GNFC
25 წელი

ახალი ქართული კინო - ზოგადი მიმოხილვა - 21 07 2017
Slider Image

არჩილ შუბაშვილი


საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ქართულ კინოს, მიუხედავად დიდი ტრადიციებისა, თითქმის თავიდან მოუწია ჩამოყალიბებისა და  განვითარების რთული გზის გავლა. დღეს, ალბათ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მრავალწლიანი მატერიალური და სულიერი კრიზისით გამოწვეული შემოქმედებითი სტაგნაცია ქართულმა კინომ დაძლია და კვლავ მიიპყრო საყოველთაო ყურადღება.
თუკი აღნიშნულ პერიოდში დადგმულ ქართულ ფილმებს საქართველოს უახლესი წარსულის უმნიშვნელოვანი მოვლენების კონტექსტში განვიხილავთ, შევამჩნევთ, რომ  ახალგაზრდა და საშუალო თაობის ქართველი კინემატოგრაფისტები გარკვეულ ინტერესს იჩენდნენ იმ თემების მიმართ, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ერის ცნობიერებაში. მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ მხოლოდ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში ჰპოვა ასახვა. ეს ფილმებია: ლევან კიტიას ინტელექტუალური, გარკვეულწილად ექსპერიმენტული ფილმი „გზაჯვარედინი" (1991 წ.), ლევან ადამიას ირონიული „კომენდანტის საათი" (2006 წ.) და თორნიკე ბზიავას ექსპრესიული დრამა  "აპრილის სუსხი" (2009 წ.). ამ ფილმების ავტორებს არ დაუსახავთ მიზნად სრულად გადმოეცათ იმ დღეების პათოსი, რომლებმაც, ფაქტობრივად, სათავე დაუდეს საქართველოს უახლეს ისტორიას. მათ თავიანთი პირადი, საკმაოდ დისტანცირებული დამოკიდებულება გამოხატეს ამ მოვლენის მიმართ.   მიუხედავად „გზაჯვარედინის" და „ აპრილის სუსხის" უდავო მხატვრული ღირსებისა და საფესტივალო წარმატებისა, ამ ფილმებს არ მიუპყრია ფართო  საზოგადოებრივი ყურადღება. ეს, ალბათ, უნდა აიხსნას, როგორც ამ ფილმების მოკლე მეტრაჟით, აგრეთვე იმ გარემოებით,  რომ  9 აპრილის თემა  ავტორებისათვის, ძირითადად, აღმოჩნდა  მხატვრული ინსპირაციის წყარო, რომელმაც მათ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ამსახველი დრამატული რეალიების  ეკრანული ვარიაციის შექმნის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოთეატრების ეკრანებზე ჩვენება კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, და ამდენად, მასობრივ მაყურებელს არ ეძლევა მათი ნახვის საშუალება. ნებისმიერ შემთხვევაში, 9 აპრილი, როგორც ქვეყნისათვის ტრაგიკული, და ამდენად, საეტაპო მოვლენა, ნამდვილად იმსახურებს უფრო ღრმა და სერიოზული კინემატოგრაფიული ასახვის პატივს.      
   ყველას კარგად ახსოვს ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს მდიდარი ტრადიციები, გასული საუკუნის 60-70-ანი წლების ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ბრწყინვალე სერია, რომელმაც, მნიშვნელოვანწილად, განაპირობა ქართული კინოს განსაკუთრებულ ფენომენად აღიარება. თუნდაც, მიხეილ კობახიძის „პატარა" კინოშედევრები გავიხსენოთ... მას შემდეგ ქართულ კინოში რეჟისორთა ახალი თაობები მოვიდა, შეიცვალა რეალობა. მწვავე პოლიტიკურმა და სოციალურმა ფონმა, ცხოვრების ყველა სფეროში არსებულმა ტოტალურმა კრიზისმა თავისი დაღი დაასვა ქართულ კინოს და, კერძოდ, მოკლე ფილმების ესთეტიკასაც. ახალი თაობის ავტორთა შემოქმედებაში, რომანტიკული განზოგადოებისა და პოეტური ფორმებისადმი სწრაფვამ, თანდათან ადგილი დაუთმო თანამედროვეობის პრობლემებისა და გმირთა ხასიათების დრამატულ გააზრებას და მკაცრ, ხშირ შემთხვევაში, ნატურალისტურ სტილისტიკას. მიუხედავად ამისა, მაყურებლის ცნობიერებაში ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები კვლავ ასოცირდება სიყვარულით, ოცნებით, სევდითა და ღიმილით სავსე პოეტურ სამყაროსთან.
       ბოლო პერიოდში შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან, ქართული კინოს ტრადიციებთან ახლოს დგას ბესო სოლომანაშვილის კინონოველა „დინება" (2014 წ).  ფილმის გმირი 16 წლის მეთევზე ბიჭია. იგი დურბინდით ადევნებს თვალს მოპირდაპირე მხარეს სანაპიროზე მდგარ ახალგაზრდა მეძავს, რომლისთვისაც ერთი მანქანიდან მეორეში გადასვლა და კლიენტების მხრიდან შეურაცხყოფა ჩევეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა გამხდარა.
      მელოდრამატული აქცენტებით მოთხრობილი ეს ამბავი ნათელისა და ბნელის, სიკეთისა და ბოროტების, ცხოვრების შავ-თეთრ მხარეთა ურთიერთ დაპირისპირების პრინციპითაა აგებული. აქ ნათლად იგრძნობა იმ ამაღლებული განწყობილების გადმოცემის სურვილი, რომელიც პირველ გრძნობასთან, ვნებასთანაა დაკავშირებული.  ავტორს შენარჩუნებული აქვს  სამყაროს სუფთა, გულწრფელი ემოციებით ხედვის უნარი. იგი  დღესაც, სრულიად შეცვლილ, წინააღმდეგობებით სავსე რეალობაშიც, ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს პოეტიკის ერთგული რჩება.
 
.სრულიად განსხვავებული ხასიათისაა ტატო კოტეტიშვილის  "ოგასავარი" (2014 წ). არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა. შესაძლებელია, არც არაფერს. ფილმი სოფელ გორელოვკაში მცხოვრები სომეხი ბიჭისა და რუსი გოგონას სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. აქ ადამიანებს სხვადასხვა ენა, რელიგია და ტრადიციები აქვთ. ალბათ, აქედან იღებს სათავეს ფილმის სტილისტური სიჭრელე და ეკლექტიკა.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „გორელოვკამ" გამახსენა რეზო ესაძის კლასიკური ფილმი „ერთი ნახვით შეყვარება", რომელშიც თბილისელი ახალგაზრდების - აზერბაიჯანელი ბიჭისა და რუსი გოგონას არშემდგარი სიყვარულის ამბავია მოთხრობილი. არც კუსტურიცას ესთეტიკაა ამ ფილმისთვის უცხო..   გორელოვკელ შეყვარებულებს ბედი მაინცდამაინც არ წყალობთ. ერთხელ, თევზაობისას, მათ მიერ გადაგდებული დინამიტი მდინარის ფსკერის შესწავლით გატაცებულ აკვალანგისტს იმსხვერპლებს. ახალგაზრდებს არც მაშინ გაუმართლებთ, როდესაც სახლის სახურავზე დაღონებულნი არიან ჩამომსხდარნი და სახურავი მოულოდნელად ჩაინგრევა. ფილმის ირონიული ფინალური ეპიზოდი კიდევ უფრო სათუოს ხდის შეყვარებულების ბედნიერ მომავალს. ფოტოგრაფი ქალი, რომელიც ცდილობს წყვილის ბედნიერება სამუდამოდ დააფიქსიროს, ქარის მიერ წართმეულ ქუდს გაედევნება და შეყვარებულები საქორწინო ფოტოს გარეშე რჩებიან. თუმცა, თავად ავტორი იჩენს გულისხმიერებას და ფილმს ახალგაზრდა გმირების კინოკამერისკენ მიმართული მზერის მრავალმნიშვნელოვანი კადრით ასრულებს.

„ოგასავარის" მოქმედება იმდენად სწრაფად ვითარდება, ხანდახან გგონია, რომ თხუთმეტწუთიან ტრეილერს უყურებ.  ავტორმა  ვიზუალურ ექსპერიმენტს მიმართა. გამოიყენა მონტაჟური ხერხები, კოლაჟი და შედეგად მივიღეთ ხალისიანი, ხატოვანი, სევდისა და იუმორის მომგვრელი სურათი. რეჟისორის მიერ შემოთავაზებული პირობითი სამყარო მხატვრულად იმდენად დამაჯერებელია, რომ აღარ აქცევ ყურადღებას ხასიათების, გრძნობებისა და  ურთიერთობების ზედაპირულობას. ამ ფილმზე საუბარი მოკლედ ასე შეიძლება დავასრულოთ:  ახალგაზრდა რეჟისორმა ტატო კოტეტიშვილმა შემოგვთავაზა „ოგასავარი".  ორიგინალური ვარიაცია თემაზე - „კიდევ ერთხელ სიყვარულის შესახებ"...

ქართული კინოსა და გარკვეულწილად, ნეორეალიზმის ჰუმანური ტრადიციები იგრძნობა ახალგაზრდა რეჟისორის დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიან ფილმში „მამა" (2014 წ.). ეს ფილმი  ნათლად გამოხატავს 90-ანი წლებიდან გამოყოლილ სიმპტომებს - დაღლილი, ენერგიადაცლილი საზოგადოების, ფუნქციადაკარგული უმუშევარი კაცების, გადაუჭრელი პრობლემების პირისპირ დარჩენილი ქალების, უმამოდ გაზრდილი თაობის სატკივარს, ყველაფერს, რამაც ძალადობისა და უსამართლობის დაუსრულებელი ნაკადი წარმოშვა.

ფილმში  ორი ძმის ისტორიაა მოთხრობილი. ძმებს მოულოდნელად დიდი ხნის უნახავი მამა გამოეცხადებათ. მამას აშკარად ეტყობა, რომ ხელმოცარული კაცია, იგი შვილებს ვერ უხსნის, რატომ და სად იყო ამდენი ხანი გაუჩინარებული და ვერც იმაზე პასუხობს, თუ რას აპირებს მომავალში. ერთადერთი, რასაც იგი თხოვს ძმებს - დედას არ უთხრათ, რომ ვიყავიო. დედაც მალე ბრუნდება სახლში. ძმები ყოველმხრივ ცდილობენ გაახალისონ ცხოვრებასთან შეჭიდებული დედის ყოფა,  დაავიწყონ მძიმე რეალობა. თითქოს არაფერი მოასწავებს მოვლენების შემდგომ განვითარებას... იმავე ღამეს ბიჭები ქუჩაში გადიან და  ბნელ ეზოში ერთ-ერთ მანქანას შეარჩევენ გასაძარცვად. უფროსი ძმა, რომელიც პისტოლეტითაა შეიარაღებული, ჩაამსხვრევს მინას და მანქანიდან მაგნიტოფონს გამოგლეჯს. ხმაურზე ძმებს მანქანის პატრონი გამოეკიდება, რომელსაც პატარა შვილის ყვირილი მოყვება: მამა, მამა დაეწიე... სწორედ ამ ხმის გაგონებაზე, სირბილისგან არაქათგამოცლილი და უკვე თითქმის სამშვიდობოზე გასული უფროსი ძმა შეყოვნდება, ვერ უძლებს ემოციურ დაძაბულობას და გაისვრის. შეშინებული მდევარი მიწაზე გაირთხმევა. ბიჭი მიუახლოვდება მას და ნაძარცვს დაუბრუნებს. კაცი ნელ-ნელა გამოდის შოკიდან. მან დაიბრუნა მაგნიტოფონი და ახლა უკვე შეუძლია თავაწეული, ამაყი დაბრუნდეს შვილთან. ძმები სახლში ბრუნდებიან. აი, ასეთი ამაღელვებელი ისტორიაა მოთხრობილი სხვისი მამის ღირსების შენარჩუნების შესახებ, რომელიც ავტორებმა აუჩქარებელი თხრობით, ზომიერი ემოციური ფონით, სენტიმენტალური აქცენტებისა და დიდაქტიკის გარეშე გადმოსცეს. რეჟისორი დათა ფირცხალავა და ოპერატორი შალვა სოყურაშვილი ქმნიან თბილ, ადამიანურ ატმოსფეროს, რაც გმირებთან თანაგანცდისა და ემოციური კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლევა. აქ იმდენად ნაცნობი, ზუსტი და დამაჯერებელია გარემო, იმდენად უშუალოები არიან ძმები და იმდენად დიდი სითბოთი აღგავსებს მათი კეთილშობილური საქციელი, რომ აღარც ფიქრობ ბიჭების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიზეზებზე და ავტორებსაც პატიობ კრიმინალის უნებურ რომანტიზაციას. ფილმი წარმატებით იქნა ნაჩვენები ლოკარნოს პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მთავარი პრიზით დაჯილდოვდა.
      . 
ქართველ კინემატოგრაფისტებში საკმაოდ დიდი  გამოძახილი ჰპოვა აფხაზეთის ომმა, საერთოდ აფხაზეთის თემამ, რომელიც დღესაც  ქვეყნის მოუშუშებელ იარად ითვლება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიალური მთლიანობისათვის ბრძოლას უკავშირდება   და ჩვენთვის საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის ქვაკუთხედად არის ქცეული.  9 აპრილისგან განსხვავებით, ამ თემას  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები მიეძღვნა. მათ შორის პირველ რიგში აღსანიშნავია გიორგი ხაინდრავას მხატვრულ - დოკუმენტური სურათი „ოცნებების სასაფლაო" (1997 წ.) და ზაზა ურუშაძის პოლიტკორექტული აქცენტებით გაჯერებული დრამა „მანდარინები"(1913 წ.). ამ ფილმების ავტორები  არ იკვლევენ ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მდგომ ადამიანებს შორის ვინ არის  მტყუან-მართალი, გამარჯვებული და დამარცხებული. ისინი ომის საშინელებაზე მოგვითხრობენ და საზოგადოების ყურადღებაც პაციფისტური, ომის საწინააღმდეგო ჟღერადობით მიიპყრეს. ქართულ - აფხაზური წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების მტკივნეულ საკითხებს ეხება გიორგი ოვაშვილის ცნობილი ფილმი „გაღმა ნაპირი" (2009 წ.), სადაც აფხაზეთიდან დევნილი პატარა ბიჭის დრამატული ამბავია მოთხრობილი. აფხაზეთის ომის გამოძახილი იგრძნობა აგრეთვე ქეთი მაჭავარიანის ფილმში „მარილივით თეთრი" (2011 წ.) და თამარ შავგულიძის ფილმში „საქართველოში დაბადებულნი" (2011 წ). ამ ბოლო ორი ფილმისათვის, ერთნაერად დამახასიათებელია ამბავის მშრალად, უემოციოდ გადმოცემა. ავტორები, თითქოსდა შეგნებულად ცდილობენ, გმირების ყოფითი და ეგზისტენციალური პრობლემები, მათი ფსიქოლოგიური დახასიათებისა და წარსულის  მძიმე გამოცდილების კონტექსტის გარეშე წარმოაჩინონ. ამ მხრივ განსაკუთრებით თვალში საცემია თ. შავგულიძის მიერ ფრუსტრაციაში მყოფი თაობის, ე. წ. „დაკარგული თაობის" ჯგუფური პორტრეტის შექმნის მცდელობა. ვერ ვიტყვი, რომ ავტორს არ შესწევს  შინაგანი დრამატიზმით დამუხტული ატმოსფეროს შექმნის უნარი, რაც უდავოდ, მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორის ფილმს აკლია კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენილი - ამბავი და კონფლიქტი. ამ კომპონენტის გარეშე მაყურებელს არ ეძლევა გმირებთან ემოციური კონტაქტის დამყარების საშუალება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იგრძნობა, რომ მსახიობებს ზედაპირული, მიახლოებითი წარმოდგენა აქვთ გმირების შესახებ და ხასიათების გახსნას  თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში მხოლოდ სიგარეტის გამუდმებული მოწევით და მრავალმნიშვნელოვანი მზერით ცდილობენ.  
 აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო თამარ შავგულიძის მოკლემეტრაჟიან ფილმზე „პირველი დღე". (2014 წ), სადაც ოჯახის ერთი დღის ისტორიაა მოთხრობილი. ამ ფილმში სიუჟეტურად ბევრი რამ - სად, როდის და რატომ ხდება ესა თუ ის მოქმედება -   გაუგებარი რჩება. შევეცდები გადმოვცე ის, რაც გავიგე. ავტოავარიის შედაგად ოჯახს უბედურება დაატყდა თავს. იღუპებიან მშობლები და ნაჩვენებია ამ დიდი ტრაგედიის შემდეგი პირველი დღე. ყველაფერი პირქუში და ბუნდოვანია. ფილმში ის განწყობილება, შინაგანი წყვდიადით მოცული ატმოსფეროა ნაჩვენები, რომელიც დიდი ტრაგედიის გადატანის შემდეგ ეუფლება ადამიანს, როდესაც დაკარგული აქვს რეალობის ადექვატურად აღქმის უნარი და ყველაფერს მექანიკურად, გაუაზრებლად აკეთებს. ავტორისთვის, თითქოს, ის ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ფილმის პერსონაჟები იმყოფებიან, ნაცნობი და ახლობელია. იგი ყურადღებას ამახვილებს დიდი სულიერი ტრავმის შედეგად სასოწარკვეთას მიცემული, დაბნეული პერსონაჟების დაბინდულ ცნობიერებაზე. ამ ზოგადი განწყობის შექმნაში რეჟისორს  დიდ დახმარებას უწევს ოპერატორი გიორგი შველიძე, რომელიც წყვდიადში ჩაძირულ ატმოსფეროს  ზუსტად შერჩეული ფერისა და განათების საშუალებით ამძაფრებს.      

თამარ შავგულიძის გმირები, ძირითადად, განწირულობის, დაბნეულობის, შიშისა და ტოტალური ქაოსის შეგრძნებით არიან შეპყრობილნი. ავტორის მზერაც პირქუში და უიმედოა. ამდენად, მისთვის ორგანული აღმოჩნდა დრამის ჟანრი, როგორც თვითგამოხატვის საშუალება. შესაძლებელია, ზედმეტად პესიმისტურია ჩემი ინტერპრეტაცია.  მაგრამ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ავტორის ხედვა აშკარად კრიზისულია. თუმცა, ჩვენი რეალობა, სამწუხაროდ, სამყაროს კრიზისულად აღქმის მრავალ მიზეზს იძლევა.
ყველა თაობა რაღაცას უჩივის, რაღაცით უკმაყოფილია. ბევრი პირად პასუხისმგებლობას გაურბის და  საკუთარ უიღბლობას, წარუმატებლობას, უფრო მეტიც, საბედისწერო ცხოვრებისეულ არჩევანს,  დროის უკუღმართობას აბრალებს და საკუთარ თავს „დაკარგულ თაობას"  მიაკუთვნებს. თუმცა, რაც თავი მახსოვს, საქართველოში ყველა თაობა  მეტ-ნაკლებად „დაკარგულად" გრძნობდა თავს... ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეების" (2010 წ.) მთავარი გმირი „დაკარგული თაობის" დაკარგული ადამიანია. ის  სტაჟიანი ნარკომანია. საქარველოში ნარკომანიამ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოიკიდა ფეხი.  შემდეგ, გარდამავალი პერიოდის ნგრევამ,  ქაოსმა და ფასეულობების სრულმა დევალვაციამ კიდევ უფრო ტრაგიკული გახადა  ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა და მათი ოჯახების ცხოვრება. „ქუჩის დღეების" გმირს ნებისყოფა არ ყოფნის   თავი დააღწიოს ჯოჯოხეთად ქცეულ ყოველდღიურობას. მისი მცდელობა, გაისტუმროს  ვალები და როგორმე დაეხმაროს შვილს სწავლის გაგრძელებაში, კრახით მთავრდება. ამ ლაბირინთიდან გამოსავალს ვერ პოულობს. პირიქით, სულ უფრო მეტად ებმება კორუმპირებული პოლიციელების მიერ დაგებულ მახეში.  გამოსავლის ძიებას  ის დანაშაულამდე - გამოსასყიდის მიღების მიზნით ბავშვის მოტაცების გადაწყვეტილებამდე - მიყავს.  „ქუჩის დღეები" არ აღიქმება , როგორც მორიგი ფილმი მანკიერი სენის -  ნარკომანიის შესახებ.  აქ წინა პლანზე ადამიანის  ტრაგედიაა წამოწეული, ადამიანისა, რომელსაც  არც ფიზიკური და არც სულიერი საყრდენი აღარ დარჩენია ცხოვრებაში და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.  
სრულიად სხვა, ემოციურად განსხვავებული  განწყობილება იგრძნობა ლევან კოღუაშვილის შემდეგ ფილმში  „შემთხვევითი პაემნები" (2013 წ). ამ ფილმის გმირები მეოცნებე რომანტიკოსები არიან. ისინი იმდენად ინფანტილურად უყურებენ სამყაროს და  მოკლებულნი არიან ცხოვრებისეულ პრაგმატიზმს,  რომ მათი ყოველი ახალი, შემთხვევითი პაემანი  რეალობასთან,  მოულოდნელ, თითქმის დაუჯერებელ და, ამავე დროს, კომიკურ  სახეს იძენს. ისინი ახალ რეალობაში მოხვედრილი ადამიანები არიან და ამ რეალობაში ადგილს ვერ პოულობენ. ამ მხრივ, „შემთხვევითი პაემნების" გმირებიც  „დაკარგულ თაობას" შეიძლება მივაკუთვნოთ. თუმცა, ისინი სრულიად განსხვავდებიან „ქუჩის დღეების"  დასაღუპად განწირული გმირისაგან.  აქ უკვე სხვა სოციალური რეალობაა. ავტორის ხედვაც აღარ არის ისეთი პირქუში,  როგორც პირველ ფილმში. ის სიყვარულით და თანაგრძნობით უყურებს თავის გმირებს და იუმორით გვიყვება მათი სევდიანი პაემნების შესახებ.  თუ „ქუჩის დღეები" ადამიანურ ტრაგედიად აღიქმება, „შემთხვევითი პაემნები"  ადამინური კომედიაა კეთილი და გულუბრყვილო გმირების შესახებ.    
ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც აშკარად შეიმჩნევა  ქართული კინემატოგრაფის მიერ კრიზისის დაძლევის ტენდენცია, ბერლინის საერთშორისო კინოფესტივალის პარალელურ პროგრამებში "პანორამასა” და "ფორუმში” არაერთი ქართული ფილმი იქნა ნაჩვენები.  2013 წელს წარმატებული აღმოჩნდა    ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის სადებიუტო ფილმის "გრძელი ნათელი დღეების”  პრემიერა "ფორუმის” პროგრამით.

წელს, „ბერლინალეს" "ფორუმმა” კვლავ მიიწვია  რეჟისორები ახალი ნამუშევრით "ჩემი ბედნიერი ოჯახი”. ფილმი მოგვითხრობს სამი თაობისგან შემდგარი ერთი ქართული ოჯახის შესახებ. მთავარი გმირი 52 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გაარღვიოს ოჯახის წევრების მიერ მის ირგვლივ  შექმნილი ჩაკეტილი სივრცე, სხვაგან, თუნდაც გარეუბანში, გადავიდეს საცხოვრებლად და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. სწორედ ეს გარემოება აძლევს სურათის ავტორებს საშუალებას ქართული ოჯახი, ტრადიციები, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები ზედმიწევნით რეალისტურ და, ამავე დროს, ტრაგიკომიკურ პლანში წარმოაჩინონ.  ყველანი -  მშობლები, შვილები, ნათესავები  -   ეწინააღმდეგებიან ქალის სწრაფვას მოიპოვოს თავისუფლება და ის პირადი სივრცე, რომელიც სწორედ უახლოესმა ადამიანებმა დააკარგვინეს. ვერავინ  ხვდება, რითია ის უკმაყოფილო. მათ შორის, ვერც ქმარი , რომელიც თავად  არსად გადასვლას არ ფიქრობს  და ცოლის წასვლის შემდეგ მის მშობლებთან აპირებს დარჩენას.  ვერ ვიტყვი, რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი" „გრძელ, ნათელ დღეებთან" შედარებით მხატვრული თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია. სტილისტურად ისინი გვანან კიდეც ერთმანეთს. მაგრამ, აშკარაა თემატური და ემოციური განსხვავება მათ შორის.  თუ პირველი ფილმი 1990-ანი წლების გაუსაძლის რეალობას ასახავს მძიმე სოციალური ფონით, პურის რიგებით, უსახსრობით გამოწვეული ოჯახური კონფლიქტებით და დრამატულად განვითარებული მოვლენებით, აქ სრულიად განსხვავებული ემოციები და პრობლემებია. კონფლიქტებს ოჯახში  უკვე  საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და  სულიერი კომფორტის შექმნის სურვილი ბადებს. ფილმს არ აკლია სითბო და იუმორი, ყოფითი დამაჯერებლობა  და შეიძლება ითქვას, რომ  ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციებშია შესრულებული. ამავე დროს, იგრძნობა რუმინული კინოს, ე. წ. "რუმინული რეალიზმის” გავლენაც. "გრძელ ნათელ დღეებზე”  რუმინული საოპერატორო სკოლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ოლეგ მუტუ მუშაობდა. ამჯერად ავტორებმა ასევე რუმინელი ოპერატორო  ტიმორ პანდურუ მიიწვიეს, რომლის კამერა ზუსტად გადმოცემს ემოციურად დამუხტულ ატმოსფეროს და დახშულ სივრცეში მყოფ პერსონაჟებთან  თითქმის ფიზიკური კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლევა.
ექვთიმიშვილ-გროსის  ფილმები, ისევე როგორც    ლევან კოღუაშვილის ორივე ფილმი,  მდიდარია  დასამახსოვრებელ პერსონაჟთა  მრავალფეროვანი გალერეით, „ცხოვრების ნაკადის" ინტენსიური ფონით.  მნიშვნელოვანწილად, სწორედ ეს ცოცხალი და ემოციური  ფონი ქმნის ამ ფილმებში რეალობასთან შეხების, „რეალობის ეკრანიზაციის" განცდას. მათში ჩადებულია ის ეროვნული კულტურული კოდი, რომელიც ქართულ კინოს  სხვა კინემატოგრაფიებისაგან განასხვავებს.  ეს ფილმები ნათლად ცხადყოფს, რომ ქართული კინოს წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ეროვნული თვითმყოფადობისა და ნეორეალისტური სულისკვეთების შენარჩუნებაში ძევს.

 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალის პროგრამით იყო ასევე ნაჩვენები რეჟისორ რატი ონელის დოკუმენტური ფილმი "მზის ქალაქი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს  ჭიათურის, ერთ დროს საქართველოს მნიშვნელოვანი სამრეწველო ქალაქის, დღევანდელი უბადრუკი მდგომარეობის ზედმიწევნით რეალისტურად, თითქმის ნატურალისტურად წარმოჩენისა და ამ მოცემულობის ფილოსოფიურად გააზრების მცდელობაა. ფილმს წამძღვარებული აქვს ეპიგრაფი აღორძინების ეპოქის  ფილოსოფოსის ტომაზო კამპანელას თხზულებიდან "მზის ქალაქი”, სადაც აღწერილია გონიერი და სრულყოფილი საზოგადოებრივი წყობილების  საოცნებო ქალაქი, რომლის მცხოვრებლები  "ღარიბები არიან, რადგან არაფერი გააჩნიათ, მაგრამ მდიდრები არიან, რადგან არაფერი სურთ”. მე არსად, მით უმეტეს საქართველოში, არ მეგულება ქალაქი, რომელიც ოდნავ მაინც მაგონებდეს კამპანელას იდეალურ უტოპიურ ქალაქს. ჭიათურასთან დაკავშირებით კი ეს შედარება მხოლოდ შავი იუმორის სფეროს შეიძლება  მივაკუთვნო.   დღეს, ამ ღმერთისგან  მივიწყებულ ქალაქში, რომელიც ფანტასმაგორიული ფილმის უზარმაზარ დეკორაციას დამსგავსებია, ადამიანებიც, თავიანთი მისწრაფებების მიუხედავად,  ისეთივე უსახურნი სჩანან, როგორ გარემოშიც უხდებათ ყოფნა.
 უდავოა,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რეალობა ნამდვილად იძლევა  კრიზისული ხედვის, ხშირ შემთხვევაში ირონიული ინტერპრეტაციის  საბაბს. ამ მხრივ, კონკურენციას ვერავინ უწევს განსაკუთრებული კინემატოგრაფიული ხედვით დაჯილდოვებულ რეჟისორს  სალომე ჯაშს, რომლის დოკუმენტურ ფილმებში „ბახმარო" (2011 წ.) და „დაისის მიზიდულობა" (2016 წ.) ზედმიწევნით რეალისტურადაა    წარმოჩენილი საქართველოს სხვადასხვა მხარის ერთფეროვანი პროვინციული ყოფა.    კამერის  დაჟინებული დაკვირვების შედეგად ავტორი ახერხებს ეს უღიმღამო ყოფა,  თანდათანობით, გროტესკულ სპექტაკლად აქციოს და ყოველდღიურ  რეალობას  აბსურდის სახე შესძინოს.  ქართველი რეჟისორები  ცდილობენ ხელიდან არ გაუშვან კინემატოგრაფიული თვალსაზრისით მომგებიანი თემები, რომლებიც, მართალია, არც  თუ ისე მიმზიდველად წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ  მაყურებელი, განსაკუთრებით უცხოელი, ჯერ კიდევ იჩენს ინტერესს დროში ჩაკარგული პოსტსაბჭოთა სივრცეებისა და არქაული ყოფის მიმართ.

ქართული კინოსათვის სრულიად განსხვავებული სტილისტური რაკურსი შემოგვთავაზა რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „სხვისი სახლი" (2015 წ.). მე აქ შეგნებულად არ ვამახვილებ ყურადღებას სიუჟეტზე, რომელიც, ვფიქრობ, შედარებით ბუნდოვნად არის გადმოცემული. მაგრამ ფილმი იმდენად ატმოსფერულია, რომ, გარკვეულწილად, სწორედ ეს ატმოსფერო იძენს დრამატურგიულ ფუნქციას და სრულად გვაგრძნობინებს  სხვის სახლში ცხოვრების შეუძლებლობის, სულიერი მოუწყობლობისა და გაუცხოების დრამას. ეს ფილმი  აფხაზეთიდან განდევნილი  ქართველების სახლებში შესახლებული ორი აფხაზური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს და ამდენად, გარკვეულ პოლიტიკურ გზავნილს ატარებს.  ამასთანავე, ომისშემდგომი რეალობის პირისპირ დარჩენილი, სასაზღვრო სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანების შინაგან კონფლიქტს რეჟისორმა ეგზისტენციალური დატვირთვა და, ამდენად, ფილოსოფიური  განზოგადება  შესძინა.  შეიძლება ითქვას, რომ ახალ რეალობაში რუსუდან გლურჯიძემ  ერთ-ერთმა პირველმა   გამოიჩინა ინტერესი  ინტელექტუალური კინოს მიმართ, რაც საავტორო კინოს მოყვარულებს მისი შემდეგი ფილმის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინით განაწყობს.
გასული საუკუნის 60-70-წლებში ქართულ კინოში მტკიცედ მოიკიდა ფეხი  იგავურმა ფორმამ, რომელიც სხვადასხვა ჟანრისა და სტრუქტურის ელემენტებით, ყოფითი დეტალებით გამდიდრებულ მხატვრულ სისტემად ჩამოყალიბდა. ასევე ყველას გვახსოვს ალექსანდრე რეხვიაშვილის ინტელექტუალური, ყოფით-რეალური ნიშნებისგან განტვირთული იგავები.  გიორგი ოვაშვილმა იგავის სრულიად ახალი სახე შემოგვთავაზა თავის დრამატულ კინომოთხრობაში „სიმინდის კუნძული" (2014 წ.). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება აქ ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე ვითარდება, რეჟისორს ყურადღება   მოხუცი კაცისა და მისი შვილიშვილის ყოველდღიურ საქმიანობაზე, ბუნებასთან კონტაქტზე, მარადიულზე გადააქვს.  შეიძლება მოწყდე ცივილიზაციას,  თავი დააღწიო საომარ დაპირისპირებას, არ გახდე ომის არც მძევალი და არც მსხვერპლი, მაგრამ ვერსად გაექცევი დროის დინებას, წლის დროთა მონაცვლეობას, სტიქიას. ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს დასასრული.  გამოსავალი ისევ შრომაში, ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის ძიებაშია. „სიმინდის კუნძული"  ფილმი-მედიტაციაა, იგავია, სადაც კონკრეტული რეალიები,  აღმოსავლური ზღაპრებისათვის დამახასიათებელი სიბრძნე და სამყაროს ფილოსოფიური აღქმა ერთმანეთთანაა შერწყმული.   
არ შემიძლია ორი სიტყვით არ შევეხო ლაშა ცქვიტინიძის პროვოკაციულ სურათს „მე ვარ ბესო" (2014 წ.). ამ ფილმმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მე მის მომხრეთა რიცხვს ვეკუთვნი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ქართულ კინოში სამყაროს რეალისტურად ასახვის სრულიად ახალი ხარისხია, ჰიპერრეალიზმია, ფიზიკურ რეალობაში „შეღწევის"  თამამი კინემატოგრაფიული მცდელობაა. „სიმინდის კუნძული", „სხვისი სახლი" და „მე ვარ ბესო"  თემისა და ფორმის თვალსაზრისით  ქართული კინოს ყველაზე მოულოდნელი, ორიგინალური ნაწარმოებებია. ეს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ეროვნული კინემატოგრაფის  ჟანრობრივ და სტილისტურ  მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. თუმცა,  არ შეიძლება არ ავღნიშნო, რომ რამდენადაც შთამბეჭდავია ამ ფილმების ვიზუალური მხარე, იმდენად უკმარისობის გრძნობას ბადებს მათი დრამატურგია. ზოგადად, ქართულ კინოში სიუჟეტის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. მოქმედება პერიფერიულ პლანზეა გადასროლილი.  ავტორები ხშირად გვანებივრებენ ლამაზი, კინემატოგრაფიულად მომხიბლავი პეიზაჟებით, რაც საოპერატორო ხელოვნების მაღალ კულტურაზე მიუთითებს.  მაგრამ ლამაზი კადრებით, გაჭიანურებული, არაფრისმთქმელი პაუზებით გატაცება ხელს არ უწყობს დინამიურ თხრობას და მაყურებლის ეკრანთან გაუცხოებას იწვევს.             
ქართული კინოს შემოქმედებით პოტენციალზე მეტყველებს ასევე ზაზა ურუშაძის, ლევან თუთბერიძის და ვანო ბურდულის ნამუშევრები. მათი ფილმები შეიძლება არ გამოირჩევა სტილისტური ძიებებით და თამამი ექსპერიმენტებით, მაგრამ ეროვნული კინოს მეინსთრიმს უდავოდ ღირსეულად წარმოაჩენენ. სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ ქართული კინოს ყველაზე კომერციული პროექტი - ყარაბაღის თემით ტრილოგიად გაერთიანებული ფილმები -„მოგზაურობა ყარაბაღში" (რეჟ. ლ. თუთბერიძე, 2005 წ.), „კონფლიქტის ზონა" (რეჟ. ვ. ბურდული, 2009 წ. ), და „ბოლო გასეირნება"  (რეჟ. ზ. ურუშაძე, 2012 წ.) -  სწორედ ამ რეჟისორებს ეკუთვნით.
 საქართველომ საბჭოთა სინამდვილიდან დამოუკიდებელ ფორმაციაზე გადასვლის მეტად  რთული გზა გაიარა.  ამ გზაზე იყო სისხლიანი სამოქალაქო  დაპირისპირება, იყო აფხაზეთის ომი, შემდეგ -  ომი შიდა ქართლში. ამ ომებს მოჰყვა იმედის გაცრუება, სასოწარკვეთა, დაბნეულობა და ქაოსი. ამ ომების გამოძახილი დღესაც იგრძნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. გასაკვირი არ არის, რომ ჯერჯერობით ოთხმოცდაათიანი წლებისა და ამ ომების გამოძახილი დომინირებს აღორძინების გზაზე მდგარ ახალ ქართულ კინოშიც.












       



             

            
     
         

Facebook Share
უკან