GNFC
25 წელი

გამოთხოვება კინოწარმოების საბჭოთა სისტემასთან და ახლის ძიება - 10 10 2017
Slider Image



მაგდა ანიკაშვილი

კინოწარმოების საბჭოთა სისტემა სახელმწიფოს იდეოლოგიური ინსტრუმენტი იყო. მის მთავარ ფუნქციას საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასურველი ღირებულებების პროპაგანდა წარმოადგენდა. შესაბამისად, ტოტალიტარული სახელმწიფოს კინემატოგრაფის სამოცდაათწლიანი ისტორია მსოფლიო კინოპროცესებისგან იზოლირებულად, ცენზურის ძლიერი წნეხის ქვეშ განვითარდა.

პარტიული ხელმძღვანელობისთვის კინოპროპაგანდა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. დეკრეტი კინოწარმოების ნაციონალიზაციის შესახებ, სახალხო კომისართა საბჭომ ჯერ კიდევ 1919 წლის 27 აგვისტოს გამოსცა. მას შემდეგ კინოწარმოებისა და გაქირავების სიტემებს, კინოგანათლებასა თუ ინფრასტრუქტურას სრულად სახელმწიფო აკონტროლებდა, ხოლო 27 აგვისტოს კინოს დღე აღინიშნებოდა. მთელ საბჭოთა კავშირში დარგზე პასუხისმგებელი ერთი უწყება - კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი იყო. მას ექვემდებარებოდა 40-მდე კინოსტუდია რუსეთისა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მასშტაბით, მათ შორის, კინოსტუდია ,,ქართული ფილმი". 20-30-იან წლებში წელიწადში 50-100 ფილმი იქმნებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოებამ 500 ფილმს მიაღწია, 100-ამდე იდეოლოგიურად მისაღებ კინოსურათს სახელმწიფო საზღვარგარეთ ყიდულობდა.

საბჭოთა კინოს „ოქროს ხანად" 60-იანი წლები მიიჩნევა. მუდმივმოქმედი სტაციონარული კინოთეატრების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია. შეზღუდული რეჟიმით კიდევ 7 ათასზე მეტი მოქმედებდა, რასაც ემატებოდა საზაფხულო (2 000), რაიონული ცენტრების (1100), პროფკავშირებისა და უწყებრივი ჩვენების აპარატები. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით,100000-ზე მეტი, სხვადასხვა დანიშნულებისა და აღჭურვილობის კინოსაჩვენებელი დანადგარი არსებობდა.

გაქირავების რეკორდიც 60-იან წლებში დამყარდა. სეანსებზე დასწრებამ 4,5 მილიარდს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი საბჭოთა მოქალაქე კინოში წელიწადში საშუალოდ 20-ჯერ მიდიოდა. 70-იანი წლებიდან, ტელევიზიის ხელმისაწვდომობისა და პოპულარობის ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი შემცირდა და 1987 წლისთვის, წელიწადში 12-13 დასწრება შეადგინა.

ასლების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ჩინოვნიკები ყოველი ცალკეული ფილმის იდეოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე იღებდნენ. საშუალო ტირაჟი 600-700 ასლი იყო. თუმცა, განსაკუთრებულად ,,სასარგებლო" ფილმის შემთხვევაში,1500-2000 აღწევდა. პოლიტიკურად ნაკლებად სასურველი ფილმების ტირაჟი რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა. საბჭოთა კინოსთვის ორგანული იყო ე.წ. თაროს ცნება. ცენზურა ფილმწარმოების სრულ პროცესს- იდეიდან მონტაჟამდე, ფხიზლად აკონტროლებდა. დასრულებული კინოსურათი ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ მას მაყურებელი ნახავდა. წარუმატებელი ,,ჩაბარების" შემთხვევაში, ფილმი უბრალოდ „თაროზე იდებოდა". არაერთი კინოშედევრი მაყურებელმა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ნახა. არანაკლებ მკაცრად კონტროლდებოდა საზღვარგარეთული პროდუქცია. საბჭოთა ჩინოვნიკები მსოფლიო კინოჰიტებს პრაქტიკულად ხელახლა ამონტაჟებდნენ.

საბჭოთა კინოს განვითარების ისტორია სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. იცვლებოდა ტექნიკური შესაძლებლობები, გამომსახველობითი ხერხები, კულტურის ჩინოვნიკების მიდგომა კინემატოგრაფისტების მიმართ. თუმცა, იდეოლოგიური ამოცანა, პროპაგანდისტული დატვირთვა, რომელიც კინოს 20-იანი წლების დასაწყისში დაეკისრა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე უცვლელი დარჩა. 70 წლის განმავლობაში ამ სისტემის ნაწილი იყო ქართული კინოხელოვნება. შესაბამისად, კულტურის არსებული პოლიტიკის ნეგატიური თუ პოზიტიური ფაქტორები მასზე მკაფიოდ აისახა.

კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" დაარსების თარიღად 1921 წელი ითვლება, როდესაც თბილისში საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან კინოსექცია შეიქმნა. ორი წლის შემდეგ, კინოსექცია კინემატოგრაფიულ ტრესტად გარდაიქმნა და მას საქართველოს „სახკინმრეწვი" (სახელმწიფო კინომრეწველობა) ეწოდა. 1938 წელს, სახელწოდება ,,თბილისის კინოსტუდიით" შეიცვალა, ხოლო1953 წლიდან – კინოსტუდია ,,ქართული ფილმით". 80-იან წლებში ქართულმა კინოწარმოებამ განვითარების მწვერვალს მიაღწია. ყოველწლიურად იქმნებოდა, დაახლოებით, 60 მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი.

1990 წლისთვის, საქართველოს კინოწარმოების სისტემას წარმოადგენდა კინოსტუდია „ქართულფილმი", რომელშიცასევეშედიოდადოკუმენტურიფილმებისსტუდია „მემატიანე" დამულტიპლიკაციურიფილმებისსტუდია, რომლისბაზაზეცორისტუდია – „კვალი" და „ორბი" - ჩამოყალიბდა. კინოსტუდია „ქართულიფილმი" ყოველწლიურად 8 სრულმეტრაჟიანმხატვრულფილმსუშვებდა, კინოსტუდია „მემატიანე" 60-70 დოკუმენტურ ფილმს ამზადებდა. არსებობის განმავლობაში „ქართულიფილმის" ბაზაზე სხვადასხვაჟანრის 1200 ფილმი შეიქმნა.

საბჭოთა კავშირის დაშლამ ათწლეულების განმავლობაში, კინოწარმოების გამართულად მომუშავე მანქანა გააჩერა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შეიცვლა სახელმწიფო წყობა, კანონმდებლობა, მათ შორის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული რეგულაციები. თუმცა, მთავარი -კერძო საკუთრების დაშვება და პრივატიზაციის პროცესის დასაწყისი იყო. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო შეზღუდული თანხებით განაგრძობდა კინოხელოვნების დაფინანსებას. ამას სისტემური ხასიათი აღარ ჰქონდა. პასუხსმგებლობა დარგის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, გაქირავებაზე თუ პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაზე, თავად კინემატოგრაფისტებს ეკისრებოდა.

მენეჯერული გამოცდილება კინოსექტორში მინიმალური იყო. საბჭოთა კავშირში პროდუსერის პროფესია არ არსებობდა. შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში,პროდუქტის რეალიზებისთვის აუცილებელ უნარებს ერთეულები ფლობდნენ. ახალი რეალობისთვის სრულიად მოუმზადაბელ დარგს ბუნებრივად შეექმნა უამრავი პრობლემა, რის შედეგებსაც ქართული კინო დღემდე იმკის.

დამოუკიდებლობის პოზიტიური მონაპოვარი ცენზურის გაქრობა იყო. კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ ფილმის შინაარსობრივ მხარეზე ყოველგვარი შეზღუდვა გააუქმა. ავტორს საკუთარი ნამუშევრის თემის, სიუჟეტის, გარემოს შერჩევაში სრული თავისუფლება ეძლეოდა. ერთადერთი პრობლემა დაფინანსების მოპოვება იყო. მოცემულობა ასე შეიცვალა: თუ ადრე ხელოვანი ცენზურის კომისიას არწმუნებდა, რომ ფილმი იდეოლოგიურად სასარგებლო იყო, 90-იან წლებში ინვესტორს უნდა დაეჯერებინა, რომ სურათი მოგებას მოიტანდა, რაც გაქირავების მოშლილი სისტემის, კინოთეატრებს მოწყვეტილი მაყურებლისა და უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე მარტივი ამოცანა არ იყო.

ამავე პერიოდში დაიწყო კინოინფრასტრუქტურის განადგურება. სამოქალაქო ომისა და განუკითხაობის წლებში, კინოთეატრების ნაწილი დაინგრა და გაიძარცვა, ნაწილი გაიყიდა ან იჯარით გაიცა და სხვა დანიშნულება შეიძინა.

,,ქართული ფილმის" ბალანსზე ასამდე დარბაზი ირიცხებოდა. მათი ნაწილი კინოსტუდიამ შეინარჩუნა და იჯარით გასცა, მათ შორის, კინოთეატრები ,,რუსთაველი" და ,,ამირანი". კინოდარბაზების ქსელის მოშლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი იყო, რომელიც კინოინდუსტრიამ დამოუკიდებლობის პირველ წლებში მიიღო.

დღემდე ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციონირებს. ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა მოქალაქეებისთვის კინოჩვენებაზე დასწრება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული ღონისძიება იყო. სამოქალაქო მღელვარებისა და სოციალური სიდუხჭირის წლებმა საზოგადოებაში კინოში სიარულის მყარად გამჯდარი ჩვევა მოშალა. კინოთეატრებში მაყურებლის დაბრუნება ახალი თაობის კინემატოგრაფისტების მთავარ გამოწვევად რჩება.

90-იანი წლების დასაწყისიდან, დაიწყო დამოუკიდებელი სტუდიებისა და კომპანიების ჩამოყალიბება. ისინი სექტორიში კერძო ინვესტიციების მოზიდვას ცდილობდნენ. დოკუმენტურ და სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც აფინანსებდნენ. გარკვეულ ეტაპზე, ფილმწარმოებით ტელეკომპანიებიც დაინტერესდნენ. მათ მოკლემეტრაჟიანი და დაოკუმენტური ფილმების, ასევე სატელევიზიო სერიალების დაფინანსება დაიწყეს.

საბჭოთა რეჟიმის დასრულებისთანავე, სახელმწიფო კინოსტუდია კინოკორპორაციად გარდაიქმნა. ხოლო 1994 წლიდან, ,,ქართული ფილმი" დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება გახდა. ამ ცვლილების თანახმად, კინოკონცერნის ერთი მესამედი საკუთრებაში გადაეცათ თანამშრომლებს, ხოლო ორი მესამედის მესაკუთრედ სახელმწიფო დარჩა. თუმცა, ქონებით სარგებლობის უფლება აქციონერებს მიენიჭათ.

2800-კაციანმა კოლექტივმა ჩამოაყალიბა გაერთიანება ,,რეზო ჩხეიძე და კომპანია". ქონება თანაბრად გადანაწილდა ყველა იმ ადამიანზე, ვინც სააქციო საზოგადოების შექმნის მომენტში, ,,ქართულ ფილმში" მუშაობდა და თითოეულს დაურიგდა შესაბამისი სახელობითი აქცია (საფონდო წილი).

საზოგადოების წესდებაში ნათქვამია, რომ საფონდო წილის გაყიდვა -გასხვისება აკრძალულია. მოგვიანებით, სააქციო საზოგადოება სტრუქტურულად დანაწევრდა და მის შემადგენლობაში შეიქმნა ათზე მეტი, დამოუკიდებელი ერთეული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით. მაგალითად, შპს. ,,უძრავი ქონება", შპს ,,თბილკინვიდეო", შპს ,,მემატიანე" და სხვა.

პირველ წლებში, კინოსტუდიას სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობდა. სხვა კომერციულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი შემოსავალი არ მოუტანიათ. ეს მაშინ, როდესაც ინფრასტრუქტურის მუშა მდგომარეობაში შენახვა თავისთავად იყო თანხებთან დაკავშირებული. ,,ქართული ფილმი" დიდ ტერიტორიას ფლობდა: პავილიონებით, დეკორაციებითა და ლაბორატორიით. მოგვიანებით, კინოსტუდიას სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა.

90-იანების ბოლოს, როდესაც დღის წესრიგში ეროვნული კინოს მხარდაჭერის დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების შექმნის საკითხი დადგა, კინემატოგრაფისტების აზრი ორად გაიყო. ნაწილს მიაჩნდა, რომ კინოცენტრის გამოყოფილი თანხა ,,ქართულ ფილმს" უნდა აეთვისებინა. საბიუჯეტო სახსრებით ფილმწარმოება ქვეყანაში ნახევრად სახელმწიფო კინოსტუდიის ბაზაზე უნდა განხორციელებულიყო, ხოლო ნაწილი ,,ქართულ ფილმს" სხვა კინოკომპანიებთან თანაბარი კონკურენციისკენ მოუწოდებდა. მით უმეტეს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ასეთი არაერთი შეიქმნა.

საბოლოოდ, კინოცენტრმა პროექტებისთვის დაფინანსების გამოყოფა კონკურსების საფუძველზე დაიწყო. ,,ქართულ ფილმს" რაიმე უპირატესობა სხვა კომპანიებთან მიმართებაში არ ენიჭებოდა. კინოსტუდიაში ფინანსურ თუ საორგანიზაციო საკითხებზე პირველ წლებშივე დაწყებული დავები კინემატოგრაფისტებს შორის მრავალწლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ქვეყნის ყველაზე მსხვილი და გამოცდილი კინოორგანიზაცია გამოუსწორებლად დააზიანა.

ქვეყნის ცხოვრების ამ ურთულეს პერიოდში, ომის, სიღარიბის, განუკითხაობის პირობებში ქართველმა კინემატოგრაფისტებმა არაერთი საინტერესო სურათი გადაიღეს. ეს ფილმები 90-იანების ატმოსფეროთი: შიშით, ქაოსით, სასოწარკვეთილებითაა გაჟღენთილი და ზუსტად ასახავს ეპოქის სულს.

ალეკო ცაბაძის ,,ღამის ცეკვა", თემურ ბაბლუანის ,,უძინართა მზე", მიხეილ კალატოზიშვილის ,,რჩეული", დიტო ცინცაძის ,,სახლი" და ,,ზღვარზე", ლევან ზაქარეიშვილის ,,ისინი", ზაზა კოლელიშვილის ,,გარიგება", გიო მგელაძის ,,არა, მეგობარო!", ერეკლე ბადურაშვილის ,,თბილისი ჩემი სახლია" და მოგვიანებით გადაღებული ბევრი სხვა ფილმი, დღეს ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან იმის შესახებ, თუ როგორი იყო ცხოვრება 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოში.

საყურადღებოა, რომ ახალი რეალობა კინოეკრანის გარდა, თავად ფილმწარმოების პროცესზეც აისახა. შეფერხდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დამტკიცებული და ჩაშვებული პროექტები. ფილმის სრული ბიუჯეტის დაფინანსება იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენდა. დამკვიდრდა ეტაპობრივი გადაღებების პრაქტიკა. სამუშაო პროცესი ხანგრძლივი პაუზებით, მორიგი ტრანშის მოლოდინში მიმდინარეობდა. ხშირად ერთ ფილმს წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დაფინანსების განსხვავებული წყაროები უჩნდებოდა. სპონსორი, შესაძლებელია, რომელიმე სახელმწიფო უწყება, კერძო კომპანია, საერთაშორისო ორგანიზაცია ან სულაც ფიზიკური პირი ყოფილიყო. არავითარი გარანტია, რომ პროექტი ბოლომდე მივიდოდა, შემოქმედებით ჯგუფებს არ ჰქონდათ. შესაბამისად, იცვლებოდნენ გადამღები ჯგუფის წევრები, სცენარი, ფილმის სახელწოდება და მსახიობებიც კი.

თემურ ბაბლუანი ,,უძინრათა მზეს" თითქმის ხუთი წელი იღებდა. მოგვიანებით, ასევე წლები დასჭირდა ლევან ზაქარეიშვილის ,,თბილისი-თბილისის" დასრულებას.


შეიძლება ითქვას, რომ კინოწარმოების საბჭოთა სისტემასთან გამოთხოვებისა და ახალი სისტემის ძიების პროცესი ათ წელიწადს გაგრძელდა და 2001 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის შექმნით დასრულდა. საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩამოყალიბდა კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, რისი სამართლებრივი საფუძველიც გახდა ერთი წლით ადრე მიღებული კანონი ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ".

ახალი უწყების ძირითად ფუნქციად, კინემატოგრაფის განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდინაცია განისაზღვრა.

ქართული კინოპროდუქციის თანამედროვე სახეს, ძირითად მიმართულებებს, კინოწარმოების სხვადასხვა რგოლს შორის თანამშრომლობის ფორმებსა და განვითარების პერსპექტივას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ორგანიზაცია, რომელიც, არსებული კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს კინოპოლიტიკის განხორციელების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ახალი ქართული კინოს მიღწევები ამ სისტემური ცვლილებების გარეშე წარმოუდგენელია. მას შემდეგ გამოჩნდა კინემატოგრაფისტების ახალი თაობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდნენ - პროდიუსერები, კინომენეჯერების მცირერიცხოვანი, მაგრამ გამოცდილი გუნდი, რომელთა ძალისხმევის გარეშე საერთაშორისო თანამშრომლობა ვერ განვითარდებოდა, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მსოფლიო კინორუკაზე თანამედროვე ქართული კინოს დამკვიდრების საქმეში.


Facebook Share
უკან