GNFC
25 წელი

კინო, ლიტერატურა, მხატვრობა - 11 12 2017
Slider Image

ირინა  დემეტრაძე

(ფილმების "რჩეული” და "ღამის ცეკვა” მაგალითზე)

1991 წელს მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსი იღებს ფილმს "რჩეული". ფილმი პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონეს" მოტივებზეა შექმნილი. ფილმის მოქმედება 1921 წელს ხდება, ანუ საქართველოს გასაბჭოებაა აღწერილი. მთავარი გმირის ჯუნას პატრიარქალურ-პასტორალურ ყოფაში ახალი დროება იჭრება წითელი არმიელების სახით. ეს შემოჭრა ბუნებრივია ტრაგედიად შემოუბრუნდა ჯუნას და ყველას - სოფელს, ქვეყანას და იმ ადამიანებს ვინც მიიღო ახალი "სარწმუნოება”. ანუ გახდა ჯალათი. ჯალათი - მსხვერპლი, ეს ის  მითოლოგიური არქეტიპია, რაც ამ ისტორიას დაედო საფუძვლად. 
მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსი ფილმს ,რომელიც 1921 წლის ტრაიგიკულ ამბებს უკავშირდება, 1991 წელს იღებს. ანუ საბჭოთა რეჟიმის კოლაფსის შემდგომ, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. სამოცდაათწლიანი წითელი ტერორი დასრულებულია. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც კაცობიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი ადამიანი გაანადგურა. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მსხვერპლთა რიცხვი ას მილიონს აღწევს. 
როგორია მეორე მსოფლიო ომში „გამარჯვების" რეალური ფასი? ათწლეულების მიხედვით, იცვლება რა პოლიტკონიუქტურა, მასთან ერთად მსხვერპლის რიცხვიც იზრდება ათეული მილიონობით. დღეს 45-დან 60 მილიონდე მერყეობს დაღუპულთა რაოდენობა. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა მხარეს დანაკარგი, ბევრად აღემატება გერმანიისა და მოკავშირე ქვეყნების მსხვერპლს ერთად აღებულს. მოკლედ ასეთია  გამარჯვების ფასი.
წითელი ადამიანები, ეს ნობელიანტი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის ტერმინია, იყვნენ და არიან დღესაც. ჩვენც/მეც წითელი ადამიანი ვარ რაღაც დოზით. და ეს ისტორიული მეხსიერება აქტუალობას არ კარგავს მას შემდეგაც რაც საბჭოთა კავშირი სამი ათეული წელია აღარ არსებობს პოლიტუკურ რუქაზე.
არის რამდენიმე კითხვა რაც მინდა ფილმს დავუსვა და ვფიქრობ ეს კითხვები ლეგიტიმურია:
1)ინტერმედიალური მიმართება - ფილმი და პროსპერ მერიმეს ლიტერატურული ტექსტი. შვილის მკვლელობის მითოლოგიურ- კულტურული ალუზიები.
2)„რჩეული” და მიხეილ კალატოზიშვილი უფროსის ფილმი „მარილი სვანეთს!": დიალოგური ურთიერთმიმართება.
3)ისტორიული კონტექსტი 1921 და 1991 წლები. 
პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე"-ს მოქმედება კორსიკაზე ხდება. ეთნოკულტურული დომინანტი მნიშვნელოვანია. მთის ხალხის მკაცრი და ასკეტური ბუნება, ცხოვრების წესი. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ნოველის ძირითადი მოტივი - სისხლის აღების წესი. როცა მართლმსაჯულება ადამიანია თავად და არა სახელმწიფო, რომლის მიმართ უნდობლობაა გაცხადებული. ეს მოტივი პროსპერ მერიმესთან სიღრმისეულადაა დამუშავებული და ლანდშაფტის, გარემოს, ყოფით დეტალებშია ასახული.
მიხეილ კალატოზიშვილ უმცროსთან ეს მოტივი უცვლელადაა გადმოტანილი, მაგრამ მხოლოდ როგორც ფაქტი, და არა როგორც იდენტობის ნაწილი,  გეოგრაფიული მახასიათებელი და ეთნოთავისბურება. 
მოგვიანებით თემურ და გელა ბაბლუანებს ექნებათ არცთუისე წარმატებული მცდელობა სისხლის აღების წესის როგორც ეთნოკულტურული თავისებურების ჩვენების  ფილმში „მემკვიდრეობა"(2006 წელი). 
განზრახ თუ გაუცნობიერებლად მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსი ამ დეტალებზე უარს ამბობს. ფილმში გარემო უფრო გროტესკული, პლაკატური შტრიხებითაა მოცემული, წითელი ადამიანების ყოფის მსგავსად. კონტრრვოლუციონერიც და წითელი ადამიანებიც გროტესკული პერსონაჟები არიან. ჯუნა და მისი სამყარო ფალკონესეულია თითქოს, უბრალოდ არა იმდენად მკაცრი და ასკეტური. უფრო თეატრალური პირობითობის ზღვარზე, რაც სამსახიობო ანსამბლითაა განპირობებული. ჯუნას (მსახიობი ავთანდილ მახარაძე) და დედის(მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე) სახეებს, შემსრულებლების რუსული თეატრალური სკოლის კლიშეები, მათივე უდავო ნიჭიერებას კინოგენურობას უკარგავს. იგივე რუსი მსახიობი ლარისა გუზეევა, წითელი კომისარის სახასიათო როლში, ბევრად კინოგენურია. აქ როლს მისი სითამამეც თამაშობს, მისი წყალობით სპეკულაციის მიჯნაზე მყოფი ეპიზოდი არაა ყალბი(ლარისა გუზეევას გმირი ეკლესიაში მოისაქმებს). 
ფილმის სამსახიობო ანსამბლი, როგორც მთლიანად ფილმი ეკლექტურია. ეპიზოდური როლების შემსრულებელი გოგი მარგველაშვილი გამოირჩევა ზუსტი პლასტიკითა და ემოციური ასკეტურობით. მისი, როგორც მსახიობის პოტენციალი ქართულ კინოს არ გამოუყენებია. მე ვურჩევ ქართველ რეჟისორებს, შეეშვან გაცვეთილ სახეებს და კინოში დააბრუნონ გოგი მარგველაშვილი - მსახიობი.
პროსპერ მერიმეს ნოველის სათაურად მთავარი გმირის სახელია გამოტანილი - მატეო ფალკონე. მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსი ფილმს არქმევს „რჩეულს", ანუ გმირის შეფასება, მახასიათებელი გამოაქვს სათაურად. გამოდის რომ ჯუნა არის რჩეული. ის როგორც შვილის მკვლელი არის რჩეული?! ანუ ის აღასრულებს კანონს. მას არ ჭირდება შვილი, რომელიც არის სუსტი. ქრისტე ადამიანის მსხვერპლშეწირვას ადებს ტაბუს. ანუ აქ ძველი აღქმის არქეტიპებია ამოქმედებული. 
ნუ დაგვავიწყდება მსხვერპლთშეწირვის (როცა მამა კლავს შვილს) ისტორიული ანალოგები. იგივე რუსული, საბჭოური ისტორიიდან. საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი კლავს შვილს, უარს ამბობს რა მის გაცვლაზე ტყვე გერმანელ გენერალზე. ივანე მრისხანე, ასევე ტირანი და სტალინის თვითიდენტიფიცირების ერთ-ერთი ხატი, ასევე კლავს შვილს.
ჯუნა არ პატიობს შვილს გადაცდომას. ჯუნა არაა არც მოძალადე, არც ტირანი. პირიქით ის რჩეულია. და რა მეტაფორაა ამ შემთხვევაში ეს აქტი? ჯუნას შვილი გასაბჭოებული საქართველოა და ეს უნაყოფობა, უპერსპექტივობა, მომავლის არქონაა. ეს არის მკვდრადშობილი სისტემა. 
მახსენდება რობერტო როსელინის 1948  წელს გადაღებული ფილმი „ გერმანია - ნულოვანი წელიწადი", სადაც ფინალში იღუპება ბავშვი. მისი და მეძავია, ძმა დეზერტირი, მამა ინვალიდი და კოლაბორაციონისტი, მასწავლებელი პედოფილი  და ყოფილი ნაცისტი. საქართველოს ისტორიაში ნულოვანი წელიწადი სწორედ 1921 წელია, ბავშვის სიკვდილიც ამიტომ კანონზომიერია.
გავიხსენოთ მიხეილ კალატოზიშვილი უფროსის 1930 წელს გადაღებული ფილმი „ჯიმ შვანთე!". ფალკონესეული კორსიკა ახლოსაა სვანეთთან, სისხლის აღების წესიც გვახსენდება. „ჯიმ შვანთე!" ამ მოტივს არ ეხება. 1991 წელს გადაღებულ „რჩეულთან" ამ ფილმს და რეჟისორებს მხოლოდ გენეტიკური კავშირი არ აერთიანებს. ორივე ფილმს გარდამავალი ისტორიული ეპოქის ეპიკურობა და ტრაგიზმი აახლოებს. და არა ენა, პოეტიკა. რაც ბუნებრივია. „ჯიმ შვანთე!" საბჭოთა ავანგარდის პიკია. მიხეილ კალატოზიშვილი უფროსი 50-იან წლებშიც აგრძელებს ექსპრესიულ-თავბრუდამხვევ ექსპერიმენტებს ტრადიციული ნარატივის ჩარჩოებში. მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსი ჟანრული კინოსკენ იხრება. მისი ბოლო ფილმი „ველური მდელო" რუსული ვესტერნია. დიდი ბაბუის მსგავსად მისი კინობიოგრაფიაც რუსეთს უკავშირდება. 
ისევ საერთოს დავუბრუნდეთ. ფილმის „ჯიმ შვანთე!" კულმინაციური ეპიზოდია თუ როგორაა ტრადიციის თანახმად ორსული ქალი, როგორც უწმინდური, განდევნილი თემიდან და მძიმე მშობიარობას ბავშვის სიცოცხლე ეწირება. ანუ ჩვენთვის საინტერესო ბავშვის სიკვდილია. ახალი ჩანასახშივე კვდება. მთელი ეს ინდუსტრიული მარში ფინალში - ახალი გზა, ახალი დროება, ამოვარდნილია ფილმის მთლიანობიდან და შეიძლება ითქვას ხელოვნურიცაა. ანუ შესაძლოა ეს არაა ფილმის მთავარი მესიჯი!? ფილმის კონცეპტუალური ფინალი ჩემთვის ბავშვის სიკვდილია.
ინტერტექსტუალობის თეორია განიხილავს ტექსტს როგორც უკვე არსებული, ასევე მომავალი ტექსტების ერთობლიობას. ის ტექსტი, რომელიც მომავალში დაედება ამათუიმ ტექსტს განსხვავებულ მნიშვნელს ანიჭებს, როგორც "ჯიმ შვანთეს!" ფინალთან მიმართებაში მოხდა. 
აქვე ტექსტის მომავალ ტექსტთან ურთიერთქმედების მაგალითები მინდა მოვიყვანო. ახლახანს გამოფენაზე სახელწოდებით „Red Star Over Russia. A Revolution in Visual Culture 1905- 55" გამოიფინა ცნობილი საბჭოთა მოქანდაკის ვერა მუხინას ქანდაკების „მუშა და კოლმეურნე ქალი"-ის გარშემო არსებული მასალა. სოცრეალიზმის ეს თავისებური ნიშან-ხატი 1937 წელს პარიზში, გამოფენაზე წამოდგენილი იყო როგორც ავანგარდი. აქ ორი რამაა ნიშნობრივი - ეს დღეს საბჭოთა კონცეპტუალური არტია, არა სოცრეალიზმი, არამედ ჰიპერრეალიზმი, რომელსაც ნატურალიზმთან და რეალობის მიმიკრიასთან საერთო არაფერი აქვს. ცნობილი თეორეტიკოსის ბორის გროისის ფორმულა რომ მოვიშველიოთ, სტალინი კი არ დაუპირისპირდა ავანგარდს, არამედ ის თავად იყო ავანგარდის გაგრძელება, უბრალოდ ისეთ მასშტაბებში, როგორიც ნებისმიერი ავანგარდისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა. მეორე რაც არის ნიშნობრივი ესაა შექმნის წელი - 1937. სტალინური რეპრესიების ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი წელიწადი. ანუ ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ ამ ქანდაკების რეალისტურ მესიჯს. არისტოკრატია როგორც კლასი უკვე განადგურებულია წინა ათწლეულში. 30-იანი წლების დასაწყისში განადგურდა გლეხობა, როგორც პატრიარქალური - ქრისტეანული ცნობიერების მატარებელი კლასი. გლეხი ჩაანაცვლა კოლმეურნემ, რომელსაც არც მიწა აქვს საკუთრებაში და არც რწმენა. რამაც საბოლოოდ განაპირობა სრული გაუცხოება მიწასთან, ფესვებთან, საკუთარ იდენტობასთან. 1936-37 წლებში სისტემის მსხვერპლი ხდება სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცია, ინტელექტუალები. და 1937 წელს მართლაც საბჭოთა ხალხის კრებითი სახეა მუშა და კოლმეურნე ქალი. ასე იცვლება კონოტაციები.
პროსპერ მერიმეს ნოველის კონფლიქტი მსოფლმხედველობის, ღირსებისა და მოვალეობის განსხვავებულ გაგებაზეა დაფუძნებული. ალბათ აქაა კორსიკული თემის და მატეო ფალკონეს მთავარი მესიჯი. ცივილიზაცია ცვლის გარემოს, ადამიანებს, შეხედულებებს და ეს ცივილიზებული სამყარო შორსაა იმ ბუნებრიობისგან საიდანაც მატეო ფალკონეს ფსიქოტიპი იკვებება. მიხეილ კალატოზიშვილ უმცროსს ეს მოტივი არ აინტერესებს. მასთან ცივილიზაცია და კანონი წითელმა ტერორმა და წითელმა ადამიანებმა ჩაანაცვლა. და შესაბამისად „რჩეულის" მესიჯი ბევრად ტრაგიკული და გროტესკულ-აპოკალიფტურია.
სამწუხაროა რომ 90-იანი წლების და შემდგომი ქართული კინო მითოლოგიურ არქეტიპებსა და ინტერმედიალურ მიმართებაზე აღარ ფიქრობს. 
ალეკო ცაბაძეს „ღამის ცეკვა" ასევე არატიპიურია ქართული კინოსთვის. ეს უკანასკნელიც 1991 წელსაა გადაღებული. 1985 წელს ალეკო ცაბაძეს უკვე გადაღებული აქვს „ლაქა", გვიანი საბჭოური ეპოქის თავისებური რექვიემი. ეპოქა სადაც უძრაობა და უპერსპექტივობა ახალგაზრდა თაობის სოციალურ ქცევას განაპირობებს. ერთნი ზღვის გადაცურვას ცდილობენ, მეორენი შინაგან ემიგრაციაში ინაცვლებენ. ორივე გაქცევა გარდაუვალად ფატალურია.
80-იანები ესაა ეპოქა როცა საბჭოთა რეალობაში გაჩნდა ნამდვილი ანდერგრაუნდი. საქართველოში ე.წ. მე-10 სართულის მხატვრები ნიკო და მამუკა ცეცხლაძეები, ოლეგ ტიმჩენკო, კარლო კაჭარავა და სხვები. ქართული კემპის მამამთავარი ირაკლი ჩარკვიანი - მეფე - პოეტი, მუსიკოსი, რომანისტი. დღემდე ქართული კონტრკულტურის შეუცვლელი ფიგურა. ეს ეპოქა საინტერესოა ამ ნონკონფორმისტული სულით. საბჭოთა სისტემის კოლაპსი მხოლოდ რონალდ რეიგანის დამსახურებას, ავღანეთის ომს და ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება. აუცილებელია საზრისისგან დაცლილი სივრცე ვახსენოთ სადაც გაჩნდა ნამდვილი ანდერგრაუნდი. თან არა მხოლოდ პერიფერიებში, ყველაზე მძლავრი სწორედ იმპერიის ცენტრში, მოსკოვში. გარღვევა რომელიც ამ არტისტებმა მოახდინეს შემდგომ ამერიკული არტის სასიცოცხლო ინექცია იყო. ცნობილი საბჭოთა, მერე უკვე ამერიკელი არტისტი ილია კაბაკოვის ერთი 1985 წელს შექმნილი ინსტალაცია სახელწოდებით „The Men Who Flew Into Space From His Apartment", კომუნალური სივრცის, იგივე საბჭოთა სისტემის, ყოფის მარწუხებისგან გათავისუფლების წარმატებული მცდელობის რეპრეზენტაციაა. ოთახის ჭერში ხვრელია, ინდივიდმა გაარღვია ეს მოჯადოებული წრე და შეუერთდა თავისუფალ სამყაროს. ისევე როგორც თავად ილია კაბაკოვი, დიმიტრი პრიგოვი, გია ეძგვერაძე, კოკა რამიშვილი. მოგვიანებით ირაკლი ჩარკვიანი, კარლო კაჭარავა, ალეკო ცაბაძე...
 მე მინდა ალეკო ცაბაძეს პირველი ორი ფილმი „ლაქა" და „ღამის ცეკვა" გამოვყო. მეინსტრიმული ქართული საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა სახელოვნებო პროცესებისგან განსხვავებით საინტერესოა ამ ფილმების ნონკონფორმიზმი, ესთეტიკური სითამამე და ონტოლოგიური მახასიათებლები.
„ლაქა" – 80-იანელთა თაობის რექვიემია, ვინც ვერც „ზღვა გადაცურა" და არც რეალობა მიიღო. 80-იანი წლების ქართული კინო რეალობისკენ შემობრუნდა. ეზოპეს ენა გაქრა. ალეკო ცაბაძე ნატურალისტური ხერხით, ყოფითი დეტალებით სიმბოლურ სურათს ხატავს. ქიშო, მთავარი გმირი, მუსიკოსია, ებმევა რა აბსურდულ თამაშში  ეწირება კიდეც მას. ეს არაა სოციალური კინო. აქ სხვა რამაა აქტუალური - ისევე როგორც გოდართან და ტრიუფოსთან, რეალობა არ გაძლევს იმის ფუფუნებას „იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით", უნდა მიიღო არსრბული თამაშის წესები ან იქცევი მსხვერპლად.
სხვა დროს ქართულ ფილმებში გარემოს რეალისტური ასახვა არ ხდებოდა. ჩვენ ქართული კინო ვერ გვიქმნის წარმოდგენას იმაზე თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები. ალეკო ცაბაძემ ეს ხარვეზიც შეავსო. ქიშოს მშობლები - მამა რადიოს მიმჯდარი და დედა ხალათით და განუყრელი პოლის ტილოთი. ის სულ მდუმარეა და დაჩოქილი. ესეთია ჩვენი წარსული, ხშირად აწმყოც.
 გვიანი საბჭოთა ანდერგრაუნდი და მხატვრები შეგნებულად ვახსენე. კარლო კაჭარავა, ცნობილი ქართველი მხატვარი, ავანგარდისტების მეორე ტალღის წარმომადგენელია. იგი 80-იანელებს „იდეალს მონატრებულებს" უწოდებდა. გავა სამი ათწლეული საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ და ეს მოცემულობა უცვლელი რჩება. უბრალოდ 90-იანების და 2000 -იანების ქართულ კულტურას სხვა ონტოლოგიური  პრობლემა აქვს - არშემდგარი იდენტობა, არ ვიცით ვინ და რანი ვართ. ევროპა, აზია, რუსეთი, საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა იდენტობა გვაქვს, ვერ გავრკვეულვართ. ორთოდოქსი მართლმადიდებლები ვართ თითქოს. ეკლესიის გავლენა ძლიერია. ეკლესიისა რომლიც საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბდა. ეს ეკლესია იმავე საბჭოთა სისტემის ნაწილია, მოძალადე სისტემისა ანუ აქაც გაურკვევლობაში ვართ.
კარლო კაჭარავას მხატვრობისა და ალეკო ცაბაძის კინოს შორის ინტერმედიალური კავშირია საინტერესო. სოციალური რეალობის აღქმის კარლო კაჭარავასეული პოეტური ფორმა, „სპონტანურად ჩამოყალიბებული მითები" ახლოსაა ალეკო ცაბაძის ანტისოციალურ, ირაციონალურ რეალიზმთან. 
„ღამის ცეკვა" ის იშვიათი შემთხვევაა ქართულ კინოში როცა კამერა თბილისის ძველი უბნების კოლორიტულ გარემოს გაცდა. ინდუსტრიული პეიზაჟი, პროვინციული ქალაქი, როგორც ერთგვარი აპოკალიფტური ლანდშაფტი შემოდის ფილმში. დღეს ქართველი კინემატოგრაფისტები ხშირად ჭიათურას იღებენ, როგორც რეალობისა და ირეალობის ზღვარზე არსებულ ქალაქს, წარმავალ ნატურას. ზოგჯერ წარმატებითაც, როგორც რატი ონელის დოკმენტური ფილმის „მზის ქალაქის" შემთხვევაში მოხდა.
ღამის ქალაქი ადამიანთა თანაარსებობის უჩვეულო მოდელია. ნათელი წერტილი აქაც მუსიკოსები არიან. აქ არიან მდგმურები, რუსი ლამაზმანები, გაუცხოებული წყვილები. ერთი გმირი გაუჩინარებულ მამას ეძებს. მეორეს დედინაცვალთან აქვს ყოფითი კონფლიქტი. მესამეს რუსი ლამაზმანები სასტუმროში მიყავს, სადაც არ უშვებენ. სასტუმროც ხომ სოციალისტური წყობის არქეტიპია. რუმინელმა, "ოქროს პალმის რტოს” მფლობელმა კრისტიან მუნჯუმ თავის ფილმში „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე"(2007 წელი), საერთო საცხოვრებელთან ერთად სოციალიზმის მეტაფორად ოსტატურად გამოიყენა. 
ეს უკანასკნელი, მოსე, რუსი ლამაზმანების „მასპინძელი" მათ მუდმივად ახსენებს, რომ უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, ავანგარდში. ჩემი უფროსი კოლეგა, ცნობილი კინომცოდნე გოირგი გვახარია, ამბობს რომ რევოლუცია ოჯახში და ლოგინში უნდა მოხდეს ჯერ. რევოლუციური გარდაქმნა რეალობის  უცხოტომელებთან ინტიმური თანაცხოვრება არ და ვერ გახდება. ამიტომაც არის ფილმში ნაჩვანები ღამის ქალაქი სტაგნაციის სიმბოლო. 
მეორე მთავარი გმირის, ჟიბას, სამყოფელში დაუპატიჟებელი სტუმრები მრავლდებიან. დედინაცვალი მუდმივად ახალ მდგმურებს უსახლებს. ერთნი  ონკანში შარდავენ, მეორენი ყრუმუნჯები არიან. ესაა კომუნალური თანაცხოვრების აუტანელი ყოფიერება, რაც დედინაცვლის მკვლელობთ მთავრდება. არსებობს კლასიკური დრამატურგიის დაუწერელი კანონი - პირველ მოქმედებაში რომ თოფი გამოჩნდება კედელზე ის ფინალში აუცილებლად გაისვრის. ბაბილინას, ჟიბას დედინაცვალის, გამოჩენაც ფილმში ამ გარდაუვალი ფინალის მომასწავებელია. მდინარეში გადაგდებული დედინაცვლის გვამი ქართული კინოს, ჩვენი ემოციური მეხსიერების ჰიჩკოკისეული დედის ფიტულია. 
ღამეა. ჯერ არ გათენებულა საქართველოში. სამწუხაროდ არც სოციალური რეალობის პოეტური აღქმის ფორმამ ნახა გაგრძელება. არც ავანგარდით ვართ განებივრებული. ისევ კარლო კაჭარავას დავესესხები „ავანგარდი ჩვენ მახინჯ სოციუმში ისევე როგორც იშვიათი უცხოური ტანსაცმელი, სიგარეტი და გერმანული ლუდი სოციალური პრესტიჟულობის ატრიბუტად იქცა”. ეს 80-იანი წლების შეფასებაა. დღევანდელი სოციუმი ბევრად მახინჯია. სოციალური პრესტიჟის ყველა ჩამოთვლილი ატრიბუტი კვლავ აქტუალურია, გარდა ავანგარდისა, რაც სამწუხაროა.
მშვიდობით ავანგარდო, 1991 წლის შემდეგ ეგრეთ წოდებული სოციალური კინო გვრჩება მხოლოდ.

Facebook Share
უკან