GNFC
25 წელი

ნიჰილიზმის, აბსურდის ნიშნები პოსტსაბჭოთა ქართულ კინოში - 14 11 2017
Slider Image

ნინო მხეიძე

 (1991-2003წწ) 


საუკუნეების მიჯნაზე, მოაზროვნე ინდივიდებში ყოველთვის ისადგურებდა უიმედობის, ცხოვრების აბსურდულობის შეგრძნება. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰერტრუდა სტაინმა ჰემინგუეის საუბარში `დაკარგული თაობის" წარმომადგენელი უწოდა. ეს ნაწილობრივ ასეც იყო. თაობა, რომელმაც ცხოვრების აზრი, იდეალები, მომავლის იმედი დაკარგა, თავისთავში ჩაიკეტა, რეალობასთან კავშირი გაწყვიტა. მათზე პირველმა მსოფლიო ომმა, რუსეთის რევოლუციამ დამანგრეველად იმოქმედა, ანალოგიურად მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მასშტაბურად და შემზარავად. დამარცხებულმა გერმანიამ და გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმაც იდეალები დაკარგეს, თითქოს უიმედობის ბურუსში გაეხვიენ. მოტყუებული მასები რეალობას ვერ ურიგდებოდნენ. ზეადამიანების - ჰიტლერსა და სტალინზე მითების რღვევამ მათზე შოკისმომგვრელად იმოქმედა, რაობაზე დააფიქრა. პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოებაც კრიზისს განიცდიდა: სამოქალაქო ომი, დაკარგული ტერიტორიები,  ფასეულობათა გადაფასება, ნანატრი, მაგრამ გაუაზრებელი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისტორია არაა ადამიანებისგან დამოუკიდებლად მიმდინარე, მექანიკური პროცესი. ისტორიას ადამიანები ქმნიან. ხელოვანი, როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ინტუიციით გამოირჩევა და ამიტომ ცხოვრების ახალი იდეალის დასახვისა და ძველის კრიტიკული მხილებისა თუ უარყოფის მხრივ, ანუ ისტორიის ქმნის მხრივ, უკან კი არ მისდევს სხვებს, არამედ წინ მიუძღვის. ხელოვანი უნდა ცდილობდეს კონკრეტული განაზოგადოს და უიმედო, ნიჰლისტური განწყობა მომავლის იმედით გააჯეროს. სწორედ განზოგადება, მოვლენების სიღრმისეული ხედვა აკლდა 90-იანი წლების ქართულ კინოს. 
პოსტსაბჭოთა ქართულ კინოში, თუ კინორეჟისორი ნიჰილიზმის პრობლემას აყენებდა, ანდა ამ პრობლემას ეხმიანებოდა, როგორც წესი, განზე კი არ იდგა, არამედ ამ სიტუაციასა და პორტრეტებს შორის ეგულებოდა საკუთარი თავიც. იგი თვითონაც ნაწილობრივ ნიჰილისტია, ოღონდ, რა თქმა უნდა, არაბანალური და თანაც ნიჰილიზმის გადალახვის მაძიებელი. ხელოვანი მუდმივად ცხოვრების გზის გამორკვევისა და არჩევანის ზღვარზე დგას. 
„ნიჰილიზმი - არაფერს ნიშნავს. როდესაც არ არის მიზანი, აზრი დაკარგა არსებობამ, უიმედობამ დაისადგურა, საზოგადოება ჩიხშია მოქცეული, არ იცის, როგორ დააღწიოს თავი ირგვლივ გამეფებულ გულგრილობას. შეცდომა იქნება ნიჰილიზმი `სოციალურ გაჭირვებას" ანდა ფიზიოლოგიურ გადაგვარებას დავუკავშიროთ. ნიჰილიზმი ყოველთვის ღირებულებების, საზრისის უარყოფით მოდის. ნიჰილიზმი მაშინ ისადგურებს, როცა ადამიანი მხედველობიდან ჰკარგავს სხვა არსებისადმი ზიარებისა და ამაღლების პერსპექტივას."1
ხელოვანი და გმირი 80-იან წლებში გაურბოდა პრობლემებს, ზოგი ბედისწერას ემორჩილებოდა, ზოგიც საერთოდ არაფერს აკეთებდა, ყველაფერში მხოლოდ ცუდს ხედავდა, შეცვლის, მოქმედების უნარი არ ჰქონდა. 80-იან წლებში ასეთი გმირი სიმპათიას იმსახურებდა. `გმირი" სოციალიზმს ვერ ეგუებოდა, მამების თაობას ჩუმ პროტესტს უცხადებდა და ნიჰილისტურად ყველაფერს უარყოფდა. მისი დამოკიდებულება ცხოვრების, მოვლენების მიმართ, სამწუხაროდ, ისტორიული კატაკლიზმების ფონზე არ შეიცვალა. სულ უფრო მეტად უმისამართო ხდებოდა იმ პერიოდის ქართული კინო და უკვე მაყურებელსა და სპეციალისტებს უჩნდებოდათ ნიჰილისტური დამოკიდებულება ქართული კინოს მიმართ.

ლევან ზაქარეიშვილის ფილმის `ისინი~ გმირები  ერთ უფსკრულში გადაჩეხილი ადამიანები არიან. რეჟისორი ისტორიის დიდ მონაკვეთს იღებს. მოქმედება საბჭოთა საქართველოში იწყება და საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში მთავრდება. 
ფილმის გმირები, ერთი შეხედვით, არც არაფერს აშავებენ. მიზნებიც აქვთ და ოცნებებიც. ხანდახან `წამალსაც ჩალიჩობენ", მაგრამ მათ ჩამოყალიბებული ნარკომანები არ ეთქმით. მათთვის `წამალი~ თავიდან ინტერესია, თამაშია.  ჭაობის მახლობლად ცხოვრობენ და ნელ-ნელ თავადაც ჭაობში ეშვებიან. 

`წამალზე~ წასულ გიას გზაში ბავშვობის მეგობარი `მორფის~ გაკეთებისას ხელში ჩააკვდება. საბედისწერო შემთხვევას დანაშულებათა ჯაჭვი მოსდევს და ოცი წლის განმავლობაში გია საზოგადოებას, ცხოვრებას ეთიშება. პირველად თავის მოკვლას, დედის სიკვდილს რომ გაიგებს, მაშინ ფიქრობს. გადაარჩენენ, სასჯელსაც მოიხდის და სახლში ბრუნდება. მაგრამ სახლში, წარსულში ვერ ბრუნდება. ეს ის სამყაროა, რომელშიც ცხოვრება გიამ არ იცის. ყაზახეთში მიდის და იქ `ქურდული~ სამყაროს განუყოფელი ნაწილი ხდება. საქართველოდან გაგზავნილ წერილში გიას მეზობელი ბიჭის, მიშკას `გაპარვის~ ამბავს შეატყობინებენ. გიას ახალი ამბავი შოკში აგდებს. მიშკას ხომ მისგან განსხვავებით, სხვა ბავშვობა ჰქონდა. ფეხბურთზე ოცნებობდა, მაგრამ ნარკოტიკის მსხვერპლი გახდა. გია საბოლოოდ მარტო გრძნობს თავს, წარსულთან ბოლო ძაფიც წყდება და მარტოობის დასაძლევად თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ეს მისი არჩევანია.
 რეჟისორ ალეკო ცაბაძის ,, ღამის ცეკვაშიც~ გმირები მარტო არიან. ფილმში არც ქალაქი, არც დრო არ არის დაკონკრეტებული. Gგმირების ცხოვრება რუხია, სინათლე მათ ჩაკეტილ სივრცეში არ აღწევს.  მოქმედებაც ყოველთვის ღამით ხდება. გმირებიცა და ქალაქიც ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. უჯიშო, უგვარო, უწარსულო და უმომავლო ადამიანები განწირულები არიან. მათი ყოფა სულისშემხუთველია, ირგვლივ გამეფებული გულგრილობა, უზნეობა, ურწმუნოება, უსიყვარულობა, სულიერი სიცარიელე - ბოროტებას  შობს. ,,ლაქაში" იწყებოდა გმირების გაუცხოება, ..ღამის ცეკვაში" კი ყველაფერს ლოგიკური წერტილი დაესვა. ამიტომ აღარ არის საერთოდ სინათლე და ყველაფერი სიბნელეს, ჭუჭყს მოუცავს. ქიშოსგან Gგანსხვავებით, მოსე მეამბოხეა მუდმივი პროტესტის გრძნობით შეპყრობილი, თავისუფლების მაძიებელი. გარეგნულად უხეში, უტიფარი, უმეტეს შემთხვევაში, დაუნდობელი. მოსეს ქიშოსავით ვერ გააცურებ. მას ნიღაბი აქვს მორგებული, იცის, ვისთან, როგორ მოიქცეს. მკვლელობის შემდეგ არ იბნევა, გვამს წყალში აგდებს და გარბის. 
ერთდროულად რეალისტური და სიმბოლური ატმოსფერო, რომელიც ჯოჯოხეთურ ყოფას გამოხატავს, იმდენადაა გამძაფრებული, რომ აღიქმება არა, როგორც კონკრეტული რეალური სამყარო, არამედ როგორც არარსებულ სამყაროში ,,ღამის ცეკვა". რეჟისორის დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ პესიმისტურია, ნიჰილისტური. ამ აბსურდულ საზოგადოებაში დასაყრდენს ვერ პოულობს. 
აბსურდის გულწრფელი აღიარება იმაში გამოიხატება, რომ კაცი არ ინიღბება ადამიანურ ურთიერთობათა ტრადიციული ნორმებითა და სიტუაციით, არამედ დაუფარავად ამჟღავნებს თავის სრულ გულგრილობას მოყვასისადმი.
,,ღამის ცეკვის~ გმირებს იმდენად დაკარგული აქვთ პიროვნული ,,მე", რომ რეჟისორი არ უახლოვდება და საშუალო ხედზე გვიჩვენებს მათ. ისინი ყველა ერთ კრებით, გულგრილ, სახედაკარგულ მასას წარმოადგენენ.
  დათო ჯანელიძის ფილმის `მდგმურები~ მთავარი გმირი მიხეილ ჯავახიშვილის `ჯაყოს ხიზნების~ გმირს თეიმურაზ ხევისთავს გავს. ის ინტელიგენციის წარმომადგენელია. საკუთარ თავში ჩაკეტილს, გარე სამყარო ნაკლებად იზიდავს. ალბათ სწორედ ამიტომ გარე სამყარო თავად იჭრება მასთან და ნელ-ნელა მის ბინაში, მისივე ადგილს იკავებს. მდგმურები: პროვინციული სიხისტით, უტიფრად მკვიდრდებიან გმირის ბინაში. მყუდროებას ურღვევენ, ავიწროვებენ, აშანტაჟებენ, საკუთარ სახლში მდგმურად აქცევენ. ჯაყოები მომრავლდნენ, მათი მეთოდები უფრო სასტიკია, უფრო დაუნდობელი. მათთვის არ არსებობს ზღვარი მორალურსა და ამორალურს შორის. ფილმის გმირის ფანჯრებს მიღმა 60-იანელთა თაობის, თბილისის სურათები მონაცვლეობს, გმირი მათი წარმომადგენელია, იმ დროის ნოსტალგია აქვს. მდგმურები ნელ-ნელა დარაბებს ხურავენ და ერთგვარად წარსულზე უარს ამბობენ. ეს ხომ მათი წარსული არ არის. ისინი თავად ჰქმნიან აწმყოს და დარწმუნებულნი არიან, მომავალიც მათია. ასეთ საზოგადოებაში გმირი განწირულია, ინდივიდების ადგილს ბრბო იკავებს, ბრბოს კი მგლური კანონები აქვს. უუნარო, აპათიური, ინფანტილური გმირი ,,მდგმურებს" ვერ დაუპირისპირდება.
რეჟისორ დავით ნაცვლიშვილის ფილმ `ლეონარდოს~ გმირიც საზოგადოებაში დარჩენას ცოცხლად დამარხვას ამჯობინებს. Gგმირი, მართალია, ლეონარდო და ვინჩი არაა, მაგრამ შემოქმედია, კარგად ხატავს თავისივე ბინის კედლებზე, მუსიკოსიც არის და ცოტა პოეტიც. Mოკლედ, ერთობ უცნაური პიროვნებაა. იგი ისარგებლებს შემთხვევით, რომ ყველას მკვდარი ჰგონია და მთელი ფილმი ფიქრობს: თქვას სიმართლე და დარჩეს ცოცხალი, თუ თავი ცოცხლად დაამარხვინოს. 
თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, თუმცა უშუალოდ ომს რეჟისორი ეკრანზე არ გვიჩვენებს. უბრალოდ გვესმის სროლის ხმა, ვხედავთ დაცარიელებულ, დამწვარ და დანგრეულ თბილისს. უკვე იწყება ადამიანების გაუცხოება, გათიშულობა. საზოგადოება, რომელსაც არ სჭირდება: მხატვარი, მუსიკოსი, პოეტი, ოდნავ შერეკილი, მეოცნებე ადამიანი _ განწირულია. ასეთ საზოგადოებაში ლეონარდოს არ უნდა დარჩენა, იგი ცოცხლად დამარხვას არჩევს. ეს კი, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა.
რეჟისორ გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმის `ბედიანი~ მოქმედება ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნარკოლოგიურ განყოფილებაში ხდება. კონკრეტულ სიტუაციაში საავადმყოფო სამყაროს მოდელად არის გააზრებული. ფილმის მთავარი გმირი ბიჭო ბავშვობას იხსენებს. მისი მოგონება 1953წ. სტალინის სიკვდილს უკავშირდება. მაშინ ბავშვური თამაშის დროს, შემთხვევით მანქანის საბარგულ ნაწილში ჩაკეტილს, პირველად უჩნდება ჩაკეტილი სივრცის შიში. მერეც, მთელი ცხოვრების განმავლობში, ის გამუდმებით რაღაცის შიშის ქვეშ ცხოვრობდა. სინამდვილეს რომ გაქცეოდა: ლოთობდა, ნარკომანობდა, ბოლოს ნარკოლოგიურ განყოფილებაში მოხვდება, მეხსიერება დაკარგულ ბიჭოს ბავშვობა კარგად ახსოვს, ცხოვრების სხვა მომენტები კი, ბუნდოვნად. იგი ნელ-ნელა, ფილმის მსვლელობის დროს, საგიჟეთში ბავშვობის ყველა მეგობარს ნახავს. უმეტესი, მასავით ავადაა, მხოლოდ ერთი გახდა ექიმი. საგიჟეთში ერთი უცხოელი დიპლომატიც მოხვდება და გამოფხიზლებისთანავე, შინაურად, კომფორტულად გრძნობს თავს გიჟების სამყაროში. ამ გიჟებს, გიჟებს ვერც კი უწოდებ, ისინი უფრო დროსა და სივრცეში დაკარგული თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დროებით საგიჟეთს აფარებენ თავს. გარეთ, თბილისში კი სამოქალაქო ომია. შეიძლება ყველაფერი ისე დამთავრდეს, რომ მათ აქ დარჩენა აღარ დასჭირდეთ, თუმცა შეიძლება ეს მათი სამუდამო ადგილსამყოფელი გახდეს.
რეალობას გაურბის დიტო ცინცაძის გმირი ფილმში `ზღვარზე" რეჟისორი შეეცადა გაენალიზებინა, რა მოხდა ჩვენში, რატომ გაიხლიჩა ერი ორ ნაწილად, რა აკავშირებდა დაპირისპირებულ მხარეებს და განასხვავებდა მათ, ვის მხარეზე იყო სიმართლე სამოქალაქო დაპირისპირების დროს. 
ფილმის გმირს ორივე მხარეს ჰყავს ნაცნობ-მეგობრები. ის ორად გახლეჩილია, ჰყავს ყოფილი ცოლი და მოქმედი საყვარელი, რომელთან ურთიერთობასაც ინერციით აგრძელებს. მას პოზიცია არ გააჩნია, ის არავის მხარეზე არ არის, ის ზღვარზეა, ზღვარზე მისული ადამიანი კი, საშიშია. მისი ქმედების განსაზღვრა ძნელია, თითქმის შეუძლებელი. იმპულსებით მოქმედებს, მის ქმედებას ლოგიკა არ გააჩნია, თუმცა არც დაპირისპირებულ მხარეთა ინტერვიუებში იგრძნობა ლოგიკური აზროვნების უნარი. მხარეების შერიგება შეუძლებელია, რადგანაც სიმართლე ორივე მხარესაა. 
ფილმის გმირის ქცევა შეესაბამება მისი ცხოვრების სტილს, იმ საზოგადოების, რომელშიც ცხოვრობს. საზოგადოებაში ქაოსს, განუკითხაობას, ძალადობას დაუსადგურებია. ასეთ დროს ადამიანი ხელში იარაღს იღებს და თავის სიმართლეს ამყარებს ან უბრალოდ უაზროდ, უმიზნოდ ჰაერში ისვრის და უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს. ეს ჩვენი საზოგადოების ნათელი სურათია სამოქალაქო ომის დროს. გმირიც ამ საზოგადოების ნაყოფია. 80-იანელთა თაობის წარმომადგენელი კვლავ განზე დგომას ამჯობინებს, უშუალოდ მოვლენებში მონაწილეობას  გაურბის, მაგრამ ბოლო წუთს მატარებლიდან ჩამოდის და უკან, ქალაქში ბრუნდება. აბსურდული სიტუაცია, აბსურდულადვე მთავრდება. გმირი თავიდან უმისამართოდ, უმიზნოდ ისვრის, შემდეგ კი გამვლელებსაც ხოცავს და მეგობრებსაც იმსხვერპლებს. მისი გასროლა უკვე პოზიციის გამოხატვაა.
 შემდეგ ნამუშევარში დიტო ცინცაძე ემიგრანტების, სამშობლოდან გაქცეული ადამიანების თემას ეხება. ფილმის `ხელმოცარული მკვლელები" გმირებს შორის ერთ-ერთი ქართველია. იგი არაპროფესიონალმა ლაშა ბაქრაძემ განასახიერა. შემთხვევით არ არის, რომ რეჟისორი ამ პრობლემით დაინტერესდა და მთავარი გმირის შესრულება უცხოეთში, კერძოდ კი, გერმანიაში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ადამიანს მიანდო. უწინ ქართველი ემიგრანტები თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ და მათ სახელებს თითქმის ყველა იცნობდა, მათზე მოწიწებით და სიყვარულით საუბრობდნენ. დრო შეიცვალა, მრავალი რამ მოხდა და ბევრმა ქართველმა, სხვების მსგავსად, დასავლეთში დაიწყო  ადგილის ძებნა. 
ფილმში გერმანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში სხვადასხვა კუთხის ემიგრანტები შეკრებილან. დიტო ცინცაძე კარგად გრძნობს გარემოს, სიტუაციას, ემიგრირებული ადამიანის გუნება-განწყობილებას. სერბი - ბრანკო, ქართველი - მერაბი, იუგოსლაველი - გოგონა, ვიეტნამელი - მეძავი და მისი სენეგალიელი მეგობარი. ისინი სიყვარულში ეძებენ მეგობრებს, ხოლო მეგობრობაში - სიყვარულს. ისინი ადვილად პოულობენ ერთმანეთს, რადგანაც უცხო სამყაროში მარტო თავის გატანა ძნელია. სერბი ბრანკო და ქართველი მერაბი  დაქირავებული, იაფფასიანი მკვლელები არიან. მაქსიმალურად ცდილობენ გაჭიმონ მკვლელობის პროცედურა, ათასგვარ მიზეზს იგონებენ, რომ არ მოიყვანონ სისრულეში დაკვეთა. გაუთავებლად სვამენ, მერაბს შიგადაშიგ სამშობლოს ნოსტალგიაც ეძალება. ყველა თავისებურად ცდილობს მათთვის უცხო სამყაროში ადგილის დამკვიდრებას. უმეტესწილად ეს მეძავეობით ან დაქირავებული მკვლელობით ხდება, მხოლოდ სენეგალელია მოწადინებული საკუთარი ფილტვის გაყიდვით მოიწყოს ავსტრალიაში ტკბილი ცხოვრება. 
ფილმის ატმოსფერო მძიმეა და დამთრგუნველი, ადამიანები – მიუსაფარნი. უკან დასახევი გზაც მოჭრილი აქვთ. მერაბს სამშობლოში ყოფნას აქ, ამ გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა ურჩევნია, თუმცა შეიძლება ეს მისი ნებაყოფლობითი არჩევანი არ არის. ის სამშობლოში შექმნილ სიტუაციას გამოექცა, საქართველო დაქუცმაცდა, მრავალი ჭირ-ვარამი გამოიარა, ბევრი ფასეულობა თავიდან გადაფასდა. ემიგრაციაში მათი ცხოვრება გაუსაძლისია, ისინი მიტოვებულები არიან. ეს მათი არჩევანია. აფილმის გმირებმა ზღვარს გადააბიჯეს. Yყოველი მათგანიGსიბრალულის გრძნობას იწვევს.
რეჟისორებმა კახა მელითურმა და თინა მენაბდემ საავადმყოფო შემოგვთავაზეს სამყაროს მოდელად. ჩაკეტილ სივრცეში მოხვედრილი ადამიანები თავის თავთან მარტო დარჩენილები უფრო გულახდილები, გახსნილები არიან. ეს უნიკალური საავადმყოფოა. აქ სიბინძურეს, სიბნელეს დაუსადგურებია. აქ ექიმებიცა და პაციენტებიც მძიმე, უკურნებელი სენით არიან დაავადებულნი. საავადმყოფო გახეთქილი კანალიზაციის სიბინძურეში იძირება. გამოსახულება შავ-თეთრია, აქ არც ბავშვის დაბადებასა და არც აღდგომის დღესასწაულს სიხარული არ მოაქვს. 
რა ელის ასეთ საზოგადოებას? რა საჭიროა თავიდანვე კოლბებში გამომწყვდეული ავადმყოფი ბავშვების სხეულების ჩვენება, რა სიმბოლოებზე არის საუბარი ფილმში? Gგაურკვეველია, რისი ჩვენება უნდოდათ `როგორც ლურჯა ცხენების~ შემქმნელებს. თუ ყველაფერი ასე ცუდადაა და თუ ყველაფერს ლპობის სუნი ასდის, ჯობია დაიტბოროს საავადმყოფო, პირისა და მიწისაგან აღიგავოს, როგორც სოდომი და გომორი. საზოგადოების დეგრადირება აწუხებთ რეჟისორებს? ვინ არიან ფილმის გმირები? საით მიექანებიან? იციან კი, რა უნდათ ცხოვრებაში? იყვნენ კი, ოდესმე საზოგადოების წარმომადგენლები, ღირს მათზე ყურადღების გამახვილება? ეს უკვე `ჩერნუხაც" აღარ არის, ეს ის ზღვარია, რომლის იქითაც უფსკრულია, რომელშიც ნელ-ნელა ეშვებოდა `უგმიროდ" დარჩენილი ქართული კინო.
80-იანელთა თაობის გმირი, როგორც უკვე აღვნიშნე, ილუზიებში ცხოვრობდა, ხშირად სინამდვილეს სმასა და ნარკოტიკებში ემალებოდა. გმირი მხოლოდ საკუთარ თავს ავნებდა ან სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულედა. 80-იანელთა გმირი გაიზარდა, უკვე თავად გახდა მამა და უკვე თავად უწევს შვილის წინაშე ცოდვების მონანიება. თავისი თაობის ცოდვებზე გვესაუბრებიან ლევან ანჯაფარიძე ფილმში `ორმაგი სახე" და ზაზა ურუშაძე ფილმში `აქ თენდება". 
`ორმაგი სახის" მთავარ გმირ გიოს ცხოვრებას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვადევნებთ თვალს. ის არაფერს თაკილობს, ძარცვა, მკვლელობა, შურისძიება, ნარკომანია მისი ცხოვრების წესია. ციხიდან რეალობაში დაბრუნებულს, უახლოესი მეგობრის საფლავი დახვდება. ის მათი ცხოვრებისეული წესის მსხვერპლი გახდა. გიო არ ფიქრობს ცხოვრების შეცვლას, მანამ, სანამ ავადმყოფი შვილის არსებობას არ შეიტყობს. ინვალიდი ბავშვი ვერასოდეს გაივლს. ეს კი მისთვის ტრაგედიის ტოლფასია. მამის ცოდვები შვილზე გადადის და ინვალიდ გიორგის ცოდვილი მამის თავგანწირვა, მონანიება, რწმენა გადაარჩენს. 
საგულისხმოა, რომ რწმენის თემას ოთხმოციანელთა შემოქმედებაში პირველად ლევან ანჯაფარიძემ მიმართა. გიო შემთხვევით სასწაულებრივი ადგილის არსებობას შეიტყობს. ირწმუნებს: თუ დაიჯერებს თავად, თუ სიცოცხლეს შესწირავს შვილს, ინვალიდი გიორგი აუცილებლად გაივლის. სასწაულისკენ მიმავალი გზა კი რთულია. გიოს ხშირად გზა ერევა, მაგრამ მაინც მიზანსწრაფულად მიიწევს სასწაულისკენ, თვითგანწირვით შვილის გადასარჩენად. 80-იანელთა თაობის წარმომადგენელს მონანიების გრძნობა გაუჩნდა. მათ საკუთარ ცოდვებზე დაიწყეს ლაპარაკი.
 ზაზა ურუშაძის `აქ თენდებას~ გმირი კონფორმისტია ბუნებით. დროს მოერგო, ცოლს მოერგო. პირადი კეთილდღეობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის სასტიკი და დაუნდობელია. მასში ორი საწყისი იბრძვის მუდმივად: სიკეთე და ბოროტება, ზნეობა და უზნეობა. გმირი გადაწყვეტილებას იოლად იღებს. ის სასტიკი შემსრულებელია, მისთვის არ არსებობს ზნეობრივი კატეგორიები. ის დროებითი, წარმავალი ფასეულობების ტყვეობაშია. გამოფხიზლება მასთან შვილის დაბადებასთან ერთად მოდის. ავადმყოფი შვილის გადასარჩენად ქალაქიდან გარბის, ყველაფერზე უარს ამბობს. ბუნების ნაწილი ხდება თავადაც და საკუთარი თავგანწირვით შვილს გადაარჩენს. ოთხმოციანელთა თაობა უკვე გრძნობს პასუხისმგებლობას და საზოგადოებისგან მოწყვეტით ცდილობს გადაჭრას პრობლემები. ის საზოგადოების განუყოფელ ნაწილად არ მიიჩნევს თავს. ყოფიერებასა და ცნობიერებას შორის ზღვარია გავლებული. 
სამ თაობაზე მოთხრობილი ისტორიის მაგალითზე, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი ფილმში `კიდევ ერთი ქართული ისტორია", ცდილობს მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის გააზრებას. მენშევიკების დროინდელი საქართველო, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი თანამებრძოლების გაქცევა საქართველოდან ემიგრაციაში, საბჭოთა სინამდვილეში დარჩენილი მათი შთამომავლები და დამოუკიდებელ საქართველოში მცხოვრები მათი შვილიშვილები. ერეკლე ბადურაშვილმა ქართულ კინოს სრულიად ახალი გმირი შესთავაზა. სუსტი გარეგნობის, შეუხედავი ინტელექტუალის ადგილი ფიზიკურად ძლიერმა, თუ შეიძლება ითქვას, არნოლდ შვარცნეგერის ტიპის არაპროფესიონალმა დაიკავა. მისი დილა ვარჯიშით იწყება. ის თითქოს მთელ ეკრანს იკავებს და ფიზიკური სრულყოფილების დემონსტრირებას ახდენს. ფიზიკურად ძლიერია და სულიერად მდიდარი. თავისუფალ დროს ნიცშეს კითხვით იქცევს თავს. მისი მოდრეკა რთულია. ყველაფერს გაუძლებს: საბჭოთა ჯარს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, მორალურ და ფიზიკურ დამცირებას, საყვარელ ცოლთან განშორებას... საბჭოთა საქართველოდან წასული, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ბრუნდება და ეროვნულ მოძრაობაში ჩაერთვება. 
ერთი ოჯახის ტრაგედია ბევრი სხვა ოჯახის ტრაგედიას ჰგავს. ბაბუა -ემიგრაციაში, მამა - უსამართლოდ დაჭერილი, ძმა - ციხეში, თვითონ - საბჭოთა ჯარში. რეჟისორი დიდ ადგილს უთმობს ჯარის ეპიზოდებს, დანარჩენი ამბავი კი კალეიდოსკოპური სისწრაფით ჩაივლის ეკრანზე. საბჭოთა ჯარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრილს წამლებით აბრუებენ, პიროვნულ `მეს~ უხშობენ. მთავარი ექიმი თავად არის სამკურნალო, ჭადრაკს ლენინის ბიუსტს ეთამაშება, იმ დროს მისტირის, როცა ყველაფერი მისთვის მისაღები წესრიგის ფარგლებში, ნორმად მიღებულ ჩარჩოებში ეტეოდა. კარგად გრძნობს, რომ მათი დღეები დათვლილია, საბჭოთა კავშირი ნგრევის, დაშლის პირასაა მისული, ამიტომაც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაამახინჯოს სულიერად. მაგრამ ამ ახალი ტიპის `გმირმა~ ყველაფერს გაუძლო, სულიერად არ დაეცა და გამარჯვებული გამოვიდა საშინელ, საბჭოთა მანქანასთან ბრძოლაში. ის მითურ გმირს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ დამიანს. ის ძალიან დადებითი და სწორხაზოვანია. სწორხაზოვანი, უნაკლო გმირი კი უკვე გმირი აღარ არის. შესაბამისად, გარემოც ყალბია, მისთვის მისადაგებული და ამბავსაც განზოგადება აკლია. მოვლენების ზედაპირული ჩვენება პრობლემის არსში ჩაწვდომას აძნელებს, ამბავი არ ზოგადდება და კონკრეტულ ჩარჩოებში რჩება. ფინალში საქართველოს უახლესი წარსულის კალეიდოსკოპური ჩვენება, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე, ფილმს არაფერს მატებს. მხატვრულ ქსოვილში შეყვანილი დოკუმენტები, უკვე კარგად ნაცნობი კადრები თანადგომის მაგივრად გაღიზიანების გრძნობას იწვევენ. უცენზუროდ დარჩენილი ქართული კინო ალეგორიებით, სიმბოლოებით ლაპარაკს გაურბის, აღარაფერს ნიღბავს, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული დროის კონიუქტურის მსხვერპლი ხდება. 
ლევან ზაქარეიშვილის ბოლო ფილმის `თბილისი-თბილისი" გმირი რეჟისორია. თავის გადასარჩენად, გამოსაკვებად სახლის ერთი სართული აქვს გაქირავებული, ხელოვნებას  ხელობაზე  ვერ გაცვლის, დღევანდელ რეალობაში, სამწუხაროდ, მისი პროფესია არავის სჭირდება. პროფესიული კინოკამერა - ვიდეოკამერით შეცვალა და ცხოვრებას აკვირდება. შემთხვევით ბაზრობის ტერიტორიაზე მოხვდება. რეალური თბილისი რუხი და ბინძურია. ერთ დიდ ბაზრობად ქცეული ქალაქი მასზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. როდესაც ხედავს, რომ მისი ლექტორი, პროფესორი, ბატონი ოთარი ჯიხურში გამყიდველად მუშაობს, შეძრწუნებული სახლში ბრუნდება და მომავად ფილმზე იწყებს ფიქრს. ფერადი ფილმი შავ-თეთრი ეპიზოდებით არის გატიხრული: - `ჯიბგირი თედო", `ყრუ-მუნჯი ნონა", `მედოლე გავროში", `პროფესორი ოთარი". ფილმის გმირი ყოველ დღე დადის ბაზრობაზე და რეალური ცხოვრების ეპიზოდებს აკვირდება. აქ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ერთად ცხოვრების მიუხედავად ერთმანეთის მიმართ სასტიკნი და დაუნდობელნი არიან, ღია ცის ქვეშ ადგილისათვის ყველაფერს კადრულობენ. ყველანი ერთი ჯაჭვით არიან გადაბმულნი. ყრუ-მუნჯი ნონა ყველაფერს იტანს, თავს არ იკლავს, მარტოობისთვის ძმას ვერ იმეტებს. გაჩერებული მატარებლის ვაგონი მათი დროებითი საცხოვრებელია, სწამთ, რომ სწორედ ეს მატარებელი დააბრუნებთ აფხაზეთში. ჯიბგირი თედოს და მეძავობით ირჩენს თავს, მისი მუშტრები კი ბაზრობის პოლიციელები - `ძაღლები" არიან. პოლიციაც ხომ დანაშაულებრივი სამყაროს ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. პროფესორი ყველაფერს აკვირდება, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. 
ცხოვრება მათთვის ათასნაირი სიძნელის, საფრთხის, გაჭირვების, ბედის უკუღმართობის, გაუსაძლისი პირობების მუდმივი გადალახვაა. ჩვენ ისეთნი ვართ, როგორადაც გვაქცევს სამყარო. თუ ჩვენს ბედს მთელის დეტალს შევადარებთ, მაშინ მივხვდებით, რომ მთლიანად სამყარო სწორედ ჩვენი მსგავსი დეტალებისგან შედგება. ლევან ზაქარეიშვილმა ფილმის გმირები ერთ დიდ სათაგურში გამოამწყვდია: ოთარი, თედო, ნონა, გავროშა სათაგურის კედლებს ეხეთქებიან, მაგრამ გამოსვლას ვერ ახერხებენ. წრე შეკრულია, ფილმის გმირებს გარღვევის ძალა არა აქვთ. ირგვლივ ქაოსი გაბატონებულა, ქაოსურ სამყაროში ძნელია გადარჩენა. დათოც ხვდება, რომ ისინი განწირულები არიან, ამიტომაც მის სცენარში თედო იღუპება. გამზადებული სცენარით დათო ლექტორს, ბატონ ოთარს მიაშურებს, მაგრამ საზარელ ამბავს შეიტყობს: მისი სცენარი და რეალური ცხოვრება ერთმანეთს დაემთხვევა - თედო ჩხუბში თავისივე დანას წამოეგო. ეს არის დღევანდელი რეალობა. 
ფილმის ბოლოს ნიაზ დიასამიძე რეზო ლაღიძის `თბილისოს" ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, განა ეს არის `თბილისო, მზის და ვარდების მხარე?" რეალურ ცხოვრებაზე დაკვირვებამ ფილმის გმირი ჩიხში მიიყვანა. 
`თბილისი-თბილისის" გმირი კონფორმისტი არ არის. ფულიან გარიგებებზე არ მიდის, ცდილობს ადამიანის სახე შეინარჩუნოს, მასაში არ გაითქვიფოს, სხვების მიერ თავსმოხვეული ცხოვრების ნორმებით არ იცხოვროს. მასში ყოფიერება ცნობიერებას ვერ ამარცხებს - ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა, რომელიც კონკრეტულის საზღვრებს გლეჯს და მარადიულ ფასეულობებზე გვესაუბრება. 
ლევან ზაქარეიშვილის ფილმის გმირი თავს იკლავს, დათო ნაცვლიშვილის ფილმის გმირი თავს ცოცხლად იმარხავს, ლევაშოვ-თუმანიშვილის გმირი საგიჟეთში ყოფნას ამჯობინებს რეალურ ცხოვრებასთან ჭიდილს, დიტო ციცნცაძის გმირები უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ, კახა მელითაურისა და თინა მენაბდის გმირები კანალიზაციის სიბინძურეში იძირებიან - ისინი ნიჰილისტები არიან, მათთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, მხოლოდ ნგრევის ენერგია აქვთ. შენება და აშენებულით ტკბობა არ შეუძლიათ. ეს არის პოსტსაბჭოთა რეალობა ეკრანზე.



1.ზ.კაკაბაძე. ფილოსოფიური საუბრები, თბ.1989წ.
     






Facebook Share
უკან