GNFC
25 წელი

„მანდარინები“ – ომი და ტერორიზმი ეკრანზე - 04 08 2017
Slider Image

ეთერ ოკუჯავა



„წელს მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი ოთხ განსხვავებულ ფესტივალს და მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო ფილმი, რაც ვნახე, არის ესტონურ-ქართული კოპროდუქცია „მანდარინები" 1. არა მხოლოდ აქ, არამედ ყველგან, სადაც საშუალება მეძლევა, ვამბობ, რომ ჩემი ერთადერთი თხოვნაა, წახვიდეთ და ნახოთ ეს ფილმი. დიდებული მსახიობებით, დიდებული რეჟისურითა და საოცარი სცენარით". იშტვან საბოს2  მიერ 2014 წელს, ვარშავის A კლასის კინოფესტივალის დახურვაზე წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა მსოფლიოს ტელეეკრანები მოიარეს და პროფესიონალებსა თუ კინომოყვარულებს წარუდგინესკინორეჟისორი საქართველოდან - ზაზა ურუშაძე. კიდევ ერთი ქართველი ხელოვანი, რომელმაც მსოფლიოს გააცნო საქართველო თავისი თანამედროვე სინამდვილით, პრობლემებით - ხან ე.წ. რეგიონულით, ხან კრიზისული ვითარებით, ხან ტერორისტულით, ხან კიდევ...

რეალურად, ესაა ქვეყნის სინამდვილე, დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილების დაგროვების (თუ ძველის გახსენების) პირველი წლები. დამოუკიდებლობის ცნება, საბჭოთა კავშირში არსებობის დროს, ქართველებს განსხვავებულად ჩამოუყალიბდათ. თავისუფლებაში ცხოვრების წესი, მისი სირთულე ჯერაც შეუცნობელი იყო მათთვის. აფხაზეთისთვის ომი ერთ-ერთი პირველი დარტყმა აღმოჩნდა, რომელმაც თანამედროვე საქართველოს საკუთარი მიწის დაცვის პირველი გაკვეთილი ჩაუტარა. ეს იყო ქვეყნისა და საკუთარი თავის შეცნობის გაკვეთილი, სსრ კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოიპოვების შემდეგ.

„მანდარინების" ,  ერთი შეხედვით კამერულ გარემოში, აფხაზეთის ერთ-ერთ დაცარიელებულ სოფელში, რომელ შიც დიდი ხნის წინ ესტონელები დასახლებულან, ისევ და ისევ რუსეთის მეფის სურვილით - ჩეჩენი, ქართველი და დროდადრო აფხაზი და რუსი ეროვნების მეომრები იყრიან თავს. ფონი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რეგიონული კონფლიქტია, რომელიც მასშტაბურ ომში გადაზრდილა, რომელშიც ორი დაპირისპირებული მხარის, აფხაზთა და ქართველთა პრობლემას აგრესიული რუსეთი და მისი დაქირავებული ჩეჩენი ბოევიკები წყვეტენ და „ავიწყდებათ", რომ ორივე დაპირისპირებული მხარე - აფხაზეთიც და საქართველოც - საქართველოა! ამ კონტექსტში, სოფლის მკვიდრ ესტონელ მოხუც ივოს (ლემბიტ ულფსაკი) შეიძლება მომრიგებელი მხარე ვუწოდოთ.3  იგი, ზნეობრივი ავტორიტეტის გამო, ამ პატარა სოფელში რომ დაუმკვიდრებია, ორივე მხარისთვის მისაღებია.

ამგვარად, თითქოს მარტივია ფილმის ფაბულა, რომელიც განტოლებას ჰგავს, სადაც ყველა პერსონაჟი, თავისი მოტივაციით, ამოსაცნობი უცნობია. მაგრამ ეს ქვეტექსტად... სიუჟეტი კი სცენარისა და ფილმის ავტორმა, ზაზა ურუშაძემ ასე განალაგა: მანდარინებით დახუნძლული სოფლიდან, საბრძოლო ვითარებების გამო, მოსახლეობა გახიზნულა. მხოლოდ ორი ესტონელი მამაკაცი დარჩენილა. ისინი ცდილობენ მოსავალი დააბინაონ და სარეალიზაციოდ გაამზადონ: უნდა ვიგულისხმოთ, რომ მანდარინები მათი შემოსავლის მთავარი წყაროა. შთამბეჭდავია პირველივე კადრი, როცა ივოს, ასაკოვან და მამაკაცური ღირსებით გამორჩეულ ესტონელს, ხელთ მყარად უპყრია ელექტროხერხი და მიზანდასახულად საქმიანობს – ყუთებს ამზადებს მანდარინებისთვის... მისი საქმიანობა, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი დროის ბიზნესია.

ამჯერად კი, ომი სამყაროს მოწყვეტილ ამ ღვთისნიერ სოფელშიც აღწევს. სროლის ხმაზე ივო ჩერდება და ეზოში გადის. სანახაობა შემზარავია: მიმოფანტულ გვამებს შორის ერთი ჯარისკაცის გმინვა ისმის. ივო უმალ მიაკითხავს მეზობელ მარგუსს (ელმო ნიუგანენი) და ორივე ერთად სულთმობრძავ აჰმედს (გიორგი ნაკაშიძე), როგორც შემდგომ ვიგებთ, ჩეჩენ ბოევიკს, ივოსთან სახლში გადაიყვანს. მიცვალებულებს კი მანქანაში ათავსებენ და ტყეში ასაფლავებენ. ივო ჩეჩენი ბოევიკის ქართველებისგან განცალკევებით დასაფლავებას ურჩევს მარგუსს, რადგან, თუ დაღუპულს ვინმე მიაკითხავს, მისი ადგილსამყოფელი ზუსტად უჩვენონ. სწორედ ამ დროს, ერთი ჯარისკაცის მოძრაობას შეამჩნევენ. ის ერთ-ერთია ოთხ ქართველ ახალგაზრდა მებრძოლთაგან, რომელთა მსგავსი, აფხაზეთში მოხალისედ წასული, ბევრი იყო . როგორც შემდეგ გავიგებთ, ეს ნიკაა (მიხეილ მესხი).

პირველი დახმარებისა და მოვლის შედეგად ორივე დაჭრილი გადარჩება და თუმცა აჰმედი, როგორც კი ნიკას ქართველობას შეიტყობს, აგრესიას იჩენს, მაინც ემორჩილება სახლის პატრონს, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის წესს შეახსენებს და მისი საქციელის გამო, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ გამოხატავს უკმაყოფილებას.

დრო გადის. დაჭრილები მომჯობინდებიან და კიდევ უფრო მძაფრდება აჰმედის - დაქირავებული მეომრისა და ნიკას - საკუთარი მიწის დამცველი ახალბედა ჯარისკაცისა და პროფესიით მსახიობის - ურთიერთდაპირისპირება. ალბათ ამიტომ ნიკა უფრო თავისუფალია შინაგანად, ნაკლებად აგრესიული მოწინააღმდეგის მიმართ და მასთან საკმაოდ დაძაბული საუბრისას, თავს ირონიულად შეპასუხების უფლებასაც აძლევს, რის გამოც აჰმედი ღიზიანდება და რომ არა ივო, მათი ერთ ჭერქვეშ თანაარსებობა შეუძლებელი იქნებოდა.

ივოს დროდადრო, აფხაზი და რუსი ჯარისკაცები აკითხავენ. ქართველების კვალს ეძებენ. მოხუცი არც ქართველსა და არც ჩეჩენს ღალატობს. მაგრამ ისინი მაინც მოვლენ - აგრესიულები, შეურაცხადები და ... როცა ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას აჰმედს ესვრიან, პირველი, საპასუხოდ, ნიკას თოფი გავარდება. უთანასწორო ბრძოლაში იღუპება მარგუსი, შემდეგ - ნიკა.

შემზარავი განცდა გვეუფლება, როდესაც ივოს სახელოსნოში, ისევ ელექტროხერხით ვხედავთ. აქ არაფერი შეცვლილა, იმის გარდა, რომ, თუ მოხუცი ადრე ფიცრებს მანდარინების ყუთებისთვის ხერხავდა, ამჯერად, სამუდამო განსასვენებელს უმზადებს მარგუსსა და ნიკას.

ამ, თითქოს დეტალში, ტრაგედია იხატება, რომლის მიმართ ავტორი პოზიციას აფიქსირებს, თუმცა, მიზანი ომის მოტივაციის კონკრეტიზაცია არაა. ვერც იმას ვიტყვით, რომ რეჟისორი არ ეხება საქართველოს ერთიანობის თემას. ეს აზრი ნიკასა და აჰმედის დაძაბულ დიალოგში იკვეთება. და მაინც, ფილმი თავისუფალია ზედმეტი პოლიტიზებისგან. ვიტყოდი, რომ სასტიკი კონფლიქტის მიზეზები ქვეტექსტად უფრო იკითხება, წამყვანი თემა კი ზნეობის, ჰუმანური ფასეულობების დაკარგვა და იმედია, რომ ადამიანები გონს მოეგებიან.

ომი ყოვლად უღირსი და ამაზრზენი მოვლენაა და მას ასევე უღირსი და ამაზრზენი ადამიანები იწყებენ. ამიტომაა, რომ, როცა ჟურნალისტები ზაზა ურუშაძეს ეკითხებიან, თუ, რა არის ფილმის მთავარი გზავნილი, იგი პასუხობს: ჩვენ უნდა გვახსოვდეს მთავარი - დავრჩეთ ადამიანებად!  (ზაზა ურუშაძის ინტერვიუ ტომაშ პახალთან, ვარშავის კინოფესტივალის შემდეგ). ესაა ფილმის პრობლემა და თუ გნებავთ - საზოგადოდ ადამიანის არსებობის საკითხის ახსნა. პასუხი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანია

ფილმის დასასრულს, როდესაც აჰმედი გზაჯვარედინს გასცდება და მანქანას მოაბრუნებს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბრძოლის ველისკენ მიმავალიდან გზას შინისკენ დაადგება. იგი ხომ დაჰპირდა ივოს. როგორც ჩანს, ჩეჩენი ახალგაზრდასთვის შეხვედრას მოხუც ესტონელთან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ტრანსფორმაცია სწორედ ივოსთან ურთიერთობით მოხდა. ეს გასაგები განსაკუთრებით ფინალში ხდება, როცა მარგუსს და ნიკას ასაფლავებენ. საქმე ისაა, მაყურებელმა აქამდე არ იცის ივოს ვაჟის ქართველის ხელით დაღუპვის შესახებ.

ესტონელი ივო, მიწის ნამდვილი მოჭირნახულე, რომელსაც საქართველო სამშობლოდ მიაჩნია, იმ ხალხის ნაწილია, რომელმაც იგემა თავისუფლებაში ცხოვრება, რომელშიც ბევრი რამ ჯერ კიდევ „დაულაგებელია", რაც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც საქართველო ომის ავანტიურას ადვილად წამოეგო.

თავისუფლებაში ცხოვრებას განსაკუთრებული გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. წლების განმავლობაში, მსოფლიოსგან იზოლირებული, სსრ კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველო რთული დასათმობი აღმოჩნდა რუსეთისთვის. მეორე მხრივ, ქართული ხასიათის ყველა პარამეტრი უცბად ვერ შეეთვისა თავისუფლების კანონებს. შიდა დაქსაქსულობა, ქიშპი და ა.შ. გზას უხსნიდა გარეშე მტერს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაჭრელად.

ივომ ეს იცის და საკუთარი ზნეობრივი კოდექსით ცხოვრებას ცდილობს. აჰმედი საფინალო საუბრისას, მიხვდება ივოს ზნეობრივ მრწამსს... მკვლელიც და მსხვერპლიც ადამიანია, მოქცეული უხილავი ძალების მარწუხებში, რომლებიც ქმნიან ექსტრემალურ სიტუაციას (ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ აგრესიას, ომს), რომელშიც იძულებულია ჩაერთოს. მიწა და ცა, ბუნება და სამშობლო, შვილები, ოჯახი, პატიოსნება და ერთგულება... ივოსთვის მხოლოდ ესაა ჭეშმარიტება და არა ძმის მკვლელი ძმა მარიონეტი, წამქეზებელი ბოროტი გარე ძალის ხელში. გამორჩეული ანგარებისა და ტერიტორიების მიტაცების სურვილით. ან კიდევ - ძლიერი და დიდი ქვეყნების სწრაფვა ეროვნული თავისთავადობის განადგურებისკენ და სამყაროს მართვის ვნება. ეს თემები იბადებიან და ანაცვლებენ ერთმანეთს და თუმცა ივოს ორი მეგობრის დასაფლავება უწევს, მოხუცისთვის ძალიან ძვირფასია აჰმედის მრწამსის შემობრუნება, რასაც ფილმი ახალ მხატვრულ რეგისტრში და სიმაღლეზე აჰყავს.

ზემოთ არაერთხელ ვახსენე მარტივი სიუჟეტი...ფაბულა... დეტალი... ლაკონური ამბავი... შედეგად უდიდესი ტკივილი ისახება. ამის მისაღწევად რეჟისორმა დიდი სამუშაო შეასრულა როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. ტრაგიკული ამბავი ფილმის დამდგმელმა ჯგუფმა უმშვენიერეს გარემოში წარმოადგინა, რისთვისაც გააშენა ნამდვილი სოფელი, რომელშიც ყუმბარების ხმა სრულიად არაორგანულად იკითხება.

ამით, ზაზა ურუშაძემ თითქოს გაამკვეთრა წარმოდგენა ადამიანის სისასტიკესა და ულმობლობაზე, გაავებულ, საქციელდაკარგულ მდგომარეობაზე, რის გამოც სამოთხედქცეულ ქვეყანაში მტაცებლური ჟინი ვერ დაუოკებიათ. საპირისპიროდ არიან ივო და მარგუსი, რომლებიც აგრძელებენ კაცთმოყვარე ხასიათის დრამატურგიულ ქვეტექსტს. ეროვნული სხვადასხვაობა და ტრაგიკული სინამდვილე ავტორს ერთიანობასა და ზოგადსაკაცობიო ჭრილში აქვს დანახული და მთელი ფილმიც ამ პრინციპს ემორჩილება.

ჩემი აზრით, ფილმმა კლასიკური კინემატოგრაფისთვის დამახასიათებელი ტევადი თხრობა და თანამედროვე კინემატოგრაფის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი, მინიმალიზმი გააერთიანა. ფილმის სახვითმა კონცეფციამ მრავლისმთქმელი კამერით, დახვეწილი კოლორიტით ევროპული კინოს საუკეთესო ნიმუშები გამახსენა.

ზაზა ურუშაძის ავტორისეული ხელწერა - ეს არის ნატურის განსაკუთრებული დრამატურგიული მეტყველებითა და ესთეტიკური დახვეწილობით აღქმა. ეს არ არის სილამაზე სილამაზისთვის. ეს არის კადრის ესთეტიკური განცდა და მისი მოძრაობაში ხედვის უნარი. ასევე მუსიკალური თანხლებაც როგორც ფინალში, ისე ფილმის სხვადასხვა ეპიზოდში. მეტიც, ზაზა ურუშაძეს მუსიკა (ნიაზ დიასამიძის არაჩვეულებრივად მეტყველი ჰანგები, რასაც უამრავი უცხოელი რეცენზენტი აღნიშნავს) პირველივე კადრებიდან ცოცხალი პერსონაჟივით შემოჰყავს. ვფიქრობ, ავტორის პოზიციის დემონსტრირება, რეჟისორის ოსტატობასთან ერთად (რომელმაც სათქმელი, როგორც სცენარისტმა, უკვე განიცადა) „მანდარინების"  უპირველესი ღირსებაა.

„მანდარინები" არ არის ჩვეულებრივი მხატვრული ფილმი, თუნდაც ქართველებისთვის უსაყვარლესი კუთხის - აფხაზეთის მტკივნეული ისტორიის შესახებ. ამ უთანასწორო ომში რეჟისორის თაობის ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა, მათ შორის, ლევან აბაშიძე, ირაკლი ამირეჯიბი, ალექსანდრე იოსელიანი... სხვები და სხვები... „მანდარინები"  მათთვის დადგმული ძეგლია. მეტიც, ფილმის გმირის – ნიკას პროტოტიპი ლევან აბაშიძეა – უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელიც დღეს მსოფლიოში უდავოდ აღიარებული მსახიობი იქნებოდა.

ძალზე ღირებული ფაქტია, რომ „მანდარინების"  მეშვეობით მსოფლიომ გაიგო საქართველოში 1990-იან წლებში დატრიალებული ტრაგედია, რომელიც პროვოცირებული იყო რუსეთის მიერ, როგორც შურისძიების აქტი, სსრ კავშირის დანგრევის ერთ-ერთი მოთავე რესპუბლიკის მიმართ.

სხვათა შორის, რუსი კინომცოდნე და ჟურნალისტი ანტონ ფილატოვი დაინტერესდა ესტონელების აფხაზეთში ცხოვრების ფაქტით. მის შეკითხვას, – როდის და საიდან გაჩნდა ესტონური დასახლება და დღეს კიდევ ცხოვრობენ თუ არა ესტონელები საქართველოში? – ზაზა ურუშაძე პასუხობს, - რუსეთის მეფის ბრძანებით, ისინი აფხაზეთში 1850 წლიდან ჩამოსახლდნენ, მიწების ათვისების მიზნით (! –ე.ო.). ესტონელებმა საქართველოში 150 წელი იცხოვრეს და 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა ომი დაიწყო, მთავრობამ მათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა. პრაქტიკულად ყველამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით.

ესეც პასუხი. ისევ რუსეთი და ისევ მიწების დაპყრობის სურვილი.

საინტერესოა ერთ ინტერვიუში, ფილმის თემასთან დაკავშირებით, ზაზა ურუშაძის გამოთქმული აზრი, რომელიც ჟურნალისტმა სათაურად გამოიტანა  –  ეროვნება და რწმენა არ უნდა მოქმედებდეს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებებზე. ეს სიტყვები რეჟისორს მოწოდების სახით არ გამოუთქვამს.

ფილმის ფინალში, აჰმედის შეკითხვაზე, მე რომ მოვმკვდარიყავი, სად დამასაფლავებდიო (იგი გულისხმობს ნიკას, რომელიც ივომ შვილის გვერდით დაასაფლავა), ივო შეფარული იუმორით უპასუხებს - მოშორებითო და ორივეს ეცინება ამ სიტყვებზე... ივოს ერთნაირად უყვარს მუსლიმი აჰმედი და ქართველი ნიკა.

ზაზა ურუშაძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც სჭირდებათ მსახიობი, აფასებენ მის ხელოვნებას. უფრო მეტიც, უყვართ იგი და სახის განსახიერებისას, საფიქრალის ასპარეზს უქმნიან. თუნდაც, ზურაბ ბეგალიშვილის ეპიზოდი, რომელშიც სულ რაღაც ორ წამში იქმნება პიროვნული სახე, იკითხება ადამიანის ბიოგრაფია.

რაც შეეხება „შესანიშნავ" ოთხეულს _ ულფსაკს, ნიუგანენს, ნაკაშიძესა და მესხს, მათი ნამუშევარი ჯეროვნად შეაფასეს ალმა-ატის (ყაზახეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2014 წელს, როცა ჟიურიმ თითოეულ მათგანს მიანიჭა პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

„მანდარინებს „   ფართოდ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა.

საიმონ მორისი რეცენზიაში „მანდარინებს"  შედევრს უწოდებს. (At The Movies,http://www.radionz.co.nz/national/programmes/atthemovies/audio/201757871/).

პიტერ ბრედშოუ გარდიანში  წერს ფილმის ანტიმილიტარისტულ განწყობაზე და ამ თემის უაღრესად საინტერესო, თანამედროვე გადაწყვეტაზე, მაშინ, როცა ევროპაში, მისი აზრით, ჯერ კიდევ ძველმოდურ ფილმებს იღებენ...

სტივენ ფარბერი (ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსტთა ასოციაციის  პრეზიდენტი)  ჰოლივუდ რეპორტერში, „მანდარინებს" არაჩვეულებრივ, სულისშემძვრელ ფილმად აფასებს.

ლუსი პოპესკუ სინევუში საუბრობს მსახიობების შექმნილ შთამბეჭდავ სახეებზე, ზაზა ურუშაძის მოფიქრებულ ფრთხილ და კარგად გადაწყვეტილ ფინალზე.

ჩემთვის ძვირფასია დენის ჰარვის  (Dennis Harvey)  სტატია VARIETY – ში (თებერვალი, 17, 2014), შთამბეჭდავი სათაურით – ზაზა ურუშაძის სიმწრით აღსავსე და ამავე დროს, ადვილად აღსაქმელი ფილმი ომით გარემოცული აფხაზეთის ტრაგიკომიკული დრამაა. (Zaza Urushadze's poignant, accessible film is a seriocomic drama set in war-torn Abkhazia) და ა.შ.

ხოლო, რაც შეეხება საერთაშორისო კინოფესტივალებს,  „მანდარინებმა"  ოცამდე გრან პრი მიიღო, პრიზები რეჟისურისთვის, ჟიურის სპეციალური პრიზები და ა.შ.

აქვე მინდა აღვნიშნო „მანდარინების" გამორჩეული ბიოგრაფიული ფაქტები ქართული კინოს ისტორიასთან მიმართებით.

• „მანდარინები", პირველად ქართული კინოს ისტორიაში, ერთდროულად გახდა ოსკარისა 4  და ოქროს გლობუსის  ნომინანტი, როგორც 2015 წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

• „მანდარინებს"  პირველს აქვს მიღებული საერთაშორისო პრესის აკადემიის ჯილდო ოქროს სატელიტი, როგორც წლის საუკეთესო უცხოენოვან ფილმს, ლოს- ანჯელესი (აშშ), 2015.

• „მანდარინებმა", პირველმა ქართულ კინოში, მოიპოვა მსოფლიო დისტრიბუცია; 100-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა და აჩვენა ქვეყნის კინოთეატრებში. რამდენიმე ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებდა გაქირავების მაჩვენებლით (პირველი კვირის მონაცემებით).

• 2014 წლის 7 აპრილს, სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებისთვის  პირველად უჩვენეს ქართველი რეჟისორის ფილმი.

• 9 აპრილს, ბრიუსელში „მანდარინები"  ევროპარლამენტარებმა  და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებმა იხილეს – ასევე პირველად, ქართული კინოს ისტორიაში.

• 2016 წელს, კატალონიაში, ზაზა ურუშაძემ მოიპოვა ანტონიო გაუდის პრემია, ნომინაციით, „საუკეთესი ევროპული ფილმი", ასევე პირველად.

• დაბოლოს, ზაზა ურუშაძე პირველი ქართველი კინორეჟისორია, ვინც  აშშ-ს  კინოაკადემიის წევრი გახდა.

მრავალი ასეთი „პირველობით" კინორეჟისორმა ზაზა ურუშაძემ უკვე დაიმკვიდრა სახელი ქართული კინოს ისტორიაში. ქართული კინოს ვერც ერთი მკვლევარი ასცდება ფაქტებს, რომლებმაც გაამდიდრეს ქართული კინოს სინამდვილე და თუ ქართული კინოს აღორძინებაზე ვსაუბრობთ,  „მანდარინები " საუკეთესო ფილმთა ავანგარდშია.

ზაზა ურუშაძის „აწეული" ანტიაგრესიული თემა, ჩვენი სინამდვილის ფონზე, კვლავ აქტუალურია. სამწუხაროდ, ომი უკვე სამაჩაბლოს, ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიაზე გაგრძელდა და მეორე ათასწლეულის დასასრულიდან მესამეში გადავიდა. ასე რომ, XXI საუკუნის პირველ წლებში ბობოქრობს „ეპოქის დილა"...  ის საქართველოსთვის მძიმე აღმოჩნდა;  მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს, თავისი უმეცრებითა თუ ზედმეტი სიხარბით, პატარა სახელმწიფოებსა და ერებთან თანაარსებობის ორიენტირები ჯერაც არ აქვთ გარკვეული მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ სახელმწიფოებს მიმზიდველი ტერიტორიების თავის სასარგებლოდ „გადახალისება"   სურთ. მათ ახირებულ სურვილებს კი ადამიანებისთვის მრავალი უბედურება და ცრემლი, აურაცხელი დანაკარგი მოაქვთ.

ზაზა ურუშაძის ფილმმა დასვა კითხვა: როგორ ვიცხოვროთ ასეთ სინამდვილეში?! ეს ხელოვანისთვის არსებითი კითხვაა ტკივილიანი სინამდვილის შესაცნობად. პასუხი _  მომავლის შენების საფუძვლად უნდა იქცეს.

ზაზა ურუშაძე - მოქალაქე და ხელოვანი სამართლიანი ურთიერთობების მომხრეა, სამყაროს მისი კონცეპტუალური აღქმა ეფუძნება ჭეშმარიტებას – ომს, აგრესიას, ულმობლობას, მტაცებლურ ჟინს ადამიანის დამსხვრეულ  ოცნებებამდე და დაკარგულ სიცოცხლემდე მივყავართ. ეს კი სამყაროს დაღუპვას ნიშნავს, ასე გაგრძელება შეუძებელია.


P.S. წერილი  მზად იყო  დასაბეჭდად, როცა იტალიიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა: San Fedele-ს პრემია წელს 61-ედ გაიცა და იგი სწორედ ქართველ რეჟისორს, ზაზა ურუშაძეს ხვდა წილად.
იტალიელი  კინოკრიტიკოსები და კულტურული სფეროს წარმომადგენლები, ასევე, რიგითი მაყურებლები   1956 წლიდან ირჩევს და მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს  და   პრემიას ანიჭებს. 
San Fedele-ს პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ:  ფედერიკო ფელინის, ფრანჩესკო როზის, პიერ პაოლო პაზოლინის, ინგმარ ბერგმანს, მილოშ ფორმანს, აკირა კუროსავას, რობერტო ბენინის, პედრო ალმოდოვარს, სტივენ სპილბერგს და სხვა გამოჩენილ კინორეჟისორებს. 2017 წელს ეს ჯილდო ქართულ ფილმს ერგო წილად, და ესეც პირველი შემთხვევა  ქართული კინოს ისტორიაში.


* * * * * * * * *

1 „მანდარინები" – 2013, კინოსტუდია Allfilm (ესტონეთი), სინემა 24 (საქართველო). მხატვრული ფილმი, დრამა, სცენარის ავტორი და რეჟისორი - ზაზა ურუშაძე, პროდუსერები - ივო ფელტი, ზაზა ურუშაძე, ოპერატორი - რეინ კოტოვი, კომპოზიტორი - ნიაზ დიასამიძე, მხატვარი - თეა თელია, კოსტუმების მხატვარი - სიმონ მაჩაბელი. როლებში: ლემბიტ ულფსაკი, მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ელმო ნიუგანენი; ზურაბ ბეგალიშვილი და სხვ.

2 იშტვან საბო, (1938) – უნგრელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, ევროპული კინოაკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სიცოცხლეშივე აღიარებული კლასიკოსად. 60-იანი წლებიდან დღემდე ევროპული საავტორო კინოს წარმომადგენლი, რომლისთვისაც ახლობელია ფსიქოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური თემები. მიღებული აქვს მოსკოვის, ბერლინის, დიდი ბრიტანეთის, კანისა და სხვა კინოფესტივალების არაერთი ჯილდო, მათ შორის, 1982 წლის „ოსკარი", საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ფილმისთვის „მეფისტო".

3 ერთ–ერთი კინომაყურებელი ივოს ასე ახასიათებს: „მოხუცი ივოს სახელი ბიბლიური იობის ჟღერადობისაა. იყო ასეთი წმინდანი. და ამ ფილმში ივო წმინდანივითაა, რომლის გარეშე სოფელი ვერ სოფლობს და ომიც ომი არაა..." http://otzovik.com/review_1998154.html

4 1996 წელს ქართველი კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე იყო ამერიკის კინოაკადემიის  ჯილდოს „ოსკარის" პირველი ნომინატი.


Facebook Share
უკან