GNFC
25 წელი

ქართული კინოს გზა საერთაშორისო ფესტივალებიდან მსოფლიო ეკრანებამდე - 22 11 2017
Slider Image

მაგდა ანიკაშვილი

უკანასკნელი ათწლეულის ქართული კინოპროდუქცია არაერთგვაროვანია. ახალი ქართული კინო არ ვითარდება ერთი კონკრეტული მიმდინარეობის ფარგლებში. იმის მიუხედავად, რომ ცალკეული ფილმების ანალიზისას, იკვეთება საერთო ტენდენციები, შეუძლებელია, ფრანგული ან რუმინული მაგალითების მსგავსად, ,,ქართული ახალი ტალღა"  ვუწოდოთ.  თანამედროვე რეჟისორები, ისევე როგორც მათი ფილმები, განსხვავდებიან თემატური და სტილისტური მხატვრული აზროვნებით, ინტერესებით. ეს მოცემულობა არ ეწინააღმდეგება ფაქტს, რომ ეროვნულ კინოში აღმავლობის ეტაპი დაიწყო, ხოლო მისი მთავარი მახასიათებელი საერთაშორისო საფესტივალო წარმატებაა. 
მსოფლიო აღიარება ქართულმა კინემატოგრაფმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოიპოვა. პირველი ნაბიჯი 1955 წელს, კანის კინოფესტივალზე  თენგის აბულაძის და რეზო ჩხეიძის ,,მაგდანას  ლურჯას" დაჯილდოვება, შემდეგ კი 1958 წელს, მიხეილ კალატოზიშვილის ,,მიფრინავენ წეროებისთვის" ფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს პალმის რტოს გადაცემა იყო. ორივე ფილმს საბჭოთა კავშირი წარადგენდა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების კინემატოგრაფისტებისთვის ნათელია გახდა, რომ ქართული კინო დამოუკიდებელ და თავისთავად ფენომენად ყალიბდებოდა. ინტერესი მის მიმართ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ განელებულა. XX  საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც კინოწარმოების ძველი სისტემა დაინგრა, ახალი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ხოლო ფილმის გადაღება გმირობას გაუტოლდა, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე თემურ ბაბლუანის ,,უძინართა მზე" „ვერცხლის დათვით" დააჯილდოვეს. 1996 წელს ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის" ნომინანტთა შორის ნანა ჯორჯაძის ,,შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" დაასახელა. 
ამ მაგალითების მიუხედავად, ქართული ფილმების  მონაწილეობა მაღალი კლასის საერთაშორისო ფესტივალებში ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ბოლო წლებში ვითარება, შეიცვალა, ვინაიდან ეროვნული კინო პერმანენტულად იპყრობს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ეკრანებს. 

წელს, ბერლინის 67-ე კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში 4 ქართული ფილმი იყო წარდგენილი: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ,,ჩემი ბედნიერი ოჯახი", რატი ონელის დოკუმენტური „მზის ქალაქი", რეზო გიგინეიშვილის ,,მძევლები" და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ,,ლი.ლე". ანა ურუშაძის ,,საშიში დედა" სხვა ჯილდოებთან ერთად, ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ამ მოვლენებამდე, გიორგი ოვაშვილის ,,სიმინდის კუნულმა" კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. იყო ზაზა ურუშაძის ,,მანდარინები" ესტონეთის სახელით მონაწილეობდა  „ოსკარსა" და „ოქროს გლობუსზე". საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც წესი, მხოლოდ პრესტიჟულ ფესტივალებზე მოპოვებული წარმატება ხვდება. მათ გარდა, წლის განმავლობაში, ეროვნული კინოპროდუცია, მთელ მსოფლიოში 70-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე მოგზაურობს და სხვადასხვა კონკურსის ათეულობით პრიზით ჯილდოვდება. 

ლევან კოღუაშვილი, რუსუდან გლურჯიძე, მარიამ ხაჭვანი, რუსუდან პირველი, ლევან თუთბერიძე, თინათინ ყაჯრიშვილი, ქეთი მაჭავარიანი და ბევრი სხვა კინემატოგრაფისტი დღეს ახალ ქართულ კინოს ქმნიან. და მათ ფილმებს ითხოვენ საერთაშორისო ფორუმებზე, რადგან ქართული კინემატოგრაფი კვლავ ის მოვლენაა, რომელიც მაყურებელს ეკრანისკენ იზიდავს. 

ეროვნული კინოპროდუქცია მსოფლიო ბაზარზე  იკავებს პოზიციას, როგორც საფესტივალო კინო. თუმცა, ეს სტატუსი მხოლოდ ნომინირებას არ გულისხმობს. ყოველი ფესტივალის მიმდინარეობა დატვირთული, მრავალმხრივი შრომაა, რომელიც, როგორც წესი, მაყურებლისთვის უცნობ სივრცეში ხორციელდება და რომელზე პასუხისმგებელიც, უმეტესწილად, საქართველოს ეროვნული კინოცენტრია. 

კინოცენტრს პროაქტიული პოლიტიკა ძირითადად ა კლასის  ფესტივალებთან მიმართებაში აქვს. ამგვარი სტრატეგია გულისხმობს, რომ ყველაზე პრესტიჟულ ეკრანებზე დაფიქსირების შემდეგ, საშუალო და დაბალი კლასის კინოფორუმები თავად იჩენენ ინტერესს ქართული პროდუქციის მიმართ. კანსა თუ ბერლინში მიღებული დადებითი შეფასება ნებისმიერი ფილმისთვის ხდება საგზური მსოფლიო ეკრანისკენ. 

აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალებთან  ათი წლის წინ დაიწყო. მაშინ ახალი ქართული კინო მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ხოლო საბჭოთა პერიოდის წარმატება თანამედროვე კინოინდუსტრიისთვის აქტუალური აღარ იყო. ეროვნული კინოცენტრის ფოკუსში  ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება მოექცა: ბერლინის ფესტივალის  კინობაზრობა (European Film Market) და კანის ფესტივალის ბაზრობა (Marche du Film). თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, ქართული კინემატოგრაფის მიმართ ინტერესი დაბალი იყო. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ეროვნული კინო სტაბილურადაა წარდგენილი ბერლინში საკუთარი სტენდით, ხოლო კანში - პავილიონით. მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი წითელი ხალიჩისა და გადამღები ჯგუფების პრეს კონფერენციების გარდა, კინოცენტრი ამ პლატფორმებს სხვადასხვა სტრატეგიული გეგმის განსახორციელებლად იყენებს. პირველ რიგში, ეს ქართული კინოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა. ასევე, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებთან სამომავლო თანამშრომლობის დასაგეგმად და მოლაპარაკებები საერთაშორისო ფონდებთან ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. 
მაგალითად,  წელს, კანის კინოფესტივალის ფარგლებში, ქართველი პროდუსერებისა და ლუქსემბურგის კინოფონდის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.  განხილული ხუთი სცენარიდან სამის დაფინანსებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ამ პროექტებს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება უკვე მოპოვებული ჰქონდათ, ხოლო თანადამფინანსებლების მოძიება სწორედ კანის კინობაზრობის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. მსგავსი შეხვედრა უკვე დაიგეგმა მომავალი წლის ბერლინალეს მსვლელობის პერიოდში. ბერლინშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, როგორც საკუთარ  კონკურსებში გამარჯვებული, ისე სხვა პროექტებისთვის თანადაფინანსების მოძიებას შეეცდება. დასავლური ფონდებისთვის კინოცენტრის ჩართულობა მოლაპარაკებების პროცესში ერთგვარი ხარისხის ნიშანია, რაც კოპროდუქციის შექმნის შანსს ზრდის.  
ბოლო წლებში მოპოვებული ათეულობით ჯილდოს მიუხედავად, ეროვნული კინოპროდუქცია არ არის მხოლოდ საფესტივალო კინო. მას უკვე ჰყავს მაყურებლის ფართო წრე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ქართული კინოს გზა მსოფლიო ეკრანისკენ ისევ საერთაშორისო კინოფესტივალებზე გადის.  არაკომერციული, ინტელექტუალური ფილმების შესარჩევად გაყიდვების აგენტები, რომლებიც პროდუსერებსა და ადგილობრივ დისტრიბუტორებს შორის შუამავალ რგოლს წარმოადგენენ, სწორედ პრესტიჟულ ფესტივალებზე ჩადიან. ქართველი პროდუსერებისა და გაყიდვების საერთაშორისო აგენტების შეხვედრების ორგანიზებითა და ახალი ფილმების სპეციალური ჩვენებების მოწყობით ძირითადად ეროვნული კინოცენტრია დაკავებული. 
ყველაზე წარმატებული გაქირავება ქართულ ფილმებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, საფრანგეთსა და გერმანიაში აქვთ. ფესტივალებზე გამორჩეულ  ფილმებს, ბოლო რამდენიმე წელია, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნის კინოთეატრებში უჩვენებენ. წარმატებული იყო ,,მანდარინებისა" და ,,გრძელი ნათელი დღეების" დისტრიბუცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. გაქირავების ადგილობრივ კომპანიებს ქართველი პროდუსერები გაყიდვების აგენტების მეშვეობით უკავშირდებიან. ქართულ პროდუქციაზე ბოლო რამდენიმე წელია მუშაობენ  გაყიდვების ევროპული კომპანიები: Memento Films International, Films Butique, Wide და სხვა. იყო შემთხვევები, როდესაც დისტრიბუცია ევროპულ ქვეყნებში თავად ქართველმა პროდუსერებმა სცადეს, თუმცა, ნაკლები წარმატებით. 
წელს, ეროვნული კინოს დისტრიბუციის მხრივ, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველად, ქართული ფილმის, ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ,,ჩემი ბედნიერი ოჯახის" საერთაშორისო გაყიდვის  უფლება კომპანია ,,ნეტფლიქსმა" შეიძინა. ,,ნეტფლიქსი" ინტერნეტტელევიზიის უმსხვილესი ქსელია. მისი ხელმომწერი მსოფლიოს 190 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, 70 მილიონი აბონენტია, რომელთაც შეუზღუდავი წვდომა აქვთ ,,ნეტფლიქსის" კონტენტზე.  
გასულ წლებში კომპანიის ქსელში რამდენიმე ქართული ფილმი იყო განთავსებული. თუმცა, საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელობა პირველად ხდება. ,,ნეტფლიქსი" არ არის ჩართული ,,ჩემი ბედნიერი ოჯახის" გაქირავებაში მწარმოებელ ქვეყნებში: საქართველო, საფრანგეთი და გერმანია. აქ პროცესს ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიები ხელმძღვანელობენ. ყველაზე დიდი წარმატება ფილმს საფრანგეთში ხვდა წილად. ის 60-ზე მეტ კინოთეატრში აჩვენეს. ჩვენებებს 70 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. კინოსურათმა გერმანელი მაყურებლის ინტერესიც დაიმსახურა.
 
საქართველოში  წარმოებული ფილმების დისტრიბუციით ადგილობრივი  პროდუსერები და კინოთეატრების ხელმძღვანელები არიან დაკავებულნი. ლოკალურ დონეზე არ არსებობს გაყიდვების აგენტების ინსტიტუტი, ისევე, როგორც დისტრიბუტორი კომპანიები. ეს მოცემულობა ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში კინოთეატრების რაოდენობას. დარღვეულია დისტრიბუციის კლასიკური სქემა: ფილმი ჯერ კინოთეატრებში გამოდის, შემდეგ ვრცელდება დივიდი დისტრიბუციის გზით და  ბოლოს ხვდება  ტელეეთერში. ქართულ რეალობაში  სქემის მეორე რგოლი ამოვარდნილია. დივიდი გაყიდვები, როგორც სადისტრიბუციო არხი, მწარმოებლების დიდი ნაწილისთვის გაუმართლებელი ხარჯია, რადგან ბაზარი არალიცენზირებული დაბეჭდილი და ინტერნეტპროდუქციით არის გაჯერებული. დივიდიზე გადატანილი ლეგალური ქართული ფილმების რაოდენობა მინიმალურია. ამ რთულ მოცემულობაში  პროდუსერის მთავარ ამოცანას  ფილმის ეკრანებზე გამოსვლასა და მის სატელევიზიო ჩვენებას შორის ოპტიმალური პერიოდის განსაზღვრა წარმოადგენს. გამოცდილების თანახმად, აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, სწორად დაგეგმილი კამპანიის შემთხვევაში გარკვეული შემოსავლის მიღება მაინც შესაძლებელია. კინოდარბაზების სიმცირე არ ნიშნავს, რომ მაყურებელს არ აქვს ინტერესი ახალი ქართული კინოს მიმართ. 
ცალკე აღნიშვნას ითხოვს კინოთეატრების მფლობელების დამოკიდებულება ქართული პროდუქციის მიმართ. იმის მიუხედავად, რომ სფერო მონოპოლიზებულია, ეს კერძო ჯგუფი არ ხელმძღვანელობს მხოლოდ კომერციული მოსაზრებებით და ახალი ქართული ფილმის ეკრანზე გამოსვლის დროს სოციალურ ვალდებულებად მიიჩნევს ეროვნული კინოპროდუქციის მხარდაჭერას. 

ეროვნული კინოცენტრის მონაცემებით, ქართულ ფილმებს, წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში ათ მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. იგულისხმება როგორც საფესტივალო ჩვენებები, ასევე საერთაშორისო გაქირავება. 

ჰოლივუდის ნაწარმის  დომინაციის პირობებში ქართულ კინოს არ აქვს პრეტენზია მასობრივი, გასართობი პროდუქტი გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე. საავტორო კინოდ პოზიციონირება, ოპტიმალური გამოსავალია, ერთი მხრივ, ეროვნული კინოინდუსტრიის რესურსებისა და მეორე მხრივ, ქართული კინოს ტრადიციის გათვალისწინებით. თუმცა, ეს ნიშა არ ზღუდავს ქართულ ფილმს. პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ის საფესტივალო ჩვენებების გავლით ხვდება მსოფლიო ეკრანზე. 





Facebook Share
უკან