GNFC
კონკურსები

სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2017 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები - 08 02 2017
Slider Image

სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2017 წელს
წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

კონკურსის მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.
2017  წლის 8 თებერვალს   ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით.
საკონკურსო  დოკუმენტაციის მიღება  უნდა  განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით  იხ. ვიდეო გზამკვლევი 
ლინკი:https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ 

გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში   წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
საექსპერტო კომისიაში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.

ბიუჯეტი

საკონკურსო ფონდი შეადგენს  300 000 (სამასი ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 3  (სამი) პროექტს.

კონკურსის ტურები

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეულ კონკურსანტთან, რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.
მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.
მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.
მეორე ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ პროექტის პრეზენტაციას და წერენ შესაბამის ქულას.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის  ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

1.განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
2.იურიდიული პირებისათვის ამონაწერი  (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული);
4.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
5.ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
6.ფილმის ,,სინოფსისი’’  (მოცემული ამბის მოკლე აღწერა);
7.ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
8.რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულოა); 
9.პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
10.ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
11.პროდიუსერის მოტივაცია;
12.რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
13.ფილმის სცენარი (მოცემული ამბის დეტალური აღწერა); 
14.ფილმის ბიუჯეტი  (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
15.ფინანსური გეგმა (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
16.საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
17.სასურველია  ვიზუალური მასალა (ფოტოები, ვიდეორგოლი);
18.თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ეროვნული ფილმის ცნობა

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.  პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას. 

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2017  წლის 1 ივლისისა  წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია  წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს. 

გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილება იღებს კინოცენტრის დირექტორი.

ალტერნატიული დაფინანსება

თუ ფილმის წარმოებაზე გამოყენებული იქნება პროდიუსერის პირადი თანხა, წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან პროდიუსერის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ;
ალტერნატიული დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.
ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.

ვადა

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები)  მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ  საშუალებით 2017  წლის  27 მარტის 18:00 სთ-მდე; 
საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი  წარმოდგენილი უნდა იყოს  კინოცენტრში ბეჭდური  სახით  2017 წლის 3 აპრილს 18:00 სთ-მდე; თუ  დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში  პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად.

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, რომელთა ავტორებმა ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  ან  მოგებული აქვთ კონკურსი და  ფილმის წარმოების პროცესში არიან. 

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.
მისამართზე:ზ. გამსახურდიას სანაპირო #4 - ში,

ტელ:+995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;

საკონტაქტო პირები:
ნინო კუხალაშვილი  (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი:+995 577 955 250
ელ. ფოსტა:n.kukhalashvili@gnfc.ge
მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 577 40 75 39
ელ. ფოსტა:m.meladze@gnfc.ge
სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი:+995 599 85 07 81
ელ. ფოსტა:s.danelia@gnfc.ge
გიგა ბერიაშვილი  (ტექნიკური დახმარება)
ტელეფონი: +995 577 73 76 77
ელ.ფოსტა: l.lomjaria@gnfc.ge



Facebook Share
უკან