GNFC
ფესტივალები

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი - 11 11 2016
Slider Image

2016 წლის 28 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში ოფიციალურად გაიხსნება თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი. 
ფესტივალის პროგრამას გახსნის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმი ,,როზა ლუქსემბურგი’’, რომელიც ევროპაში მოღვაწე პოლიტიკური აქტივისტის, ფილოსოფოსისა და თეორეტიკოსის როზალია ლუქსემბურგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა, ბარბარა სუკოვამ კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო დაიმსახურა.

თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი თემა წელს პოლიტიკა იქნება. აღნიშნულ თემას დაეთმობა სპეციალური სექცია: Bios Politikos, სადაც მაყურებელი 10 საინტერესო ნამუშევარს იხილავს, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე აქტუალურ ასპექტებს ეხმიანებიან. სექციის ფარგლებში მოეწყობა პანელ-დისკუსიები, რაც მოწვეულ სტუმრებსა და აუდიტორიას შორის ერთგვარ საკომუნიკაციო სივრცეს შექნის. ფესტივალის წლევანდელი ფერი, ნაცრისფერი სწორედ ამ თემის არჩევამ განაპირობა.

კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც თავმოყრილია ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
მე-17 კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი კანადელი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტი იქნება.

სექციაში ,,ქართული პანორამა’’, მაყურებელი წლის ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს იხილავს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ კინემატოგრაფისტებს, ფართო მაყურებლის წინაშე წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები. პროგრამა ,,ქართული პანორამა’’ პაშა ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს პოლონეთი იქნება, სექციაში სულ წარმოდგენილია ცხრა სრულმეტრაჟიანი და ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

აღნიშნული სექციების გარდა კინოფესტივალი სხვადასხვა ღონისძიებებს, მასტერკლასებსა და დისკუსიებს უმასპინძლებს. ასევე გაიმართება სპეციალური ჩვენებები, ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ხსოვნის საპატივცემულოდ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

Facebook Share
უკან