GNFC
25 წელი

„ესენი გიჟები ხომ არ არიან?!“ (დრამატურგია XX საუკუნის პოსტსაბჭოთა ქართულ კინოში) - 25 08 2017
Slider Image



ქეთევან პატარაია

ფრაზა „ესენი გიჟები ხომ არ არიან?!" რეჟისორ გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის, 1993 წელს გადაღებული ფილმის „ბედიანი" გმირებს - ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს - ეკუთვნით, რომლებიც ასე საავადმყოფოს მაღალი კედლების მიღმა დატრიალებული სამოქალაქო ომის მონაწილეების მდგომარეობას აფასებენ. როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, გარეთ მართლაც ისეთი სიგიჟეა, რომელიც კედლებს შიგნით მყოფთა სიმშვიდეს, მეგობრობას, ურთიერთშემწყნარებლობასა და სიყვარულს ემუქრება. ამ ფილმის მიხედვით ვერ იტყვი, რა სჯობს: გარკვეულ წესებს დამორჩილებული, შიგნით იყო უსაფრთხოდ, თუ გარეთ წაგლეკოს თავისუფლებამ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეალობა ქართული კინოსთვისაც შეიცვალა - დადგა ნანატრი თავისუფლება, მოიხსნა ცენზურა, რომელიც ბოლო წლებში გარკვეული სახით (თუნდაც თვითცენზურის სახით) მაინც არსებობდა და ავტორებმა თავადვე იცოდნენ, რა იყო თემები და მასალა, რომელიც მომავალი ფილმებისთვის არ უნდა აერჩიათ ან მათზე იგავური, გადატანითი ფორმით, სიმბოლოებით მოეთხროთ. 
თავისუფალი არჩევანისას, რეჟისორებმა სწორედ ტაბუდადებულ თემებს მიმართეს: რევოლუციონერები და ბოლშევიკები, 30-ანი წლების რეპრესიები, ფსიქიატრიული საავადმყოფოები, უსამართლობა მილიციაში და კრიმინალური სამყაროს გავლენა საზოგადოებაზე, ნარკოტიკები, ძალადობა, მივიწყებული უღარიბესი ფენა და გამდიდრებული საბჭოთა ჩინოვნიკები... 
ავტორებს  მწვავე თემებს ახალი რეალობაც სთავაზობდა: გარდამავალი ხანის სირთულეები, არეული და უკონტროლო სიტუაცია, როდესაც ძლიერებსა და სასტიკებს ჰქონდათ გადარჩენის შანსი; მიტინგების ტალღას აყოლილი ხალხი, ორად გახლეჩილი საზოგადოება... ყველაფერ ამას დაემატა სამოქალაქო ომის თემა, რომელიც განსაკუთრებულად მწვავედაა ასახული ამ პერიოდის ფილმებში და ბოლოს, აფხაზეთის ომი.
1999-დან 2000 წლამდე გადაღებული ფილმებიდან სულ რამდენიმეა, რომლებიც  წარმოდგენილ თემატიკას სცილდებიან და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გადაეღოთ.  კინოსურათების აბსოლუტურ უმრავლესობას (ასახული პერიოდის თუ თემატიკის მიუხედავად), თავისი დროის დიდი გავლენა ეტყობა. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ფილმები ერთი მთლიანობაა, ერთმანეთში გადადიან, ერთმანეთს აგრძელებენ და იქმნება დიდი პანო, რომელზეც მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის საქართველოს პრობლემები, ტკივილი, ძიებანია ასახული.
   ეს ფილმებია: „ვირთხა" (რეჟისორი პაატა მილორავა), „რჩეული" (რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი), „ღამის ცეკვა" (რეჟისორი ალეკო ცაბაძე), „ვალსი პეჩორაზე" (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), „ისინი" (რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი), „უძინართა მზე" (რეჟისორი თემურ ბაბლუანი), „ბედიანი" (რეჟისორი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი), „ექსპრეს-ინფორმაცია" (რეჟისორი ელდარ შენგელაია), „ზღვარზე" (რეჟისორი დიტო ცინცაძე), „ლეონარდო" (რეჟისორი დავით ნაცვლიშვილი), „ციხესიმაგრე" (რეჟისორი დავით ჯანელიძე), „თბილისი ჩემი სახლია" (რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი), „იავნანა" (რეჟისორი ნანა ჯანელიძე), „ნათლისღება" (რეჟისორი ნოდარ მანაგაძე), „მიზერერე" (რეჟისორი ზაზა ხალვაში), „ორფეოსის სიკვდილი" (რეჟისორი გიორგი შენგელაია), „ყაჩაღები, თავი VII" (რეჟისორი ოთარ იოსელიანი), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე), „ოცნებების სასაფლაო" (რეჟისორი გიორგი ხაინდრავა), „აქ თენდება" (რეჟისორი ზაზა ურუშაძე), „მარტოობის ორდენის კავალერი" (რეჟისორი ალეკო ცაბაძე), „სულელი ბროწეულის ხე" (რეჟისორი პეტერ მესაროში), და სხვა.
ამ ფილმთა უმრავლესობა ორიგინალური სცენარების მიხედვითაა გადაღებული. ლიტერატურული პირველწყარო გამოყენებულია ფილმებში: „რჩეული" (პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონეს" მოტივებზე), „იავნანა" (იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?"), „სულელი ბროწეულის ხე" (ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკოს" მოტივებზე), „ციხესიმაგრე" (ფრანც კაფკას ნაწარმოებებისა და ქართული ზღაპრების მოტივებზე). 
დასახელებული22 ფილმიდან ათის სცენარის ავტორი თავად რეჟისორია, ცხრა შემთხვევაში -სცენარისტების (რეზო ჭეიშვილი, დავით ჯავახიშვილი, კოტე ჯანდიერი, ამირან ჭიჭინაძე, გია ბადრიძე, ნინო ნატროშვილი, სოსო რამიშვილი) თანაავტორი. და მხოლოდ 3 ფილმის სცენარს ანდობს რეჟისორი დრამატურგს (ირაკლი კვირიკაძე, ზაირა არსენიშვილი, ლეილა ბეროშვილი).
თხრობის სტილი ამ ფილმებში, უმეტესად მშვიდი, თანმიმდევრულია, თუმცა გვხვდება კინოსურათები პარალელური მოქმედებების თხრობით: („ვალსი პეჩორაზე", „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"). - გმირის თვალით დანახული რეალობა („ლეონარდო", „მიზერერე", „მარტოობის ორდენის კავალერი"). ავტორთა ნაწილი მიმართავს ქართული კინოსათვის ნაცნობ და საყვარელ იგავის ჟანრს („ექსპრესინფორმაცია", „ლეონარდო", „მიზერერე", ყაჩაღები, თავი VII", „ციხესიმაგრე", „მარტოობის ორდენის კავალერი", „სულელი ბროწეულის ხე").  
ფილმებში გვხვდება განსხვავებული, რაღაცით გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც არ გვანან სხვებს: ნათელმხილველი გოგონა;  კაცი, რომლის ფოტოზე ასახვა შეუძლებელია; გენიალური პოეტი; ფსიქიურად დაავადებული პაციენტები ან უცნაური ლიტერატურული გმირები, ისეთები, როგორებიც ვანო და ნიკოა ფილმიდან „სულელი ბროწეულის ხე", რომლებიც ერთმანეთს „მეს" უცვლიან და  შემდეგ მისი უკან დაბრუნება სურთ: „ნიკო, აღარ მინდა ვანოობა, დამიბრუნე ჩემი ნიკოობა, კარგია ნიკოობა".
მთავარი პერსონაჟები ყოველთვის სულაც არ არიან „გმირები"(„ვირთხა", „ისინი", „ექსპრეს-ინფორმაცია", „ზღვარზე", „თბილისი ჩემი სახლია", „ნათლისღება"), მაგრამ ავტორებს ესმით მათი, ზოგს პატიებენ, ზოგჯერ უყვართ ისინი, ზოგჯერ სძულთ კიდეც („მიზერერე"). თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ფილმებს მაინც დადებითი მთავარი გმირები ჰყავს („რჩეული", „ვალსი პეჩორაზე",  „უძინართა მზე", „ლეონარდო", „იავნანა", „ორფეოსის სიკვდილი", „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", „ოცნებების სასაფლაო", „აქ თენდება", „ღამის ცეკვა").
არ შეიძლება არ უთანაგრძნო მათ, იმის მიუხედავად, რომ, მაგალითად, ერთი საკუთარი შვილის მკვლელი ხდება („რჩეული"), მეორე კი მკვლელის თანამოაზრე („ღამის ცეკვა").არ შეიძლება არ შეგიყვარდეს პერსონაჟები, როდესაც მამა მზად არის დათმოს ყველაფერი, სიცოცხლის ჩათვლით, თავისი შვილისთვის „აქ თენდება"), ან დედა, რომელიც ვერ ეგუება შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს („იავნანა"), ან დედაც და შვილიც, რომლებიც ერთმანეთს დააშორეს („ვალსი პეჩორაზე").
დადებით გმირებს შორის არიან: ექიმი-გამომგონებელი, შეყვარებული კულინარი, სამშობლოსთვის მებრძოლი, მეცნიერი... მათ სხვადასხვა პრობლემა აქვთ და სხვადასხვა ანტაგონისტი ჰყავთ. თუმცა არის ერთი ფილმი, რომელშიც პროტაგონისტიც და ანტაგონისტიც ერთი და იგივე პიროვნებაა - განსხეულებული ბოროტება („მიზერერე"). ის სდევნის სხვებს და იდევნება იმავე ხალხისგან, რომელსაც თავად იმსგავსებს: „სულ ასე დამსდევენ, ყოველ, წუთს, ყოველ საათს, ყველანაირ ამინდში". „არ იღლებიან?" „რა დაღლით, ენაცვლებიან ერთმანეთს, - ამბობს  და  არ ილევა ბოროტების მსახურთა რიგი, რომელთაც სძულთ ბოროტება, რადგანაც აქ სიყვარულის ადგილი არ რჩება.
რაც შეეხება სიყვარულს. ქალისა და მამაკაცის სიყვარული სულ რამდენიმე ფილმში გვხვდება. თავშეკავებული, როგორც „ორფეოსის სიკვდილში", „ბედიანში"; თავაწყვეტილი, როგორც კინოსურათებში: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი",  „ზღვარზე" და იმედისმომცემი, როგორც „ნათლისღებაში". 
თუმცა მანამდე, აკრძალული თამამი ეროტიკული სცენები და სიშიშვლე გაცილებით მეტ ფილმშია („რჩეული", „ზღვარზე", „თბილისი ჩემი სახლია", „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", „ციხესიმაგრე", „ნათლისღება", „მიზერერე", „ლეონარდო").
        განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 22-დან მხოლოდ 4 ფილმის თხრობისას იყენებენ ავტორები იუმორს, ირონიას („ყაჩაღები, თავი VII", „ექსპრესინფორმაცია", „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", „სულელი ბროწეულის ხე"). სხვა ავტორებისთვის, როგორც ჩანს,  რეალობა საკმაოდ მძიმეა. თუმცა ოთარ იოსელიანი ფილმში „ყაჩაღები თავი VII" ოსტატურად ახერხებს მსუბუქად და იუმორით გვაჩვენოს ბევრი საშინელება, მათ შორის, ადამიანის წამების სცენებიც კი და  ღიმილი მოგვაროს მაყურებელს.
ფილმებში ხშირად გვხვდება ჟურნალისტები, კინო და ფოტოკამერა („ექსპრესინფორმაცია", „ზღვარზე", „ვირთხა", „ციხესიმაგრე", „მარტოობის ორდენის კავალერი", „სულელი ბროწეულის ხე"). ჟურნალისტები ყოველთვის მომაბეზრებელნი, არაფრის მთქმელნი და მიკერძოებულნი არიან. ამიტომაც ვერაფერი გაიგო ჟურნალისტმა გოგონამ , როდესაც გალაკტიონი ინტერვიუს აძლევს და ეუბნება: „ჩვენში არსებობს დაფარული მეორე მე, უფრო ნამდვილი, ვიდრე ხილული მე და სწორედ ამ უხილავი მეს გამოაშკარავებაშია მთელი ძალა და მიზანი პიროვნებისა" („მარტოობის ორდენის კავალერი").
ამ ფილმებში ფოტო, ტელე და კინოობიექტივი სწორედ გამოსააშკარავებლად, ადამიანების თვალთვალისთვის გამოიყენება.
სამედიცინო დაწესებულებები ყოველთვის უარყოფით კონტექსტშია ნაჩვენები(„ვირთხა", „უძინართა მზე", „ბედიანი", „ექსპრესინფორმაცია", „აქ თენდება"). არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, თუ როგორ თავდაუზოგავად გარბის  „უძინართა მზეს" მთავარი გმირი ადამიანის გადასარჩენად, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანამ მისვლაზე უარი უთხრა. ან, როგორ ცდილობენ ექიმები დაიყოლიონ ავადმყოფი ახალშობილის მამაშვილის ბედის ანაბარად მიტოვებაზე („აქ თენდება").
ფილმების უმეტესობაში უმნიშვნელოვანესია გამოუვალობის თემა („ვირთხა", „რჩეული", „ვალსი პეჩორაზე", „ისინი", „ბედიანი", „ზღვარზე", „ლეონარდო", „ციხესიმაგრე", „თბილისი ჩემი სახლია", „მიზერერე", „ორფეოსის სიკვდილი", „ოცნებების სასაფლაო", „აქ თენდება", „მარტოობის ორდენის კავალერი"). შეიძლება ითქვას, დაუსრულებელ წრეზე დადის ახალგაზრდა გერმანელი მოგზაური ფილმში „ციხესიმაგრე", რომელიც ტრადიციული დრამატურგიის ჩარჩოებში ვერ ჯდება - ის შეიძლება ნებისმიერი ეპიზოდით დაიწყოს და ნებისმიერი სცენით დამთავრდეს, რაშიც არის კიდეც მისი მომხიბლაობა.
გამოსავლის არარსებობა სიკვდილისაკენ უბიძგებს ფილმების გმირებს. გარდაცვალება ის თემაა, რომელიც უკლებლივ ყველა ფილმში ფიგურირებს. აქედან, 9 მთავარი გმირი ჩვენს თვალწინ იღუპება. სიკვდილის ზეიმია ომში. გოგა ხაინდრავას „ოცნებების სასაფლაო", დოკუმენტურობის გამო გამორჩეულია. შთამბეჭდავია ფინალი - სრულ სიჩუმეში, იმ შენობის აფეთქების სცენა, სადაც მთავარი გმირი გვეგულება. თუმცა სხვაგან, ასეთივე სიჩუმეში, სიკვდილს დასცინის კუბოში მწოლიარე ლეონარდო ან შესაძლოა, სიცოცხლესაც და მისი ხარხარი მთელ სასაფლაოს ეფინება.
ფილმი-ფანტასმაგორიაა: „ლეონარდო", ისევე, როგორც „მარტოობის ორდენის კავალერი", „ყაჩაღები, თავი VII", „ექსპრესინფორმაცია", „მიზერერე", „ციხესიმაგრე", „სულელი ბროწეულის ხე". კარგად ვერ გაარკვევ, მათი გმირები ჭკვიანები არიან თუ ბრიყვები, ნორმალურები თუ გიჟები. თუმცა რეალობა ამ ფილმებშიც, იმდენად დაუნდობელია, რომ არარეალურად გამოიყურება.
ზოგადად, ამ პერიოდის ფილმების ყველაზე დიდი ღირსება ისაა, რომ მათი ავტორები სრულიად თავისუფალნი იყვნენ არჩევანში. მათ უკვე აღარ სჭირდებოდათ ცენზურისა და ჯერ არ სჭირდებოდათ კომერციული ინტერესების გათვალისწინება. ეს არის გულწრფელი, მართალი ფილმები, რომელთაც  საერთო ნაკლი აქვთ - იმდროინდელი ობიექტური მიზეზებით, ვერ მიაღწიეს მასობრივ მაყურებლამდე. მოხდა წყვეტა ქართულ კინოსა და მაყურებელს შორის და რომ არა ეს გარემოება, ვფიქრობ, დღეს ჩვენი მაყურებელი სულ სხვანაირი იქნებოდა, ალბათ, ისევე, როგორც ქართული კინო.


Facebook Share
უკან