს, რაც გულისხმობს ფილმის მთავარი გმირისადმი თანაგრძნობისა და ჩუმი კრიტიკის ერთგვარ ნაზავს. ფილმის მთვარი გმირის პოზიცია გამოკვეთილია: იგი დარწმუნებულია, რომ კვლავაც დარჩება იმ ქვეყნის პრეზიდენტად, რომელიც ახლა „მოღალატეებისა და მატყუარების ხელშია" ჩავარდნილი, თუმცა, ქვეყანაში მძვინვარე კონფლიქტის მოგვარების მისი ყოველი მორიგი წარუმატებელი მცდელობა ბადებს კითხვებს იმის თაობაზე სათანადოდ იცნობს კი იგი იმ ქვეყანას, რომელიც ესოდენ ძალიან უყვარს.
მთებში გახიზნული პრეზიდენტის მდუმარება ფილმს ამშვენებს. ფილმ „ხიბულას" ძლიერ მხარეს ქმნის სცენარის ერთგვარად ბუნდოვანი პოლიტიკური რიტორიკით გაჯერებული პასაჟების მიღმა გამოყენებული დახვეწილი სიმბოლიკა - განათების ცვლილება იქნება ეს თუ სახის გამომეტყველება - რომელიც ააშკარავებს პრეზიდენტ გამსახურდიას სულიერ მდგომარეობას, როდესაც იგი თავის ამალასთან ერთად გადაადგილდება ერთი შეხედვით წყნარ ბუნებაში, რომლის სიმშვიდესაც დროდადრო მტრის მიერ ნასროლი იარაღის ხმა არღვევს. ფილმში ერთმანეთს ანაცვლებს რეალური მდგომარეობის ამსახველი და ილუზიური სცენები, თუმცა, რელური მდგომარეობის ამსახველ სცენებშიც კი ერთგვარად გაფერმკთალებულია მკაცრი და ობიექტური რეალობა. ტყის სიღრმეში დამღლელი გადაადგილებისას, მთავარი გმირის მკაცრი ჩაცმულობა არ იცვლება, რითაც ის ხაზს უსვამს საკუთარ მყარ და უცვლელ რწმენას, რომ კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მისი დაბრუნების შესაძლებლობა უფრო და უფრო არარეალური და შორეული ხდება.
ვინ არის ის იდეალისტი თუ ღირსეული ადამიანი, რომელიც შექმნილი გარემოებების მსხვერპლად იქცა? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერც ფილმის სიუჟეტი გვაწვდის და ვერც ჰოსეინ მაჰჯუბის მიერ ესოდენ გათავისებული შესრულება. პრეზიდენტ გამსახურდიას შესახებ საზოგადოების აზრიც ორად არის გახლეჩილი, რაშიც ვრწმუნდებით იმ სოფლის ღატაკი ოჯახების რეაქციებიდან გამომდინარე, რომელთა კარსაც ყოფილი პრეზიდენტის ამალა სტუმრობს, თავშესაფრის ძიებაში. ზოგიერთი მათგანი პრეზიდენტის გულმხურვალე მომხრეა, ზოგიც - იმედგაცრუებული. ტრადიციული სიმღერები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა პრეზიდენტს უძღვნის, ერთგვარ შეუსაბამობას ქმნის ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეული პროცესების ფონზე; ფილმი, შესაძლებელია ითქვას, გადატვირთულიც კი არის ამგვარი ელემენტებით, განსაკუთრებით ფილმის მცირე ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით, თუმცა სასიამოვნო აბსტრაქტულ გადახვევებს ქმნის ფილმში გამოყენებული პროზაული სოციო-პოლიტიკური სცენებიდან.
„ხიბულას" ყველაზე მძიმე ეპიზოდებშიც კი, კინოოპერატორ ენრიკო ლუჩიდის მდიდარი, მიწის ფერებით გაჯერებული, ზოგჯერ მკვეთრი სტილით გამორჩეული, 35 მმ-იან კინოფირზე აღბეჭდილი კადრები სინათლის მუდმივ წყაროს ქმნის და ინტერესის განელებას უშლის ხელს, მიუხედავად იმისა კავკასიონის დიდებულ მწვერველებს იკვლევს თუ მთავარი გმირის დაღარული სახის არანაკლებ რთულ გამომეტყველებას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს არიუნსაიჩან დავახუს ტექსტურირებული მხატვრული ნამუშევარი. მწირი დეკორაციებით გაფორმებული, სიძველის ელფერის მქონე სახლები, რომლებსაც პრეზიდენტი გამსახურდია თავს აფარებს ფილმის განმავლობაში, დატვირთულია ამ კედლებში მაცხოვრებლების მძიმე ყოველდღიური არსებობის დეტალებით. ამ ქართველების ცხოვრება შეიძლება არ იყოს მათი დროებით შეფარებული ლიდერის ცხოვრებასავით ცვალებადი, თუმცა არანაკლები მწუხარებითაა აღსავსე.

ავტორი: გაი ლოჯი, კინოკრიტიკოსი
(Guy Lodge, Film Critic)

Facebook Share
უკან