GNFC
25 წელი

ახალი სახელმწიფო რეგულაციებიდან ახალ ქართულ კინომდე - 14 07 2017
Slider Image

მაგდა ანიკაშვილი



ახალი ქართული კინო შემდგარი მოვლენაა. დღეს ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი კინომოყვარულებიც აღიარებენ, რომ ეროვნულ კინემატოგრაფში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია დაწყებული. მას ვერ ვუწოდებთ ახალ ტალღას, რადგან თანამედროვე კინოპროდუქციას არ აქვს განსაზღვრული საერთო მახასიათებლები და არ თავსდება ერთი კონკრეტული მიმდინარეობის ჩარჩოებში. ფილმები განსხვავდებიან თემატურად, სტილისტურად, რეჟისორები სხვადასხვა თაობას წარმოადგენენ. 
ნაწილი 90-ანების პრობლემატიკას დაუბრუნდა და შეეცადა გაეანალიზებინა წლების წინ ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი სამოქალაქო  თუ პოლიტიკური მოვლენები, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს საზოგადოების ცნობიერებაზე (ზაზა ურუშაძის „მანდარინები", გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული” და სხვა), ნაწილი დღევანდელობას იკვლევს, ცდილობს ასახოს რეალური ყოფის განმსაზღვრელი პროცესები, რითაც კლასიკურ სოციალურ კინოს უახლოვდება (რუსუდან ჭყონიას "გაიღიმეთ”, ლევან კოღუაშვილის ”შემთხვევითი პაემნები”, ლევან თუთბერიძის ,,მოირა", თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლები” და სხვა). 
არაერთგვაროვნების მიუხედავად, ახალ ქართულ კინოს აქვს საერთო მახასიათებელი: ეს საერთაშორისო წარმატებაა. ბოლო წლებში, ქართულმა კინოპროდუქციამ ათეულობით პრიზი მოიპოვა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სხვადასხვა კლასის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. იყო ნომინაცია ,,ოსკარზე" და ,,ოქროს გლობუსზე", მოგებულია კარლოვი-ვარის ორი ,,ბროლის გლობუსი" და სხვა პრიზები. საერთაშორისო აღიარება შემთხვევითი არასდროსაა და ყოველთვის იმის უტყუარი ნიშანია, რომ ეს კინო გაცდა ლოკალურ მნიშვნელობას, საინტერესოა სხვადასხვა კულტურის და მენტალობის მაყურებლისთვის, ლაპარაკობს კინემატოგრაფიულ ენაზე, რომელსაც თარგმანი არ სჭირდება. 
საერთაშორისო აღიარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ახალი ქართული კინო მიიკვლევს გზას მაყურებლისკენ, რაც კინოგაქირავების ეროვნული ბაზრის არარსებობის პირობებში, გაცილებით  რთული საქმეა, ვიდრე საფესტივალო წრეების  გულის მოგება. 
ბოლო 25 წლის განმავლობაში, ეროვნული კინოწარმოების, ინფრასტრუქტურის, გაქირავების სისტემების მოშლამ, განსაკუთარებით რეგიონებში, გააქრო ფილმის კინოდარბაზში ნახვის ჩვევა და დედაქალაქის მცირერიცხოვანი მაყურებელი ჰოლივუდის პროდუქციის მოხმარებას მიაჩვია. დღეს, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ახალი ქართული კინო საინტერესო ხდება ქართველი მაყურებლისთვის. თუმცა, ინდუსტრიაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ეს კავშირის აღდგენის მხოლოდ დასაწყისია. 
ახალი ქართული კინოს შემოქმედებითი მიღწევების თუ ინდუსტრიის  განვითარების პროცესის ანალიზი შეუძლებელია იმ სისტემური ცვლილებების გათვალისწინების გარეშე, რასაც ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და რამაც სახელმწიფოს მიერ ეროვნული კინემატოგრაფის მხარდაჭერის არსებულ მოდელამდე მიგვიყვანა. 
პროფესიულ წრეში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ცხადია, რომ ქართული კინოპროდუქციის თანამედროვე სახეს, მის ძირითად მიმართულებებს, კინოწარმოების სხვადასხვა რგოლს შორის თანამშრომლობის ფორმებსა და განვითარების პერსპექტივას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და მისი მუშაობის სპეციფიკა.  ორგანიზაცია, რომელიც არსებული კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს კინოპოლიტიკის განხორციელების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 
საუკეთესო ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეროვნული კინემატოგრაფის მხარდაჭერის ყველაზე ეფექტიანი გზა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სისტემის შექმნაა, რომლის საქმიანობაც, ერთი მხრივ, მკაცრად არის რეგლამენტებული, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ავტონომიურობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ არ ექცევა პერსონალური, თუ პოლიტიკური გავლენების ქვეშ. 
სწორედ ამ მიზნით ევროპულ, ძირითადად, ფრანგულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. კინოცენტრი 2001 წლის აპრილში ამოქმედდა, რისი სამართლებრივი საფუძველიც გახდა ერთი წლით ადრე მიღებული კანონი ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ". 
ახალი უწყების ძირითად ფუნქციად კინემატოგრაფის განვითარებისთვის სახელმწიფომხარდაჭერისუზრუნველყოფადაკოორდინაცია, ასევე კინოს სფეროში სახელმწიფო  პოლიტიკის ფორმირება განისაზღვრა. უფრო კონკრეტულად, კინოცენტრს ხელი უნდა შეეწყო კინოსექტორისთვის ფუნქციონირების შედეგ ეტაპებზე: წარმოება,  დისტრიბუცია, პოპულარიზაცია. დაისახა ძირითადი ამოცანები: ეროვნული ფილმწარმოების ფინანსური მხარდაჭერა, კინოსექტორის განვითარების სტრატეგიული კურსის განსაზღვრა, კინოგანათლების განვითარების ხელშეწყობა,  კინოქსელის  განვითარების ხელშეწყობა,  საერთაშორისო ბიზნესკავშირების განვითარება, კინომემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერა, კინოფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერა, კინოექსპორტის განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, კინოინფრასტრუქტურის  განვითარების ხელშეწყობა. პრიორიტეტად დასახელდა კინობზნესის განვითარებაზე ზრუნვა და კინოს გადაქცევა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ პროდუქტად.
ამ სტრატეგიით გეგმავდა სახელმწიფო წარსულში დიდი ტრადიციების ეროვნული კინემატოგრაფის თანამედროვე ინდუსტრიად გადაქცევას, ციფრულ ეპოქაში თავისთავადობის შენარჩუნებასა და კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნას. თუმცა, ასეთი მასშტაბური მიზნებისთვის შესაფერისი საბიუჯეტო დაფინანსება სახელმწიფოს,კინოცენტრის არსებობის არც ერთ ეტაპზე არ გამოუყვია. დღესაც ორგანიზაციაში არსებული სხვადასხვა პრობლემისა თუ კინოსექტორის წარმომადგენელთა პრეტენზიების სათავეს არასაკმარისი დაფინანსება წარმოადგენს.  
შეზღუდული რესურსების მიუხედავად, კინოცენტრი 150-ამდე ფილმის შექმნაში მონაწილეობდა, ხელი შეუწყო თანამედროვე ქართული კინოპროდუქციის გატანას საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებზე, გამოსცა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაცია კინოს შესახებ, დააფინანსა კინოინდუსტრიის სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული კვლევები, კინოგანათლების ამაღლების და კინოხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული პროექტები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ბოლო წლებში საქართველოს კინოცენტრი რამდენიმე საერთაშორისო კინოორგანიზაციაში გაწევრიანდა: EFP - European Film Promotion - კინოორგანიზაციათა საერათაშორისო ქსელი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ევროპულ კინოს; FNE - Film New Europe - მედიაპორტალი, რომელიც ფარავს საერთაშორისო კინოინდუსტრიას.
2015 წელს საქართველო გახდა Creative Europe-ის წევრი. პროგრამა ,,შემოქმედებითი ევროპა" თანამედროვე ხელოვნების ყველა მიმართულებას მოიცავს. მისი ბიუჯეტი მილიარდ ევროზე მეტია და შეიძლება ითქვას, რომ კონკურსის საფუძველზე ფინანსდება იდეის პროდუქტად ქცევისა და ამ პროდუქტის შეფუთვა-გაყიდვის პროცესის ყველა ეტაპი. 
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი Eurimages-ის, კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ევროპის საბჭოს ფონდის წევრობაა. ფონდი Eurimages 1988 წელს დაფუძნდა. დღეს ის 40-ამდე ევროპულ სახელმწიფოს მოიცავს და კინემატოგრაფის ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას ლობირებს. ეს არის: კოპროდუქციის მხარდაჭერა, დისტრიბუცია, კინოთეატრების განვითარება (რაც მათი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვას გულისხმობს) და ქსელის გაფართოება. პრიორიტეტია ე.წ. არამეინსტრიმული, საავტორო კინოს პოპულარიზაცია. ფონდმა, 2012 წლიდანდღემდე, ათი ქართული პროექტი დააფინანსა. მათზე გამოყოფილი ჯამური თანხა 2 მილიონ ევროზე მეტია.
საერთაშორისო თანამშრომლობა, ისევე,  როგორც კვლევები, ტრენინგები ან კინოხელოვნების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული პროექტები მნიშვნელოვანია. თუმცა, კინოცენტრის ძირითად და ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებას კინოწარმოების სუბსიდირება წარმოადგენს. ამავე დროს, ეს ძალიან მგრძნობიარე პროცესია, რომელიც, შეზღუდული დაფინანსების პირობებში, კინოსექტორის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის. 
კინოცენტრი პროექტების სუბსიდირებას კონკურსების საფუძველზე ახდენს. პროცესს სხვა სამართლებრივ აქტებთან ერთად, არეგულირებენ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო და საექსპერტო კომისიის დებულებები. 
საკონკურსო კატეგორიებია: ეროვნული ფილმის სცენარის შექმნა, პროექტის დამუშავება, ფილმის წარმოების დაფინანსება და  დისტრიბუცია. განაცხადი შეიძლება ეხებოდეს: სრულმეტრაჟიან მხატვრულ, მოკლემეტრაჟიან მხატვრულ, სადებიუტო, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს. 
კინოცენტრის კონკურსები ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ხდება პროექტის  შეფასება წარდგენილი მასალის მიხედვით. მეორე ე. წ. ფიჩინგია (Pitching), რაც კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაციასა და გასაუბრებას გულისხმობს. საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების შესახებ კინოცენტრი იღებს, საექსპეტო კომისიის დასკვნისა და იურიდიულ-ფინანსური ექსპერტიზის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაფინანსების ნაწილი ფილმის დაფინანსებაში არ უნდა აღემატებოდეს საერთო ხარჯთაღრიცხვის 75, ხოლო ფილმის გაქირავებისას დისტრიბუციის ხარჯების -50 პროცენტს. 
იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად კონკურსის გამოცხადება და საექსპერტო კომისიის შექმნა კინოცენტრის დირექტორის პრეროგატივაა, არც დირექტორი და არც კულტურის მინისტრი ან სფეროს რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი საკონკურსო კომისიების მუშაობაში არ მონაწილეობენ. ექსპერტების შერჩევის ოფიციალური კრიტერიუმები პროფესიული წარმატება, საქმიანი რეპუტაცია, კომპეტენციადანდობაა. საექსპერტო კომისიის დებულება განსაზღვრავს პროექტების შეფასების წესებსაც. კომისიის ყოველი წევრი იდეას ანიჭებს ქულებს 0-დან 10-ამდე. მათ პროექტის მხატრული და კომერციული ღირებულება უნდა გაითვალისწინონ და რეალიზების მიზნით, საუკეთესო კინოპროექტი გამოავლინონ.
საექსპერტო კომისიის დაკომპლექტებისა და პროექტების შეფასების წესის ეს ზოგადი ფორმულირებები უკვე წლებია კინოსექტორის არაერთი წარმომადგენლის პრეტენზიას იმსახურებს. პერიოდულად ისმის შენიშვნები დაფინანსების გაუმჭვირვალე სისტემის, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების, ნეპოტიზმისა თუ კომისიის წევრების ლოტოტრონის წესით შერჩევის გამო (დროებითი ზომა, რომელიც კომისიის მიუკერძოებელ დაკომპლექტებას ისახავდა მიზნად). 
ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობა ყოველთვის ღია იყო ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიისთვის და აცხადებდა, რომ არ ერევა კომისიების მუშაობაში, ხოლო ექსპერტების შერჩევა ხდება კინოსექტორის საუკეთესო წარმომადგენლებს შორის და დაცულია ბალანსი მათი ასაკის, ღირებულებების, გემოვნების გათვალისწინებით. ამ არგუმენტების მიუხედავად, მრავალწლიანი პოლემიკა დაფინანსების გამჭვირვალობის, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მოთხოვნით, ცხადჰყოფს, რომ სუბსიდირების ნაწილში რეგულაციები დასახვეწია. სასურველია, კომისიის დაკომპლექტების პრინციპების ინსტიტუციონალიზაცია, პროექტების შეფასების კრიტერიუმების დაწვრილებით გაწერა და გადაწყვეტილებების სიღრმისეული დასაბუთება. 
სახელმწიფომ კინოწარმოების ქვეყნის ეკონომიკური განვითრების ნაწილად გადაქცევა და კინოინდუსტრიის განვითარება კინოცენტრის შექმნისთანავე, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა. თუმცა, ამ მიზნის განსახორციელებელი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი-კინოინდუსტრიისთვის საგადასახადო შეღავათების სისტემა, უკანასკნელ პერიოდამდე არ შეუქმნია. მაშინ, როდესაც ქართულის ანალოგად მიჩნეული ფრანგული მოდელის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი კინოგაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზე დაწესებული გადასახადია. 
საფრანგეთში გადასახადი ყოველი გაყიდული ბილეთის 11 პროცენტს შეადგენს. დაბეგვრას ექვემდებარება უცხო ქვეყანაში წარმოებული ფილმები, სატელევიზიო და ინტერნეტპროდუქცია. მიღებულ თანხას საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრი განკარგავს. ფული ინდუსტრიას ადგილობრივ მწარმოებლებზე გაცემული გრანტების სახით უბრუნდება. ეს მექანიზმი წარმატებით უზრუნველჰყოფს პრიორიტეტული მიმართულებების წახალისებასა და კინოსექტორში თანხების რეინვესტირებას. 
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოეხმარება კინოსტუდიებს საბანკო კრედიტების მიღებაში საკრედიტო გარანტიების წარდგენით. ეროვნული კინოს მხარდაჭერის ეს მოდელი საფრანგეთში წელიწადში 200-ამდე ფილმის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. 
საერთაშორისო ბაზარზე მსხვილი სტუდიების მიზიდვის მსურველი ქვეყნები უკვე დიდი ხანია ერთმანეთს კონკრეტული შეღავათების დაწესებაში ეჯიბრებიან. ეს სახელმწიფოები ითვალისწინებენ კინოსექტორის ეფექტს ეკონომიკის სხვა დარგებზე, როგორიცაა ტურიზმი, რეგიონული განვითარება და სხვა. კინოწარმოებას ქვეყნის პოპულარიზაციის მისია ეკისრება.
2016 წლის დასაწყისში, კინოინდუსტრიის წახალისება სამთავრობო პროგრამის, ,,აწარმოე საქართველოში", ნაწილი გახდა. პროგრამა ,,გადაიღე საქართველოში" კინომწარმოებელთათვის საგადასახადო შეღავათის ერთ-ერთ ფორმას ნაღდი ფულის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც ფილმის გადასაღებად გაწეული კვალიფიციური ხარჯის (20 პროცენტი + 5 პროცენტი) მწარმოებლისთვის ანაზღაურებას გულისხმობს. სახელმწიფო პროგრამის მიზნად ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, უცხოური კინოწარმოების მოზიდვა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, ასევე აღმოსავლეთ ევროპის კინობაზარზე საქართველოს მიმზიდველ და კონკურეტუნარიან ქვეყნად გადაქცევა დასახელდა. 
ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა სამ ეტაპს მოიცავს: განაცხადის გაკეთება და დროებითი სერტიფიკატის მიღება. (წარმოების დაწყებამდე მინიმუმ 25, მაქსიმუმ 50 დღე). განაცხადი გულისხმობს: პროექტის სცენარს, გადაღებების განრიგს, წამოების მთლიან ბიუჯეტს, საქართველოს ტერიტორიაზე გასაწევი საწარმოო კვალიფიციური და არაკვალიფიციური ხარჯების დეტალურ ჩამონათვალს.
მეორე ეტაპი:
წარმოების დასრულების შემდეგ, აუდიტის საფუძველზე, საბოლოო სერტიფიკატის მიღება.
მესამე: ნაღდი ფულის უკან დაბრუნება. (საბოლოო სერტიფიკატის მიღებიდან, 30 დღე). 
ინიციატივის პოპულარიზაციის მიზნით, შეიქმნას სპეციალური ვებ-გვერდი filmingeorgia.ge, რომელიც საქართველოში ფილმის გადაღების მსურველ უცხოელ კინომეწარმეს ეროვნული კინოსექტორის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის და განაცხადის გაკეთების ელექტრონულ ფორმას სთავაზობს. 
შეღავათით უკვე ისარგებლა ხუთმა უცხოურმა კინოკომპანიამ. მათგან სამი - ინდური ფილმი, ერთი აშშ-ს, ერთიც გერმანულ-ფრანგულ-ქართული კოპროდუქციაა. ინვესტიციების საერთო მოცულობა 7,3 მლნ ლარზე მეტია, აქედან კვალიფიციური ხარჯი - 5,8 მლნ. გადაღებების პროცესში საქართველოს 650 მოქალაქე იყო ჩართული. 
კინოინდუსტრიაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ეს ფილმები მრავალმხრივი დატვირთვის პროექტებია. საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად სარგებელს ნახულობს არა მხოლოდ კინოწარმოება, კინოგანათლება, ქვეყნის ეკონომიკა ან ტურიზმის სფერო, არამედ ხარისხობრივად იცვლება კინოპროდუქცია. 
სწორედ, კოპროდუქციების სიმრავლემ მოუტანა საერთაშორისო წარმატება ახალ ქართულ კინოს, რადგან თანამედროვე კინემატოგრაფში,უმეტესწილად,სხვადასხვა კულტურის, კინოსკოლისა და გამოცდილების ხელოვანთა ერთობით იქმნება ყველაზე საინტერესო და ღირებული პროდუქცია. 

Facebook Share
უკან